გურია-დილა 2:0 - რომან პოკორას პირველი ქართული...

AutoSharing Option
მართლაც გასაოცარი გუნდია "გურია" - სეზონის სტარტზე შეკრებილებმა თითქმის ყველა იმ გუნდს მოუგეს, რომელსაც ამ სეზონში სერიოზული პრეტენზია უნდა ჰქონდეს. თანაც, ამას ისე აკეთებენ, რომ საშინაო არენაზე ჯერაც არ უთამაშიათ.

განსაკუთრებით "ჩელე არენა" დასცადეს გურულებმა კარგად - თბილისის "დინამოსა" და "მეტალურგს" ახლა "დილაც" მიაყოლეს და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წაგებულ საგარეო შეხვედრებშიც არ დაუტოვებიათ ცუდი შთაბეჭდილება, ამ გუნდს ექვსეულში მოხვედრაზე მეტი პრეტენზიაც უნდა ჰქონდეს.

უკვე მატჩის დასაწყისში უნდა გაეხსნათ "მასპინძლებს" ანგარიში, როცა მე-5 წუთზე კუკულაძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა - გურულთა
კაპიტანი რატომღაც რევიშვილს იმ დისტანციაზე მიუახლოვდა, ამ უკანასკნელმა ხიფათის განმუხტვა იოლად, თუმცა მაღალი ოსტატობის ხარჯზე მოახერხა.

Sportall.Geამას ტაიმის შუაში გორელებმა უპასუხეს მეტად სახიფათო შეტევით - საჯარიმოში მყოფ აბურჯანიას უკეთ დარტყმაც მართებდა, მაგრამ ეს არ აკნინებს ბობღიაშვილის თავგანწირულ თამაშს - იქვე გორელთაგან დამმატებელი არავინ აღმოჩნდა.

რამდენიმე წუთში უკვე "დილა" გადარჩა - კუკულაძის ჩაწოდებულზე ისიანის თავური ძელმა ისე მოიგერია, რევიშვილმა ბურთს მხოლოდ თვალი გააყოლა. იქვე მოდებაძემ, რომელიც მეტად აქტიურობდა (მაგრამ უფრო ბურთის მიღებითა და "შენახვით" იყო დაკავებული და მთავარი მოვალეობის შესასრულებლად თანაგუნდელები ვერ ეშველებოდნენ), საჯარიმოს მისადგომებიდან სცადა გატანა, მაგრამ ხარიხას გადააცილა.

გაცილებით უკეთესი გამოდგა მეორე ტაიმი. როგორც ჩანს, "გურია" არა მხოლოდ ავტორიტეტთა რისხვად იქცა, ეს გუნდი ყველა საშინაო შეხვედრაში გამარჯვებისკენ საოცარ სწრაფვას ავლენს და მეორე ნახევარს გაცილებით უკეთ ატარებს.

ასე იყო ამჯერადაც. 56-ე წუთზე, კუთხურის შემდეგ, ისიანს ჰქონდა კარგი შანსი, მაგრამ კარს ცოტათი ააცილა. ხუთიოდ წუთში მანვე სწრაფი კონტრშეტევის დაგვირგვინება სცადა, მაგრამ ოდნავ იჩქარა და არცთუ ძლიერად დარტყმული რევიშვილის იოლი ნადავლი გახდა.

რამდენიმე ხიფათი გორელებმაც შექმნეს: მაისურაძემ ერთხელ გორელიშვილის მიერ წამოწყებული კონტრშეტევისას ბურთი კარს ააცილა, მეორედ კი მის დარტყმას მცველები გადაეღობნენ და უკვე რიკოშეტით წასული ბურთი კუთხურზე გადავიდა. ერთხელ ფილიევიც ურტყამდა სახიფათოდ...

სამაგიეროდ, შედეგიანი გამოდგა "გურიის" შემდგომი შეტევა - თითქოს უწყინარ სიტუაციაში მარცხენა ფლანგზე საჯარიმოს კუთხესთან ბურთი შალამბერიძეს მიუვიდა, გურულთა ფლანგელმა ახლო კუთხისკენ "გაისროლა", რასაც თითქოს რევიშვილისთვის პრობლემა არ უნდა შეექმნა, მაგრამ მეკარეს ნახტომი დაუგვიანდა და ბურთი ბადეში აღმოჩნდა - 1:0.

სულ რაღაც ხუთიოდ წუთში შალამბერიძე უკეთესი სიტუაციიდან ურტყამდა, მაგრამ კარს ააცილა. კიდევ ხუთ წუთში მას უკვე კოშკაძე გაჰყავდა რევიშვილთან პირისპირ, მაგრამ გურულთა შემტევს მეკარემ დაასწრო.

ალეკომ მაინც გაიტანა და მისი ასისტენტობა კვლავ შალამბერიძემ იკისრა - "დილას" იმედი, მატჩი გადაერჩინა, მე-80 წუთზე გადაიწურა.

თუმცა ამ გოლამდე ორჯერ ჰქონდათ სტუმრებს გაქვითვის შანსი - პირველად ალადაშვილის საჯარიმოს შემდეგ, რომელიც კარისკენ სახიფათოდ წავიდა, და მეორედ 72-ე წუთზე - ქვილითაიას უძლიერესად დარტყმული მეკარემ მოიგერია, ხოლო დამატებაზე "გურია" იობაშვილის თავგანწირვამ გადაარჩინა.

მას შემდეგ კი, რაც მეორე გოლი გაუშვეს, აშკარა იყო, გორელები მატჩის შემომტრიალებლები არ იყვნენ. მეტიც, 82-ე წუთზე მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა - ჩუენსუ ბურთის აუტზე გატარებას ლამობდა, როცა ღონღაძეს ნერვებმა უმტყუნა და კამერუნელს ფეხებში ჩაარტყა.

არბიტრმა დავით ხარიტონაშვილმა, რომელმაც მატჩი, ფაქტობრივად, უშეცდომოდ განსაჯა, მობურთალს წითელი ბარათი აუფრიალა.

ამის შემდეგ "გურიას" მესამე გოლის გატანაც შეეძლო, როცა შენგელიას გადაცემის შემდეგ ისიანის თავური ძელმა მეორედ მოიგერია.

საბოლოოდ, 2:0 და რომან პოკორამ პირველი "ქართული" გამარჯვება იზეიმა.

ასევე აღსანიშნავია, რომ "ჩელე არენაზე" "გურიის" ფანკლუბის მაისურების პრეზენტაციაც მოხდა - ქომაგებმა ამჯერადაც დიდი წვლილი შეიტანეს გამარჯვებაში და გორელებს ისიც ათქმევინეს - ამათი ქომაგობის შემყურე, ლანჩხუთში სტუმრობა ხუმრობა ნაღდად არავის ეგონოსო.

მატჩის შემდეგ
რომან პოკორა ("გურიის" მთავარი მწვრთნელი):
"ალბათ, არ ვიქნები ტენდენციური, თუ ვიტყვი, რომ დღეს მოგება "გურიამ" უფრო დაიმსახურა - ჩემი გუნდი უფრო მონდომებული ჩანდა. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ხელოვნურ საფარზე არ ვვარჯიშობთ. ეგ კი არა, წყალი გვიდგას მოედანზე, სადაც მზადება მიდის.

ქობულეთის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ 3 ნოემბრიდან უკვე ლანჩხუთში ვითამაშებთ და ეს დამატებითი უპირატესობა იქნება. ამ ეტაპზე ჩვენი მიზანია ექვსეულში მოხვედრა, მერე კი - ვნახოთ".


გიორგი ტუღუში ("დილას" მწვრთნელი):
"უპირველესად, მივულოცავ "გურიას" წარმატებას. ვიცოდით, მეტოქე კონტრშეტევაზე ითამაშებდა და ამისთვის მზადაც ვიყავით. ბურთსაც ვაკონტროლებდით, თუმცა უხეში შეცდომის გამო გოლი მივიღეთ.

მერე უკვე ვა-ბანკზე წასვლა მოგვიხდა და სამწუხაროდ, ისევ აქეთ გავუშვით.

ჩვენი მთავარი მწვრთნელი ახალ სისტემას ამუშავებს და ამას, მოგეხსენებათ, დრო სჭირდება. შევეცდებით, მომდევნო ტურში გავახაროთ გორელი გულშემატკივარი".


ბომბარდირები:
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
დ. გოგა (დინამო (თბ) 6
ი. მოდებაძე (დილა) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 4
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 4
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 4
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4

IX ტური
20 ოქტომბერი, კვირა
დინამო-ჩიხურა
მეტალურგი-მერანი
დილა-ზუგდიდი
სპარტაკი-გურია
ტორპედო-სიონი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
სპონსორი ჰერივით ჭირება გუროას და გურულებს
viva guriaaaaaa
14:18 07-10-2013
0
რეებს აკეებთ რა უბედურებაა ვერ გამიგია, მოიყვანეთ წესიერი ფეხბურტელები იანვრიდან და გაუშვით ის ხალხი ვინც პენსიასავით იღებს 2000-3000 ლარებს
bibo
13:44 07-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული