ფეხბურთში ფული და პირობები ძალიან ბევრს ნიშნავს, მაგრამ არის კიდევ სხვა ნიუანსები, რომლებიც "ვიტ ჯორჯიამ" გამოიყენა და რუსთავის "მეტალურგს" ბდღვირი ადინა.
საქართველოს ჩემპიონატის კვალობაზე, ტემპი მაღალი გამოდგა, სწრაფი თამაში კი უფრო "ვიტ ჯორჯიას" აძლევდა ხელს - ამ გუნდის კოზირი მოძრაობა და ახალგაზრდული ჟინია, კიდევ - ცალკეული ფეხბურთელების ოსტატობა.
პირველ ტაიმში მასპინძელმა სამი ბურთი რომ გაუტანა "მეტალურგს", სავსებით
...ნიკა სიჭინავამ საჯარიმოს მისადგომთან მიიღო ბურთი, შემდეგ კიდევ უფრო წინ გაიჭრა და ახლო კუთხეში გაუტანა "ვიტ ჯორჯიას" ყოფილ მეკარე გრიგოლ ბედიაშვილს.
"მეტალურგმა" მალევე მოინდომა ანგარიშის გათანაბრება - გოგი ფიფიამ ჯარიმა ისე ჩააწოდა, რომ ნიკა დაუშვილის მიერ მოგერიებულ ბურთს ლაშა ჯაფარიძე დახვდა, რომლის თავური ძელმა აისხლიტა.
რუსთაველები გოლის გატანას კი ცდილობდნენ, მაგრამ "ვიტ ჯორჯიამ" სტუმრები კონტრშეტევაზე გამოიჭირა და უპირატესობაც გაზარდა - სიჭინავას გადაცემას ელგუჯა ლობჯანიძე დახვდა, დამაგვირგვინებელი დარტყმა კი გიორგი კორიფაძის ნადავლი შეიქნა.
აქედან ცოტა ხანში "მეტალურგი" მორიგ გოლს გადაურჩა - სიჭინავამ ისეთი ტრაექტორია მისცა ბურთს, რომ ხარიხამ აისხლიტა. ვიტელთა მესამე გოლი გიორგი ჯანელიძის ჩაუქობას მოჰყვა - ის ორ მეტოქეს დაუსხლტა, მერე ლობჯანიძეს გადააწოდა ბურთი და მასპინძელთა ცენტრფორვარდმაც ყველაფერი ფრიადზე შეასრულა - 3:0.
ტაიმის მიწურულს რევაზ გეწაძემ ჩააწოდა ფლანგიდან, დავით საჯაიამ რიგიანად შეასრულა ყველაფერი და "მეტალურგი" გასახდელისკენ ისე გავიდა, რომ თამაშის შემობრუნების იმედი შერჩენილი ჰქონდა.
...მაგრამ მეორე ტაიმში "მეტალურგმა" მასპინძელთა კართან ზეწოლა დიდად ვერ გააძლიერა, თუმცა ლაშა ჯაფარიძემ მარჯვნიდან რომ ჩააწოდა, ოთარ ჯავაშვილს ბურთი ხელზე მოხვდა - პენალტი უზადოდ შეასრულა ლუკა რაზმაძემ.
ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე რომ დავიდა, ამან თითქოს მხნეობა შემატა "მეტალურგს". მოედანზე ვითარება დაიძაბა. ფიფიას ჰქონდა კარგი შესაძლებლობა, როცა მოხდენილად გააბითურა მცველი, ცაციათი დაარტყა და ბურთი ძელს შეაწყვიტა.
ეს ეპიზოდი გარდამტეხი აღმოჩნდა. ამის შემდეგ "ვიტ ჯორჯიას" უფრო კარგად წაუვიდა კონტრშეტევები და კიდევ ორი გოლი უთავაზა მოწინააღმდეგეს - ჯანელიძემ მცველი ჩამოიცილა, კარიდან გამოსულ ბედიაშვილთან ორთაბრძოლაში არ შევიდა და გამოზომილი პასით ცარიელ კარში გაატანინა კორიფაძეს, მერე კი ამ უკანასკნელმა მარჯვნიდან ჩააბზრიალა ბურთი "მეტალურგის" საჯარიმოში და ლობჯანიძემ თავურით ვარდნაში დასვა წერტილი.
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
დ. გოგა (დინამო (თბ) 6
ი. მოდებაძე (დილა) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 4
გ. კორიფაძე (ვიტ ჯორჯია) 4
ე. ლობჯანიძე (ვიტ ჯორჯია) 4
ი. ქობალია (ზესტაფონი) 4
IX ტური
20 ოქტომბერი, კვირა
დინამო-ჩიხურა
მეტალურგი-მერანი
დილა-ზუგდიდი
სპარტაკი-გურია
ტორპედო-სიონი
ზესტაფონი-ვიტ ჯორჯია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"