უცხოელ ინვესტორს ქობულეთშიც ელიან - "შუქურა" უამღლეს ლიგას უმიზნებს

AutoSharing Option
წელს პირველ ლიგაში აჭარის ხუთი წარმომადგენელი გამოდის - ბათუმის "დინამო", ქობულეთის "შუქურა", ხელვაჩაურის "მაჭახელა", ქედის "ბეთლემი" და ბათუმის "ადელი".

მათ შორის, ყველაზე დიდი ამბიცია ბათუმის დინამოელებსა და "შუქურას" აქვთ. ისინი ტრადიციული კლუბებიც არიან...

2012 წელი ქობულეთის "შუქურასთვის" მნიშვნელოვანი გამოდგა: განაახლეს სტადიონი, ხელოვნურსაფარიანი მოედანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დააგო, მოაწყვეს 4300-ადგილიანი ტრიბუნები და ცნობილი ფეხბურთელის, რევაზ ჩელებაძის საპატივსაცემოდ, "ჩელე არენა" უწოდეს (მას ხომ გულშემატკივრები სწორედ ასე ეძახდნენ).

სტადიონის მთლიანი რეკონსტრუქციაც თითქმის დასრულებულია, გასახდელები მოწესრიგდა, დასამთავრებელია პრესლოჟა...

შარშანვე, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, გუნდი პირველ
ლიგას დაუბრუნდა. ამჟამად, კლუბის პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძეა, მთავარი მწვრთნელი - ასლან ბალაძე. დღეს "ჩელე არენა" იმდენად კომფორტული და კეთილმოწყობილია, უმაღლესი ლიგის ბევრ სტადიონს სჯობია. ამიტომაც არის, საკუთარი სტადიონის რეკონსტრუქციამდე, ლანჩხუთის "გურია" ქობულეთს რომ სტუმრობს...

თუმცა ქობულეთელები იმედოვნებენ, რომ მალე "ჩელე არენაზე" უმაღლესი ლიგის გუნდებს თავად უმასპინძლებენ. მართალია, პირველი ლიგის A ზონაში ქობულეთის "შუქურა" ჯერ მხოლოდ მე-6 ადგილზეა, მაგრამ დაწინაურების იმედი არ დაუკარგავს და, რაც მთავარია, შემადგენლობითა და ღონიერი ბიუჯეტით, უდავო ფავორიტებს შორისაა.

"შუქურას" მთავარი მწვრთნელი ასლან ბალაძე ამბობს:

Sportall.Ge"ქობულეთში ფეხბურთი უყვართ, საკმაოდ კარგი სკოლაა და "შუქურაც" ტრადიციული გუნდია. ჩვენთან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი გაზრდილა. მაგრამ გასულ რვა წელიწადში, ფაქტობრივად, ქობულეთში ფეხბურთი ჩამკვდარი იყო. წარმოშობით ქობულეთელები ვართ მეც და ჩელებაძეც.

"შუქურა" შარშან ზაფხულში ჩავიბარეთ. ახლა კლუბის აღორძინებას ერთობლივად ვცდილობთ. საკმაოდ კარგი შემადგენლობა შევკრიბეთ. მაგალითად, მშობლიურ გუნდს დაუბრუნდა მიხეილ კაკალაძე, რომელსაც უმაღლეს ლიგასა და ევროთასებზე ასპარეზობის დიდი გამოცდილება აქვს.

გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდები - გიორგი ჩელებაძე, ავთანდილ ბრაჭული, ლევან ელიზბარაშვილი, მინდია ფუტკარაძე, აჩიკო ბაჯელიძე, ზურაბ მალანია, ნოდარ მაჭავარიანი... თითოეულ მათგანს ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია.

ჩელებაძე რუსეთის პირველი ლიგის ვორონეჟის "ფაკელში" თამაშობდა, ყაზანის "რუბინი 2-დან" მოვიდა ახალგაზრდული ნაკრების წევრობის კანდიდატი ავთანდილ ბრაჭული; ჩვენთან აგრძელებს კარიერას რუსეთში ნათამაშები ვლადიმერ შეროზია, რომელსაც არმავირის "ტორპედოსა" და სმოლენსკის "დნეპრში" უასპარეზია".


ქობულეთელთა მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდს საკმაოდ კარგად აფინანსებენ:

"ადგილობრივი მუნიციპალიტეტი კლუბს კარგად აფინანსებს. წლის დასაწყისში ჩვენი ბიუჯეტი 500 ათასი ლარი იყო, ახლა კიდევ 300 ათასს გვპირდებიან. პირველი ლიგის გუნდისთვის ეს მშვენიერი ბიუჯეტია.

გუნდს აქვს გამართული ინფრასტრუქტურა - სტადიონის რეკონსტრუქცია მალე დასრულდება. გეგმაშია ტრიბუნების გადახურვა და 900-ლუქსიანი განათების სისტემის დამონტაჟება. რეალურია ბობოყვათში ბაზის მშენებლობაც.

გარდა ამისა, ქობულეთში ორი საფეხბურთო სკოლა ფუნქციონირებს, მოედანი არის დაბა ოჩხამურშიც, სადაც ბავშვები იზრდებიან...

გუნდის წარმატებისთვის აუცილებელი ეს სამი წინაპირობა ძალიან გვაიმედებს. "შუქურა" ჯერ ჩამოყალიბების პროცესშია, მაგრამ მიზანი უმაღლეს ლიგაში გადასვლა და საფეხბურთო ელიტაში დამკვიდრებაა.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის პოტენციალის კარგად ათვისებით, უმაღლეს ლიგაში აჭარის ორი გუნდით წარდგენა სავსებით რეალურია".

ბალაძემ გაგვიმხილა, რომ კერძო ინვესტიციების მოზიდვაზეც მუშაობენ:

"ფინანსების მოზიდვაზე კარგად მუშაობს ჩვენი კლუბის პრეზიდენტი რევაზ ჩელებაძე. სერიოზული იმედი გვაქვს, რომ მალე "შუქურას" პარტნიორი ძლიერი უცხოელი ბიზნესმენი გახდება".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ქობულეთის 'შუქურას ' მთავარი მწვრთნელი ვალერიან ჩხარტიშვილია !
luka
19:27 13-10-2013
0
ერტი ტქვენი *** არგაიშვა
seztafoni
04:25 14-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული