აქტუალური საკითხი: ტენდენცია ანაქრონიზმისკენ?

AutoSharing Option
სანდო და სერიოზული წყაროსგან ასეთი ამბავი შევიტყვეთ - მარტვილის "მერანი" საკონტროლო პაკეტის 51 პროცენტს ადგილობრივ მუნიციპალიტეტს გადასცემს და, შესაბამისად, კერძო კლუბის სტატუსსაც დაემშვიდობება.

დამაფიქრებელი ამბავია, რადგან ქართულ საკლუბო ფეხბურთს წინსვლისთვის კერძო სტრუქტურის მოღონიერება სჭირდება, პროცესი კი პირიქით მიდის.

"დინამო", "ტორპედო", "ზესტაფონი", "ჩიხურა", "მეტალურგი" და "ვიტ ჯორჯია" - უმაღლეს ლიგაში კერძო კლუბების რაოდენობა ექვსამდე რომ მცირდება, ვერ უნდა იყოს კარგი საქმე.

"მერანი" არ ყოფილა მოწინავეთა შორის, თუმცა არაერთი ლიდერი გაუმწარებია. "მერანში" დაწინაურდა საინტერესო ახალგაზრდა მწვრთნელი მალხაზ ჟვანია, ანუ ამ კერძო კლუბმა
სასარგებლო რაღაცები მართლა გააკეთა და თუ მინდორი არ უვარგოდა, ამ პრობლემის გადაწყვეტა უსაშველო ნამდვილად არ იყო.

მთავარი ის არის, თუ რა ტენდენცია შეიქმნება. კერძო კლუბების რაოდენობის შემცირება კარგს არაფერს მოუტანს ქართულ ფეხბურთს. გასაგებია, რომ ქვეყანაში სხვა უამრავი პრობლემაა, მაგრამ თუ საკლუბო ფეხბურთს დროზე არ მიეხედა, ნაკრებ გუნდებსაც გაუუარესდებათ საქმე.

რა გახდა დახმარება კერძო კლუბებისთვის? რატომ ჭიანურდება დაპირებების შესრულება?

მე მაინც მგონია, რომ ჩვენს ქვეყანას ახლა სულის მოთქმის პერიოდი აქვს. არა - დაპირისპირებებს! არა - ომს! არა - ძალადობას და არა - სიყალბეს! თუ ეს ყველაფერი მართლა შესრულდება, საკლუბო ფეხბურთიც გამოიხედავს თვალებში - ასე მგონია და იმედია, ასეც იქნება.

მანამდე კი დრო ჩვენი ფეხბურთის სასიკეთოდ ვერ მუშაობს. მუნიციპალური თუ უწყებრივი კლუბების შექმნა-დაწინაურება ანაქრონიზმი უფროა, ვიდრე რთული მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება.

საქმეს მხოლოდ სპორტის მინისტრის მონდომება ვერ უშველის. ეს ის საკითხია, რომელიც მხოლოდ მის დონეზე ვერ გადაწყდება.

ჯერ არ ვიცით, რამდენად უყვართ ფეხბურთი საქართველოს ახალ პრეზიდენტსა და ახალ პრემიერს, თუმცა აქ მხოლოდ სიყვარულში არ უნდა იყოს საქმე - ფეხბურთი ეროვნული საკითხია, ის პრიორიტეტი, რომელიც წლების წინ უკვე განისაზღვრა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული