საქართველოს ჩემპიონატი. I ლიგა: მივიწყებული პოკერ(ებ)ი

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი და რევაზ ჩელებაძეები

ორი ტურიც და პირველი ლიგის გათამაშებაში (ორივე ზონაში) პირველი წრე დამთავრდება. ჩვენც სწორედ ამის მერე შევაჯამებთ მართლაც საინტერესო ტურნირს, სადაც უმაღლეს ლიგაში წლების განმავლობაში მოასპარეზე ფეხბურთელები თუ მწვრთნელები მონაწილეობენ.

თუმცა, ცნობადი სახეებისა თუ პერსპექტიული ახალგაზრდების სიმრავლის გარდა, პირველი ლიგის ეს გათამაშება, ცოტა არ იყოს, უცნაურობებითაც გამოირჩევა...

ჰო, არცთუ იშვიათია ისეთი შემთხვევები, როცა ესა თუ ის მატჩი "დრამატული" სცენარით მიმდინარეობს; აღარაფერს ვამბობთ სარეკორდო რაოდენობის გაფრთხილება-გაძევებასა თუ ავტოგოლებზე, ისე, როგორც... თითქმის ყოველ მეორე-მესამე გუნდში "გადანაწილებულ" ლეგიონერებზე (უმრავლესობა
აფრიკელი გახლავთ: ნიგერიელები, კამერუნელები, კოტდივუარელები).

თუმცა ამ ყველაფერზე დაწვრილებით პირველი წრის დამთავრების შემდეგ ვისაუბრებთ და, როგორც ყოველთვის, ამ საქმეში პოპულარული და, რაც მთავარია, ერთობ სანდო ვებ-გვერდის (soccerway.com) მონაცემებით ვიხელმძღვანელებთ.

მანამდე კი პირველ ლიგაში სულ ახლახან მომხდარ ერთდროულად ორ საინტერესო ფაქტზე გვინდა ყურადღების გამახვილება: X ტურში ორმა ფეხბურთელმა "პოკერი" შეასრულა!

ჯერ იყო და, 5 ნოემბერს, A ზონის მატჩში ქობულეთის "შუქურამ" შინ ოზურგეთის "მერცხალი" 6:0 რომ დაამარცხა, მასპინძელთაგან 4 გოლი 21 წლის გიორგი ჩელებაძემ გაიტანა! ერთ დღის მერე კი (ამჯერად უკვე B ზონის მატჩში), გორის "დილა 2"-მა სტუმრად თბილისის "ლოკომოტივი" დააამარცხა (4:3) და ოთხივე გოლი 20 წლის გიორგი ქვილითაიამ გაიტანა.

დაგვეთანხმებით, რომ ერთ მატჩში 4 გოლის გატანა ჩვენს ჩემპიონატში მართლაც იშვიათი მოვლენაა; ეგ კი არა, უმაღლეს ლიგაში წინა სეზონში "პოკერი" არავის შეუსრულებია, ჰეთ თრიქი კი თითო-თითოჯერ ხუთმა ფეხბურთელმა (ჯაბა დვალი, ჩისკო, მიხეილ ჯორბენაძე, საბა ლომია, კოკა მიკუჩაძე) შეასრულა.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, XXV ჩემპიონატში უმაღლეს ლიგაში ჯერჯერობით მხოლოდ ორმა ფეხბურთელმა შეძლო ერთ მატჩში სამი გოლის გატანა (დორინ გოგა, ჩისკო). აი, პირველ ლიგაში კი ჰეთ თრიქის უფრო მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, თუმცა "პოკერი" მაინც უფრო "ძვირად ფასობს"...

ოთხოსანი დეისაძეები და ხუთოსანი ტუხაშვილი
...ვიდრე ამ სეზონში "პოკერის" შემსრულებლებზე ვისაუბრებდეთ, 2011-12 წლების პირველი ლიგის გათამაშება გვინდა გავიხსენოთ. უფრო ზუსტად, იმ ჩემპიონატის პირველ ეტაპზე დაფიქსირებული სამი ფაქტი: იმ დროისთვის ლანჩხუთის "გურიას" შემტევმა ნახევარმცველმა იაგო დეისაძემ დაახლოებით სამი კვირის ვადაში "პოკერი" ორჯერ შეასრულა ("სულორთან" და "აეტთან").

ამ მართლაც ჩინებული შედეგიდან რამდენიმე ხანში კი "პოკერი" მისმა ძმამ, იმ დროისათვის ხონის "იმერეთის" თავდამსხმელმა იაკობ დეისაძემაც შეასრულა!

ამის მერე ძმებმა დეისაძეებმა რამდენიმე გუნდი გამოიცვალეს, დღესდღეობით კი 26 წლის იაკობი და 25 წლის იაგო პირველი ლიგის წლევანდელი სეზონის გუნდი-აღმოჩენის, თერჯოლის "საპოვნელას" ღირსებას იცავენ.

...2012-13 წლების სეზონის პირველი ლიგის გათამაშებაში მართლაც გამორჩეული ფაქტი მოხდა: მეორე ეტაპზე, კონკრეტულად კი, 2013 წლის 15 მარტს "ალგეთი"-"ლიახვის" მატჩი მასპინძლებმა დიდი ანგარიშით (5:0) რომ მოიგეს, ხუთივე გოლი 24 წლის გიორგი ტუხაშვილმა გაიტანა!

თანაც, ამ სტრიქონების ავტორის მოსახელემ და მოგვარემ ამ ხუთი გოლის გატანა მეორე ტაიმში, 26-წუთიან მონაკვეთში მოახერხა!

ქვილითაია და ჩელებაძე - ახალი პოკეროსნები
ახლა კი წლევანდელ "პოკეროსნებს" დავუბრუნდეთ და უპირველესად, გიორგი ქვილითაიაზე ვთქვათ. ამ ნიჭიერი ფორვარდის სახელი და გვარი წინა სეზონშიც არაერთხელ ვახსენეთ, როცა 19 წლის ფორვარდი პირველი ლიგის "სასკოში" ასპარეზობდა და ვიდრე უცხოეთში გაემგზავრებოდა, მართლაც ჩინებული შედეგი უჩვენა: 16 მატჩი და 22 გოლი!

ასეთი გოლეადორული თვისებებით დაჯილდოებული პერსპექტიული ახალგაზრდის გადაყვანას თითქმის ყველა წამყვანი ქართული კლუბი ცდილობდა, თუმცა ქვილითაიამ კარიერა უნგრეთში, "დიორი ეტოში" გააგრძელა.

სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ქვილითაიას უნგრეთში თამაში იშვიათად უწევდა, ამ ზაფხულს სამშობლოში დაბრუნდა და გორის "დილაში" ჩაირიცხა. უმაღლეს ლიგაში ქვილითაიას ჯერჯერობით გოლი არ გაუტანია (8 მატჩი ჩაატარა), თუმცა ფორმის შესანარჩუნებლად "დილას" ფარმ-კლუბში პირველივე მატჩში მონაწილეობა რომ მიიღო, ეგრევე 4 გოლი გაიტანა!

აი, ასეთი გამოდგა თითქმის ერთწლიანი განშორების მერე ქვილითაიას დაბრუნება პირველ ლიგაში!

...ქვილითაია ამპლუით გამოკვეთილი ცენტრფორვარდია, რასაც ვერ ვიტყვით გიორგი ჩელებაძეზე: პირველი ლიგის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი აშკარა ფავორიტის, ქობულეთის "შუქურას" წარმატებული ასპარეზობა ამ შემტევი ნახევარმცველის ჩინებული თამაშითაც არის განპირობებული.

21 წლის ფეხბურთელს წინა სეზონიც შედეგიანი ჰქონდა: "შუქურას" შემადგენლობაში 28 მატჩი ჩაატარა და 13 გოლი გაიტანა, იმის წინა სეზონში კი იმ გუნდში დაბრუნდა, სადაც შედგა კიდეც მისი დებიუტი 16 წლის ასაკში - ბათუმის "ადელში".

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჩელებაძემ უკრაინაშიც (ოდესის "ჩერნომორეცი") მოსინჯა ძალები და რუსეთის პირველ ლიგაშიც: 2011-12 წლების სეზონში ვორონეჟის "ფაკელის" შემადგენლობაში 26 მატჩი ჩაატარა.

მერე გარკვეული პერიოდი რუსული პრემიერლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის, ყაზანის "რუბინის" დუბლშემადგენლობაშიც ასპარეზობდა, ახლა კი მშობლიური ქალაქის ღირსებას იცავს და ქართული სამწვრთნელო სკოლის უხუცესი წარმომადგენლის, უგამოცდილესი სპეციალისტის, ვალერიან ჩხარტიშვილის ხელმძღვანელობით, უმაღლესი ლიგის საგზურის მოსაპოვებლად იბრძვის.

დაბოლოს, იმასაც ვიტყვით, რომ გიორგი ჩელებაძე საფეხბურთო დინასტიის გამგრძელებელია: 70-80-იანი წლების თბილისის "დინამოს", ბათუმის "დინამოსა" და საბჭოთა კავშირის ნაკრების ფორვარდის, მართლაც გამორჩეული და ორიგინალური "ხელწერის" მქონე პოპულარული ფეხბურთელის რევაზ ჩელებაძის ვაჟი გახლავთ!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩელებაძე! არა აქვს შენს შვილს ფეხბურთის ნიჭი და დაანებე თავი, ნუ აწვალებ!
ჯონი
17:51 15-11-2013
0
ჯონი
თვითონ ხო მყავდა რა ვარსკვლავი,რაც ამას 1 მეტრიდან ცარიელ კარში აქვს აცილებული :D:D:D:D
Venom
20:50 15-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული