ტორპედო-სიონი 1:1 - ქულა ხუთი მცველით [VIDEO]

AutoSharing Option
"ლეგენდა უკვდავია - ვალერი აბრამიძე 22!" - ასეთი ბანერით დახვდა ქუთაისელი გულშემატკივარი თავის ძველ ნაცნობს, "ტორპედოს" ყოფილ ფეხბურთელს, რომელიც ამ გუნდში 2000-02 წლებში, 22-ნომრიანი მაისურით თამაშობდა.

ქუთათურებს მისი თავდადებული ფეხბურთი არ დავიწყებიათ და მადლიერებაც გამოხატეს.

ქუთაისელებმა ერთ-ერთ აუტსაიდერს რომ ვერ მოუგეს, "სიონის" მთავარი მწვრთნელის, გიორგი კიკნაძის ტაქტიკის შედეგი გახლდათ. მან დაცვაში ერთდროულად ხუთი მცველი დააყენა - ცენტრში დავით სვანიძე, ვალერი აბრამიძე და ლაშა თოთაძე, ხოლო ფლანგებზე დაჩი ფოფხაძე და ალეკო გოგობერიშვილი, რომლებსაც ნახევარდაცვის დახმარებაც ევალებოდათ, მაგრამ უმეტეს დროს საკუთარ ნახევარზე
ატარებდნენ.

ბოლნისელთა გამოცდილი ნახევარმცველები - დავით იმედაშვილი, თორნიკე აფციაური და ირაკლი სამხარაძე ფორმაში შედიან, პლუს, ახალგაზრდა ლაშა პარუნაშვილი და მოძრავი თავდამსხმელი გიორგი კახელიშვილი - ისინი აზრიანად თამაშობდნენ, ბურთს აკონტროლებდნენ და სწორედ ამან განაპირობა, ერთ-ერთმა აუტსაიდერმა ქუთაისში სენსაციური ქულა რომ მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

Sportall.Geქუთაისელები ზედმეტი თავდაჯერებულობისთვის დაისაჯნენ. მასპინძლები ჯერ კიდევ მე-10 წუთზე ანერვიულდნენ, როცა აფციაურის კუთხურის შემდეგ ბურთი კარში სვანიძემ გააგზავნა, მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ კი საიმედოდ ითამაშა.

25-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს. ფლანგიდან წამოწყებული კომბინაცია მცველმა ჩაშალა, მაგრამ ბურთი ცუდად მოიგერია და საჯარიმოში სამხარაძეს ჩააბარა, ამან კი ულამაზესი მოჭრილი დარტყმით "სიონი" წინ გაიყვანა - 0:1.

ქუთაისელებს მეტოქის საჯარიმომდე მიღწევა უჭირდათ. მათი დამრიგებელი ჟერარდ სარაგოსა მიხვდა, რომ "ტორპედოს" საქმე ვერ იყო კარგად და თავდამსხმელ გიორგი ფანცულაიასა და მარცხენა ფლანგის შემტევ ნიკა საბანაძეს პოზიციები შეუცვალა.

ქუთაისელები ოდნავ გააქტიურდნენ, შეტევები გააძლიერეს და ტაიმის ბოლოს მიზანს მიაღწიეს - გიორგი კუხიანიძემ საჯარიმოში საბანაძე მოძებნა, რომელმაც ახლო მანძილიდან ბურთი თავურით კარში გაგზავნა - 1:1.

ზუსტად ერთ წუთში "ტორპედოს" დაწინაურება ფანცულაიას შეეძლო - საჯარიმოსთან მცველი მოძრაობაზე დაიჭირა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე მირზა მერლანს ვერ აჯობა.

უფრო რეალური მომენტი 42-ე წუთზე კახელიშვილს ჰქონდა - ის მეკარესთან პირისპირ დატოვეს, მაგრამ ქვილითაიამ კვლავ საუცხოო რეაქცია გამოავლინა.

მეორე ტაიმი დაძაბულად და საკმაოდ მაღალ ტემპში წარიმართა. შეტევების გასაძლიერებლად ამჯერად სარაგოსამ საყრდენი გიორგი გოროზია თავდამსხმელ დავით ჯიქიათი შეცვალა, თუმცა "სიონი" კვლავ მწარედ "იკბინებოდა" და რამდენჯერმე დაწინაურებაც შეეძლო. განსაკუთრებით მწვავე გამოდგა 62-ე წუთზე კახელიშვილის მიერ მარცხენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევა, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში საჯარიმოში მარტო დარჩენილმა აფციაურმა ბურთი კარს ააცილა.

ანალოგიური 69-ე წუთზეც მოხდა - ისევ კახელიშვილის პასი და აფციაური ამჯერად მეკარესთან პირისპირ რჩება - კვლავ არაზუსტი დარტყმა.

ერთი წუთით ადრე კი ფანცულაია "სიონის" საჯარიმოში მცველს გასცდა და ახლო მანძილიდან მიზანს ააცილა. მატჩის მიწურულს "ტორპედომ" შტურმის მოწყობა სცადა და დაცვის მოშიშვლებისთვის კინაღამ თავად დაისაჯა: სწრაფი კონტრშეტევის შედეგად 3 ტორპედოელი მცველი 5 სიონელის წინაშე აღმოჩნდა. კარის წინ ბურთი გიორგი განუგრავასა და ზვიად ლობჯანიძეს მიუგორდათ, რომლებმაც ერთმანეთს ხელი შეუშალეს და ასე გაანიავეს ხელსაყრელი სიტუაცია.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 7
ი. მოდებაძე (დილა) 6
დ. გოგა (დინამო, თბ) 6

X ტური
26 ოქტომბერი, შაბათი
ჩიხურა-გურია
ზუგდიდი-სპარტაკი
ვიტ ჯორჯია-დილა
მერანი-ზესტაფონი
სიონი-მეტალურგი
დინამო-ტორპედო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული