ილია კოკაია: თუ ზვიად სიჭინავა სამ დღეში არ გადადგება, მე წავალ!

AutoSharing Option
12 ნოემბერს "ზესტაფონის" პრეზიდენტმა ილია კოკაიამ პრესკონფერენცია გამართა. "ლელო" ადრეც წერდა იმის შესახებ, რომ ამ კლუბის ფეხბურთელმა თორნიკე გორგიაშვილმა თავისუფალი აგენტის სტატუსი მოითხოვა, რადგან "ზესტაფონმა" მას ორი თვის ხელფასი დაუგვიანა.

გორგიაშვილმა ჯერ ფეხბურთის ფედერაციის ფეხბურთელთა სტატუსის კომიტეტში შეიტანა სარჩელი (კომიტეტმა ფეხბურთელის პრეტენზიები არ დააკმაყოფილა), მერე კი სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრა საქმე.

ამბავი იმით დასრულდა, რომ გორგიაშვილს თავისუფალი აგენტის სტატუსი მისცეს.

გორგიაშვილის საქმე, როგორც ჩანს, მორიგი ფაქტორი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ კოკაიას მწვავე, შეიძლება ითქვას, რადიკალური განცხადებები გაეკეთებინა...

- იმედი მქონდა, რომ რაღაც
სასიკეთოდ შეიცვლებოდა, მაგრამ გუშინ ეს იმედიც გადამეწურა. აქ არ არის ლაპარაკი მხოლოდ "ზესტაფონზე", აქ მთლიანად ქართული ფეხბურთის ყოფნა-არყოფნის საკითხია.

არასამართლიანად ხდება საფეხბურთო კლუბების დაფინანსება, კერძო კლუბების ინტერესები უგულებელყოფილია. საბიუჯეტო კლუბს 2 მილიონ ლარს რომ მისცემენ ნახევარ სეზონში და კიდევ სხვა გუნდებს რომ დააფინანსებენ... როგორც გავიგე, მარტვილის "მერანის" აქციების 51 პროცენტი მუნიციპალიტეტს გადაეცა.

საქმე იქითკენ მიდის, რომ მალე გუბერნატორების ჩემპიონატი გვექნება. ახლა 35 ათასი ლარი მაქვს გადასახდელი ბიუჯეტში და რა გამოდის - ეს ფული მერე საბიუჯეტო კლუბებს გადაუნაწილდებათ, ანუ "ზესტაფონს" შემოუბრუნდება. ასეთ დროს ფეხბურთის ფედერაცია ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არაფერს აკეთებს.

ფედერაციის იურიდიულ სამსახურში არის ქაოსი. ფეხბურთელთა ინტერესების დამცველი ორგანიზაცია რამდენიმეა, კლუბების ინტერესების დამცველი კი ვერ ვნახე.

არადა, კლუბების ინტერესებს პროფესიული ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია უნდა იცავდნენ, თუმცა პროფლიგა არ ფუნქციონირებს, ფედერაცია კი... ფეხბურთელს ორი თვის ხელფასი დაუგვიანდა მაშინ, როცა საერთო ეკონომიკური კრიზისის დროს იტალიაში თუ ესპანეთში ფეხბურთელებს ხელფასი 8-9 თვით უგვიანდებოდათ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ კი შექმნა იმის პრეცედენტი, რომლის მერე უკვე ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია კლუბთან კონტრაქტის გაწყვეტა. დავურეკე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, მაგრამ ის ტელეფონს არ პასუხობდა. მერე გავარკვიე, რომ ბანკში ყოფილა წასული - სასწრაფო საქმე ჰქონია...

რადგან ასეა, მოგიწვიეთ, რათა განვაცხადო, რომ შექმნილი სიტუაციიდან არის ერთი საშველი - გადადგეს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი. თუ ის სამ დღეში არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, მაშინ მე წავალ "ზესტაფონიდან" და თუ რა მოჰყვება ამას, ეს უკვე მეორე საკითხია.

ფედერაციის პრეზიდენტმა იცის, რომ ის არის დანიშნული პრეზიდენტი და არანაირი ძალა არ გააჩნია. წარმოუდგენელია, ასეთმა კაცმა შეძლოს ამ მეურნეობის გაძღოლა.

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა თქვა, რომ დამდეგი საფეხბურთო სეზონიდან სახელმწიფო ისეთნაირად გამოჰყოფს ფულს კლუბებისთვის, რომ ყველაფერი სამართლიანად იქნება...
- წასვლის გადაწყვეტილება მხოლოდ გორგიაშვილის საქმის გამო არ მიმიღია, ეს რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა - ერთია სახელმწიფოს მიდგომა საფეხბურთო კლუბებისადმი და მეორე - ფეხბურთის ფედერაცია არის კასტრირებული ორგანიზაცია.

ხელთ მაქვს სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილება და აქ ისეთები წერია, რომ კითხვა ჩნდება - იურისტების დაწერილია თუ ბელეტრისტების? და თქვენ წარმოიდგინეთ, ასეთი ხალხი წყვეტს ფეხბურთის ბედს.

აქ ის კი არ არის მთავარი, რომ ფეხბურთელი ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე მიდის კლუბიდან, არამედ პრეცედენტი, რომ ასეთი რამ უკვე მოხდა და უკვე სხვებსაც შეეძლებათ იმავეს გაკეთება.

ბოლნისის "სიონში" თვეობით იყო ხელფასები გასაცემი. ზუსტად "ზესტაფონთან" თამაშის წინ "სიონის" ფეხბურთელებს ორი თვის ხელფასი მისცეს და მოგებისთვის თითოეულს 1 500 ლარი დაუწესეს. საქართველოში კერძო კლუბებს არ აქვთ შემოსავალი სატელევიზიო უფლებების გაყიდვით, არც ბილეთების რეალიზაციით და საიდან, როგორ უნდა მიიღონ უკუგება?

რჩება ფეხბურთელის ტრანსფერი, მაგრამ აქაც ხომ ხედავთ, რა ხდება?! არ მინდა, "ჯიჰადი" გამოვუცხადო ფეხბურთის ფედერაციას, მაგრამ როცა არ ესმით საკლუბო ფეხბურთის პრობლემები, ეს უკვე უზარმაზარი დარტყმაა...

- სხვა კერძო კლუბებთან ერთად არ გიცდიათ სოლიდარული პოზიციის შემუშავება?
- არა მგონია, მათ არ გაიზიარონ ჩემი პოზიცია. ფეხბურთის ფედერაციაში არ იციან, თუ როგორ შეინარჩუნონ ინვესტორი.

იცით, რომ თბილისის ზღვაზეც ვაპირებდი საფეხბურთო ბაზის აშენებას, არსებობს ჩვენი კლუბის ბაზაც ზესტაფონში და შემიძლია, ეს ყველაფერი საჩუქრად გავცე. ფედერაციაში ისიც არ იციან, როგორ იჩუქონ ის, რაც სჭირდებათ.

პირადად არავის მიმართ მაქვს პრეტენზიები, უბრალოდ, პრეზიდენტის პოსტი მისთვის არ არის. ფედერაციის სათავეში ის უნდა მივიდეს, ვინც რეალურად მიხედავს საქმეს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა ვნახოთ, კოკაიას მოვიხსენიებთ წასულებში თუ დომენიეს :D
რას ითხოვს ბოლო–ბოლო ამიხსნის ვინმე?
temo
12:11 16-11-2013
0
ოღონდ შენ წადი კოკაია ყ&%ო და სიჭინავას ავიტანთ როგორმე.
gaa j
02:54 15-11-2013
0

სიახლეები პოპულარული