სპარტაკი-მერანი 1:0 - შონიას ყუმბარა ჰქონია

AutoSharing Option
კახა კაჭარავას მიერ გაწვრთნილმა ცხინვალის "სპარტაკმა" მიჯრით მეორე შეხვედრა მოიგო. მცხეთაში მოვლენები დრამატულად განვითარდა, სპარტაკელებმა გამარჯვების გოლი ბოლო წუთზე გაიტანეს და ღირსეულად გაიმარჯვეს.

თუმცა თამაში ისეთი იყო, წაგებისთვის ვერც ერთ გუნდს ვერ გაიმეტებდით. პირველ ტაიმში მცირე უპირატესობას "სპარტაკი" ფლობდა, თუმცა, რასაც საგოლე მომენტი ჰქვია, ასეთი არ შეუქმნია.

გამოსარჩევი იყო ეპიზოდი, როცა გიორგი თექთურმანიძემ მარცხენა ფლანგზე ორი მეტოქე მოხდენილად ჩამოიცილა და კარის გასწვრივ ისე გაგზავნა ბურთი, ვინმეს ფეხი რომ დაეხვედრებინა, კარს ვერ ააცილებდა, თუმცა გადაცემას ვერავინ "გამოეხმაურა".

ცოტა ხანში ლაშა ჩაფიძემ
მოინდომა ბურთის "ცხრიანში" მოთავსება. ჩანაფიქრი კარგი იყო, ხვეული დარტყმით გადაავლო ბურთი მარტვილელთა მეკარეს, თუმცა სიზუსტე დააკლდა.

Sportall.Ge"მერანსაც" ჰქონდა შანსი, როცა სპარტაკელთა საჯარიმოში მყოფმა ირაკლი ქათამაძემ ძლიერად ვერ დაარტყა და გიორგი ნადირაძემაც იოლად მოიგდო ბურთი ხელებში.

მეორე ტაიმის დასაწყისი უკვე "მერანის" იყო. მარტვილელებმა აგრესიასა და ტემპს მოუმატეს. ჯერ ლევან გეგეჭკორის თავური ასცდა მიზანს, მერე კი ლაშა კუჭუხიძემ ვერ შეაგება ბურთს ზუსტად თავი. მწვავე ეპიზოდები ამა თუ იმ კართან იშვიათად იქმნებოდა, მოედნის ცენტრში კი უშეღავათო, ხისტი და აგრესიული ბრძოლა იყო.

საგოლე მომენტი "სპარტაკმა" შექმნა: თექთურმანიძის მონაგრებული ჯარიმა ჩაფიძემ ჩააწოდა, თემურ შონიამ ახლოდან ღონიერი თავური უთავაზა, მაგრამ "მერანის" მეკარე ჯონი შეროზიამ პატარა სასწაული გვიჩვენა და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის ბოლო წუთებიც დაძაბული გამოდგა. თამაშის გახსნას არც ერთი გუნდი არ აპირებდა, თუმცა ფრესთან შეგუებაც არ უნდოდათ.

და აი, ზვიად მეტრეველმა თავით დაუგდო ბურთი სპარტაკელთა კაპიტან შონიას, რომელმაც 18-იოდე მეტრიდან შეუჩერებლად "დააქუხა" და ბურთი ბადეში გაახვია.

ამ სეზონში შონია პირველად როდი გამოირჩა შორეული, ეფექტური საგოლე დარტყმით - თასის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში ქუთაისის "ტორპედოს" დაახლოებით 25 მეტრიდან გაუტანა გოლი ზუსტად ისეთ სტილში, როგორც ეს "მერანთან" მოახერხა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული