უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

AutoSharing Option
...საჯაროდ თუ კულუარებში ყველასაგან იმას გაიგონებთ - რაც დრო გადის, ჩვენი ჩემპიონატის დონე ეცემაო. ამ მხრივ კი, გამონაკლისი არც მიმდინარე სეზონია, თუმცა ამ ჩემპიონატს რაც ნამდვილად არ აკლია, დაძაბულობა და ინტრიგაა!

აი, თუნდაც გასული ტურის პერიპეტიები გავიხსენოთ - ორი მართლაც გამორჩეული მატჩი ჩატარდა: ერთგან ერთობ მოულოდნელი (გნებავთ - უცნაური) შედეგი დაფიქსირდა, ერთგან კვანძი ბოლო წუთზე გაიხსნა, ერთი გუნდი კი კვლავაც აგრძელებს თავისი ქომაგების გახარებასა თუ სხვების გაოცებას...

ეს უკვე კანონზომიერებაა!
გასულ ტურში ორი ისეთი მატჩი იყო, წესითა და რიგით, ჩვენი
მიმოხილვა "მეტალურგი"-"ტორპედოს" ან "ზესტაფონი"-"დინამოს" დაპირისპირებით უნდა დაგვეწყო. თუმცა ამჯერად არჩევანი სხვა შეხვედრაზე შევაჩერეთ: "გურიამ" ზედიზედ მე-6 საშინაო მატჩი მოიგო (მსგავსი შედეგი მხოლოდ "დინამოს" აქვს) და მესამე ადგილზე აინაცვლა!

არადა, იმ გუნდზეა ლაპარაკი, სეზონის დაწყების წინ ყველა რომ ერთადერთ მიზანს უწინასწარმეტყველებდა - უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას. თუმცა, უკვე მეორე წრე დაიწყო და ლანჩხუთელთა გუნდი ზედა ექვსეულში კი არა, სულაც პირველ სამეულში იმყოფება!

...ბოლო ტურში "გურიამ" ისეთი თამაში შემოატრიალა, თავდაპირველად რომ აგებდა: პირველი ტაიმი ახალგაზრდულმა "ვიტ ჯორჯიამ" (ძირითადი შემადგენლობის ორი მცველი, გურამ ადამაძე და გიორგი მჭედლიშვილი რომ აკლდა) 20 წლის ოთარ ჯავაშვილის გოლით მოიგო.

თუმცა, ვერც "ვეტერინარებმა" შეძლეს ლანჩხუთელთა საოცარი საშინაო სერიის შეწყვეტა: "გურიას" ახალწვეულმა, 22 წლის ვილი ისიანმა სეზონში მეხუთე გოლით ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი 30 წლის მცველ-გოლეადორის, თენგიზ ჩიკვილაძის ჯერიც დადგა - მისმა ზუსტმა დარტყმამ "გურია"... მესამე ადგილზე აღაზევა!

უკომპრომისო ტური
წინა მიმოხილვებში ხშირად აღვნიშნავდით გაზრდილ შედეგიანობას, თუმცა XI ტურში ლამის სეზონის ანტირეკორდი დამყარდა - ექვს მატჩში 11 გოლი გავიდა. თუმცა ისეთი წყვილები იყო, არც უნდა გვქონოდა უხვგოლიანობის იმედი.

სამაგიეროდ, ამ მართლაც თანაბარ წყვილებში (ერთი-ორის გარდა, დანარჩენი წყვილები ასეთად მიგვაჩნდა) არც ერთი საყაიმო ანგარიში არ დაფიქსირებულა!

საერთოდ კი, რაც ჩემპიონატი დაიწყო, ეს უკვე მეოთხე შემთხვევაა (IV, V და VIII ტურების მსგავსად), არც ერთი მატჩი ფრედ რომ არ დამთავრებულა!

ბომბარდირთა დავა
ბოლო წლებში ჩვენთან ერთგვარ ტენდენციასავით შეინიშნებოდა: ესა თუ ის ფეხბურთელი საწყისი ტურებიდანვე დაწინაურდებოდა გოლეადორთა დავაში და ბოლოს სეზონის საუკეთესო ბომბარდირიც ხდებოდა. ასე იყო წინა სეზონში (ჩისკოს შემთხვევაში), იმის წინ (ჯაბა დვალი) და ასე შემდეგ.

ამ სეზონში კი დღესდღეობით ვერავინ იტყვის, ვინ არის საუკეთესო ბომბარდირობის ნომერ პირველი ფავორიტი, თანაც, ამჟამად ხომ "ორხელისუფლებიანობაა": 30 წლის დიმიტრი ტატანაშვილმა ჩემპიონატში მე-9 გოლი გაიტანა და ირაკლი მოდებაძეს გაუთანაბრდა.

არადა, "დილას" გამოცდილ ფორვარდს ჩინებული შანსი ჰქონდა, კვლავაც ერთპიროვნული ლიდერი ყოფილიყო ბომბარდირთა დავაში, მაგრამ... 29 წლის მოდებაძემ "სიონთან" მატჩში პენალტი ვერ გამოიყენა.

ისე, ტატანაშვილი სულ მალე გააუმჯობესებს საკუთარ რეკორდსაც. 2011/12 წლების სეზონში "მეტალურგის" მაისურით ჩემპიონატში 12 გოლი გაიტანა, ხოლო უფრო ადრე (2007/08 წლების სეზონი), როცა "ამერში" თამაშობდა, 13 ბურთი შეაგდო. ახლა კი მართლაც ჩინებული გრაფიკით "მიდის" ტატანაშვილი - 9 გოლი 10 მატჩში!

დორინ გოგა, უპირველესი ფავორიტი
სეზონი გრძელია და ბომბარდირთა დავაშიც, შესაძლოა, ვინმე ჩაერიოს, ისევე, როგორც "საუკეთესო ლეგიონერობაზე" შეიძლება გაუჩნდეს პრეტენზია ჩვენს ჩემპიონატში მოასპარეზე ამა თუ იმ ფეხბურთელს.

ამ ნომინაციაში დღესდღეობით ერთი გამოკვეთილი ფავორიტია - "დინამოს" რუმინელმა ლეგიონერმა დორინ გოგამ უკვე მე-7 გოლი გაიტანა და საერთოდაც, ჩინებულად გაისარჯა ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ("ზესტაფონი"-"დინამო"). არადა, "დინამოს" შემადგენლობაში ის პირველ მატჩებში, რბილად რომ ვთქვათ, არადამაჯერებლად გამოიყურებოდა, მერე და მერე კი "გაიხსნა" და 29 წლის რუმინელი უნივერსალი დღესდღეობით გუნდის ერთ-ერთ ლიდერადაც შეიძლება მივიჩნიოთ.

მაინც რომელია გოგასთვის ყველაზე ოპტიმალური პოზიცია? ეს კითხვა რამდენიმე დღის წინათ "დინამოს" მთავარ მწვრთნელსაც დავუსვით. დუშან უჰრინის პასუხიც ასეთი იყო: შეტევის ფაზაში ნებისმიერ ამპლუაში სასარგებლოა!

უფრთხილდით გველესიანს!
"დინამოს" ცენტრალური მცველი გიორგი გველესიანი მართლაც გამორჩეულ სეზონს ატარებს: 22 წლის ტანმაღალი ფეხბურთელი ურთულესი კონკურენციის პირობებში ახერხებს ძირითადში ადგილის დამკვიდრებას და თავის უშუალო მოვალეობასაც ხომ ჩინებულად ასრულებს, ამას გარდა, უმნიშვნელოვანესი გოლებიც გააქვს.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბერს, "დინამო"-"ტორპედოს" მართლაც დრამატული მატჩის მიწურულს, როცა მსაჯის მიერ დამატებული წუთები მიდიოდა, სწორედ გველესიანის ზუსტმა თავურმა გადაწყვიტა შეხვედრის ბედი. ეგ კიდევ არაფერი - "ზესტაფონისა" და "დინამოს" მატჩის დამთავრებას არც არაფერი აკლდა, როცა შეტევაში ჩართულმა გველესიანმა კვლავაც ზუსტად დაარტყა და ამჯერადაც გამარჯვების გოლი გაიტანა!

არადა, ამ ახალგაზრდა მცველმა მიმდინარე ჩემპიონატში ძირითადში მხოლოდ ოთხჯერ იასპარეზა...

ტორპედოს საიდუმლო იარაღი
"ტორპედოში" რომ ერთიმეორეზე ნიჭიერი ახალგაზრდები თამაშობენ, ერთხელაც დავრწმუნდით ტურის კიდევ ერთი გამორჩეული მატჩის ("მეტალურგი"-"ტორპედო") ხილვისას.

ნიკა ჭანტურია, დავით უბილავა, მათე ცინცაძე, გიორგი გოროზია, გიორგი ფანცულაია, დავით მთივლიშვილი, ნიკა ახვლედიანი - ეს 18-19 წლის პერსპექტიული ბიჭები საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების წევრები არიან და გვჯერა, მათი პროფესიული ზრდა კიდევ უფრო გაგრძელდება...

იმ შეხვედრაში ქუთაისელთა შორის კიდევ ერთი ახალგაზრდა გამოჩნდა და დროის მოკლე მონაკვეთში ორი ჩინებული მომენტიც შექმნა - 18 წლის მამია გავაშელიშვილმა ჯერ ეფექტური თავური დარტყმით სცადა ანგარიშის შემცირება, მაგრამ "მეტალურგის" გამოცდილ მეკარე გრიგოლ ბედიაშვილს ვერ აჯობა...

აი, მეორე ცდა კი წარმატებული გამოდგა - ახალგაზრდა ფორვარდი მოხდენილი ფინტით მეურვეებს გასცდა და არანაკლებ ოსტატური დარტყმით გოლიც გაიტანა. პირველი მატჩი სეზონში და პირველი გოლი! - ასეთია მამია გავაშელიშვილის მონაგარი.

აქვე იმასაც ვიტყვით, რომ გავაშელიშვილმა წინა სეზონშიც ერთადერთი მატჩი ჩაატარა (ბოლო ტურში - "ზუგდიდთან"), მაშინაც შეცვლაზე შევიდა და მაშინაც გოლი გაიტანა!

Sportall.Ge

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XII ტური
ზესტაფონი-დინამო 1:2 - ბოლო წუთის ფაქტორი [VIDEO]
მეტალურგი-ტორპედო 2:1 - ემოციური ფონი [VIDEO]
დილა-სიონი 0:2 - ქოქოლა ქომაგისგან [VIDEO]
გურია-ვიტ ჯორჯია 2:1 - სამი ქულა მესამისთვის [VIDEO]
ჩიხურა-ზუგდიდი 2:0 - ქარსაც გამოყენება უნდა
სპარტაკი-მერანი 1:0 - შონიას ყუმბარა ჰქონია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სტატიაში წერთ რო გურია მე-3 ადგილზეაო და ცხილში გენანებათ მე-3 ადგილი?ურთიერთ თამაშებია პირველ რიგშიო წერია დებულებაში და უშანსოდ რო მოუგო გურიამ მეტალურგს 3-1 არც ეგ დაგავიცკდეთ.იყავით სამართლიანები!
guria
11:18 12-11-2013
0
მესამეზეა გურია !
GURIA
11:23 12-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული