დილა-სიონი 0:2 - ქოქოლა ქომაგისგან [VIDEO]

AutoSharing Option
როგორც კი "დილას" გულშემატკივარმა გუნდის კრიზისიდან გამოსვლაზე დაიწყო ლაპარაკი, იმედის ნაპერწკალს უმალ ცივი წყალი გადაესხა - "სიონთან" თამაშით და, მით უფრო, მარცხით, "დილამ" უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა...

რომ იტყვიან, მასპინძლებს სალამი არ ჰქონდათ დამთავრებული, რომ ტაბლოზე უკვე 0:1 ენთო.

სტუმართა ერთი შეხედვით უწყინარი შეტევისას, კვახაძეს ხელზე მოხვდა ბურთი და დაახლოებით 18 მეტრიდან თოთაძის ჯარიმით (ბურთი "ცოცხალ კედელში" გაძვრა) სტუმრები წინ გავიდნენ.

"დილას" ქომაგთა შორის იმდენად დიდი იყო გამარჯვების მოლოდინი, "სიონის" გოლმა ბევრს ღიმილი მოჰგვარა.

Sportall.Geთანაც, სულ რაღაც ერთ წუთში გორელები
ძალიან ახლოს იყვნენ წონასწორობის აღდგენასთან - დოლიძის ფლანგურ ჩაწოდებას მერლანის კართან არეულობა მოჰყვა და მეურვეთაგან თავისუფალ ღონღაძეს ახლო მანძილიდან გატანის შანსი მიეცა, თუმცა... მის უძლიერეს დარტყმულს კარში ჩამდგარი მცველები გადაეღობნენ.

პირველ ტაიმში მასპინძლები უფრო მონდომებით, თუმცა კი ერთფეროვნად უტევდნენ. სამი "სტოპერით" მოთამაშე "დილა" ფლანგებზე აქტიურობდა. ალადაშვილი და ღონღაძე იერიშებისას გარემარბის პოზიციებზე ადიოდნენ, საიდანაც საჯარიმოში აწვდიდნენ და "მეორე სართულზე" უპირატესობის მოპოვების ხარჯზე ეძებდნენ ხეირს. თუმცა ამას საგოლე მომენტები არ მოჰყოლია.

სოღოლაშვილის გუნდს ყველაზე რეალური შანსი მე-19 წუთზე მიეცა. სტუმრებმა საჯარიმოში შეჭრილი მოდებაძე წააქციეს და არბიტრმა ლაშა სილაგავამ პენალტის ნიშნულისკენ მიუთითა. დაზარალებულმა თავად გადაწყვიტა დარტყმა, მაგრამ... მიზანს ააცილა.

მეორე ტაიმში "დილა" კიდევ უფრო უსუსურად გამოიყურებოდა, ვიდრე შესვენებამდე. არადა, სოღოლაშვილმა სამივე ცვლილება თავდასხმის გასაძლიერებლად გამოიყენა. თავის მხრივ, სტუმრები დინჯად და სწორი თამაშით ახერხებდნენ თამაშის კონტროლს - არ აძლევდნენ გორელებს მწვავე მომენტების შექმნის საშუალებას, ხოლო თავად, მთელი გუნდით შეტევაში გადმოსული მეტოქის ზურგში, ხშირად პოულობდნენ ხვრელებს ხიფათის შესაქმნელად.

ამ ხერხით, "სიონის" გამოკვეთილი თავდამსხმელი კახელიშვილი ორჯერ ძალიან ახლოს იყო ანგარიშის გაზრდასთან. "დილას" კი ვერც მწვრთნელის მითითებები შველოდა და ვერც - მაყურებელთა ხმამაღალი კრიტიკული თუ გამამხნევებელი შეძახილები.

დრო გადიოდა და "დილას" ქომაგი სულ უფრო ნერვიულობდა, ტრიბუნაზე კამათსა და ჩხუბსაც კი ჰქონდა ადგილი...

გულშემატკივრებმა "დილას" ფეხბურთელთა უსუსურობა ქოქოლითაც "შეამკეს". ამას გარდა, თამაშს არც სიხისტე აკლდა - სილაგავას შვიდჯერ მოუწია ყვითელი ბარათის ამოღება.

ბოლოსკენ მასპინძლები ვა-ბანკზე წავიდნენ, იმის იმედით, რომ ქულას მაინც გადაარჩენდნენ. უკან მხოლოდ მეკარე რჩებოდა, რაც "სიონს" მეტოქის კონტრშეტევაზე გამოჭერის საშუალებას აძლევდა.

სწორედ ამგვარ სიტუაციაში მოახერხა განუგრავამ უკანასკნელ წუთებზე ანგარიშის გაორმაგება - 0:2.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მომდევნო ტურებში "დილას" მეტად რთული კალენდარი აქვს - ერთმანეთის მიყოლებით ხვდება "დინამოს", "ტორპედოს", "მეტალურგსა" და "ზესტაფონს". ცხადია, ასეთი თამაშით გორელებს ძალიან გაუჭირდებათ სატურნირო ცხრილში ამჟამინდელი პოზიციის შენარჩუნება.

"სიონს" კი ამ მოგებით ექვსეულში მოხვედრის შანსი გაეზარდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული