არადა, 24 ნოემბერს გამართულმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ჩიხურაც" და "მეტალურგიც" სამართლიანად მიიჩნევიან ევროტურნირების საგზურების მოპოვების რეალურ კანდიდატებად.
მოკლედ, ჩვენი ჩემპიონატის კვალობაზე, კარგი მატჩი გამოვიდა, სადაც პირველი ტაიმი სტუმართა სრული დომინირებით წარიმართა, აი, მეორეში კი მასპინძლებმა იძალეს და ისეთი გოლიც გაიტანეს, ამ სეზონის კი არა, საერთოდ, საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში რომ უნდა ჰქონდეს საუკეთესოზე პრეტენზია!
თუმცა სჯობს, ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ.
...მატჩის დაწყებიდან, ალბათ, ათიოდე წამი იქნებოდა გასული,
თუმცა "ჩიხურამ" მაინც შეძლო სწრაფი გოლის გატანა: ჯაბა ჯიღაურის პასის შემდეგ სტუმართა შორის ერთ-ერთმა გამორჩეულმა ბესიკ დეკანოიძემ საჯარიმოს ხაზიდან ერთობ ეფექტური გოლი შეაგდო! სამიოდ წუთში დიმიტრი ტატანაშვილი ცდილობდა მახვილი კუთხიდან გატანას, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.
"ჩიხურას" გამოცდილ ცენტრფორვარდს უკეთესი შანსიც მიეცა, მაგრამ მასპინძელთა მეკარესთან პირისპირ გასულმა გრიგოლ ბედიაშვილს ვერ აჯობა. საერთოდაც, ბოლო მატჩებია ბედიაშვილი ერთობ საიმედოდ თამაშობს და ეს 24 ნოემბრის მატჩშიც არაერთხელ გამოჩნდა.
"ჩიხურას" პირველ ტაიმშივე შეეძლო მატჩის ბედის გადაწყვეტა, მაგრამ ერთ ეპიზოდში გიორგი გაბედავას სახიფათო ჯარიმა იმავე ბედიაშვილმა მოიგერია, დამატებაზე კი ყველას დეკანოიძემ დაასწრო, ოღონდ - ბურთი ხარიხას გაარტყა.
ტაიმის მიწურულს სტუმრებმა ერთობ ეფექტური კომბინაცია გაითამაშეს, მაგრამ დეკანოიძე-ჯიღაური-ოდიკაძე-გაბედავას ოთხსვლიანი შეტევა მცირეოდენ არაზუსტი დარტყმით დამთავრდა.
ზემოთაც აღვნიშნეთ, რომ პირველი ტაიმი სტუმრებმა აშკარად უკეთ ითამაშეს და მხოლოდ ერთხელ შეაქმნევინეს მასპინძლებს მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი: ირაკლი სიხარულიძემ ბურთი თავზე გადაუგდო მეურვეს, მაგრამ რევაზ თევდორაძემ სიტუაცია სწორად შეაფასა და ეს ეპიზოდიც განიმუხტა.
ისე, ალბათ, დასაწყისშივე უნდა გვეთქვა, თუ როგორი სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდათ მასპინძლებს: გოგი ფიფია, გიორგი ბერიაშვილი და გიორგი ქავთარაძე - ტრავმის, ხოლო ლუკა რაზმაძე და გიორგი გავაშელიშვილი - დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდნენ დაპირისპირებას.
ამის მიუხედავად, "მეტალურგმა" მეორე ტაიმი დიდი აღმავლობით ჩაატარა და ვერავინ იტყვის, ქულა დაუმსახურებლად მოიპოვაო. თუმცა დასაწყისში სტუმრებმა მეტად სახიფათო იერიში განახორციელეს: ტატანაშვილი-დეკანოიძე-გაბედავას კომბინაციას ეს უკანასკნელი ძლიერი დარტყმით აგვირგვინებდა, მაგრამ მასპინძლები ბედიაშვილის რეაქციამ იხსნა.
აი, ამის მერე მატჩის ბოლომდე "ჩიხურამ" მხოლოდ ერთხელ შექმნა სახიფათო მომენტი (როცა გაბედავას თავური ხარიხამ აისხლიტა). სამაგიეროდ, მასპინძლები გამოიყურებოდნენ შესვენების მერე ერთობ მოტივირებულად და ეს მონდომება დაუფასდათ კიდეც. თანაც, როგორც უკვე ზემოთ ვთქვით, იშვიათი სილამაზის გოლიც გაიტანეს: რევაზ თევდორაძემ ბურთი თამაშში შეიყვანა და მოედნის ცენტრს ოდნავ გადმოცილებულმა დენის დობროვოლსკიმ ეს ბურთი ერთი მოძრაობით დაიმორჩილა, მეორეთი კი... პირდაპირ "ცხრიანს" დაუმიზნა და მოარტყა კიდეც!
სუპერგოლმა მასპინძლები შეტევის იშტაზე მოიყვანა. შეცვლაზე შესულმა ლევან კორღალიძემ დავით კირკიტაძე ოსტატური პასით, ფაქტობრივად, პირისპირ დატოვა სტუმართა მეკარესთან, მაგრამ თევდორაძემ კარი დროულად დატოვა და თავისი გუნდი უეჭველ ხიფათს გადაარჩინა - არადა, გიორგი ჩირგაძე სრულიად მარტო იდგა საჯარიმოში, მაგრამ კირკიტაძემ მეკარის მოტყუება მოინდომა და ეს ეპიზოდიც ასე მორჩა.
სხვათა შორის, ამ ეპიზოდს სტუმართა მხრიდან პროტესტი მოჰყვა - მათი აზრით, კირკიტაძე თამაშგარე მდგომარეობაში იმყოფებოდა...
საბოლოოდ, ეს არცთუ ურიგო მატჩი ლოგიკური შედეგით დამთავრდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"