"დინამოს" დიდი ანგარიშით მოგებას ვერც ის ფაქტი დააკნინებს, რომ ამ ტურში მეტოქედ ერთ-ერთი აუტსაიდერი ჰყავდა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ კახა კაჭარავას მოსვლის შემდეგ "სპარტაკმა" სატურნირო მდგომარეობაც მკვეთრად გამოასწორა და პირველ ტაიმში "დინამოს" არაერთი პრობლემაც შეუქმნა.
თუმცა ისე, როგორც ამ სეზონის ბევრ მატჩში, დინამოელებმა ამჯერადაც გამოცდილებისა და,
ამას გარდა, შეხვედრის საბოლოო შედეგზე, ალბათ, გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონია იმ ორმა სწრაფმა გოლმა, "დინამომ" ტაიმების დასაწყისში რომ გაიტანა.
"დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი მხოლოდ გარკვეული გარემოებებიდან (ამა თუ იმ ფეხბურთელის ტრავმის ან დისკვალიფიკაციის გამო) გამომდინარე ცვლის ხოლმე ძირითად შემადგენლობას; თუმცა "სპარტაკთან" შეხვედრაში ჩეხმა სპეციალისტმა სერიოზული როტაცია მოახდინა შუა და წინა ხაზში: ლევან ხმალაძე დისკვალიფიცირებული გახლდათ, ელგუჯა გრიგალაშვილი, გიორგი მერებაშვილი და ჯაბა დვალი კი სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდნენ.
სამაგიეროდ, ძირითადში გამოჩნდნენ გიორგი პაპავა, დარკო გლიშიჩი, პატრიკ ვუო და ჩისკო; თანაც, ჩისკო სულაც კაპიტნის სამკლავურით მოგვევლინა და ისე, როგორც IX ტურის მატჩში "ჩიხურასთან", ახლაც ერთობ მოტივირებული გახლდათ.
ჰოდა, ეს მონდომება დაუფასდა კიდეც: ესპანელმა შემტევმა დუბლი შეასრულა და, საერთოდაც, ერთ-ერთი გამორჩეული იყო ორივე გუნდის შემადგენლობაში. აი, უჰრინის კოლეგას კი ნამდვილად არ აქვს იმის ფუფუნება, სხვადასხვა მიზეზის გამო მოსაკლისებული ძირითადი შემადგენლობის სამი ფეხბურთელისათვის (გიორგი თექთურმანიძე, ნიკა კვეკვესკირი, ლაშა ჩაფიძე) სრულფასოვანი შემცვლელები მოეძებნა.
თუმცა, ყოველივე ამის მიუხედავად, კახა კაჭარავას შეგირდებმა ფავორიტ მეტოქეს პირველ ტაიმში მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და გიორგი ლორიას მთელ რიგ ეპიზოდებში თავისი ოსტატობის გამოვლენაც დასჭირდა.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სწრაფმა გოლ(ებ)მა მნიშვნელოვნად განაპირობა შეხვედრის საბოლოო შედეგი: დინამოელთა პირველივე შეტევა გიორგი სეთურიძემ მარჯვენა ფლანგიდან გააგრძელა, რასაც საპირისპირო ფლანგიდან დარკო გლიშიჩის გამჭოლი გადაცემა მოჰყვა და მეტოქის საჯარიმოში მყოფმა პატრიკ ვუომაც ჩინებული დაბოლოება მოუძებნა ამ კომბინაციას!
ამის შემდეგ ჩისკო მოექცა ყურადღების ცენტრში, მაგრამ ესპანელის ორივე მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, - არადა, ორივე ეპიზოდი ეფექტური იყო, მაგრამ ბურთი მცირე მანძილით სცდებოდა სტუმართა კარს.
თუმცა, დაახლოებით მეათე წუთიდან "სპარტაკიც" გააქტიურდა და ვარლამ კილასონიას შორეული დარტყმაც ამის პირველი "სიგნალი" იყო; მერე უკვე გიორგი ლორიას "ჯერიც" დადგა: საქართველოს ნაკრების მეკარემ ჯერ თეიმურაზ შონიას შორეული და უძლიერესი დარტყმა მოიგერია კუთხურზე, მერე კი, ამ ეპიზოდის გაგრძელებისას, ლევან ქურდაძესაც არ დაანება გოლის გატანა.
აი, მე-14 წუთზე კი ერთობ საკამათო ეპიზოდი მოხდა: ის იყო, ლორიას ბურთი თამაშში უნდა შემოეტანა, როცა მის ზურგსუკან მდგომმა ზვიად მეტრეველმა ერთი მოძრაობით ბურთი... ხელიდან გააგდებინა, მეორეთი კი ეფექტური უკუდარტყმით დაუცველ კარში გაგზავნა!
თუმცა ეს ბურთი არ ჩაითვალა და ამ ეპიზოდმა მატჩის დროსაც და ნამატჩევსაც, აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
მხოლოდ ეს არ იყო საკამათო ეპიზოდი ამ შეხვედრაში: ტაიმის მიწურულს "დინამო" ორჯერ ითხოვდა პენალტს და ჩისკოს წაქცევისას წესების დარღვევას, ალბათ, არც ჰქონდა ადგილი; აი, დორინ გოგას შემთხვევაში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა, ალბათ, შეიძლებოდა კიდეც.
...მეორე ტაიმი პირველის ანალოგიურად დაიწყო: "დინამოს" პირველივე შეტევა შედეგიანი აღმოჩნდა. გლიშიჩის მიერ მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთთან ყველაზე ადრე ჩისკო გაჩნდა და ახლო მანძილიდან ზუსტადაც დაარტყა.
ორიოდ წუთში გოგა-გლიშიჩი-ჩისკოს კომბინაცია ამ უკანასკნელის ეფექტური და ზუსტი დარტყმით დამთავრდა და მატჩმაც, ფაქტობრივად, ინტრიგა დაკარგა.
ისე, ჩისკოს ჰეთ-თრიქის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ იხეირა - პირველ ეპიზოდში ოდნავ ააცილა, მეორედ კი ხარიხას გაარტყა ბურთი.
არანაკლებ ეფექტური იყო დინამოელთა მეოთხე გოლიც: გლიშიჩმა მარცხნიდან წამოიწყო შეტევა, ჩისკომ თავით გადაგზავნა ბურთი დორინ გოგასკენ და რუმინელმა უნივერსალმაც ერთი "შეხებით" საბოლო წერტილი დაუსვა ამ შეხვედრას.
ისე, "სპარტაკმა" მეორე ტაიმში რამდენჯერმე მწვავე კონტრშეტევა განახორციელა, მაგრამ ზვიად მეტრეველმა, თეიმურაზ შონიამ და ლაშა კემუხტაშვილმა ვერაფრით შეძლეს გიორგი ლორიას დაჯაბნა.
მატჩის შინაარსი ისეთი იყო, რომ ორივე გუნდის მწვრთნელებმა თავის გამოჩენის შანსი დებიუტანტებს მისცეს: "სპარტაკის" შემადგენლობაში პირველად გამოჩნდნენ არტურ გაძაოვი და დავით ნანიევი, ხოლო "დინამოში" - 18 წლის გიორგი პაპუნაშვილი.
მატჩის შემდეგ
დუშან უჰრინი (დინამო):
"ვიცოდი, რომ რთული თამაში იქნებოდა და პირველმა ტაიმმა ეს დაადასტურა კიდეც, როდესაც მეტოქემ აგრესიული თამაში დაგვიპირისპირა. შესვენებაზე, გასახდელში ჩემს ფეხბურთელებს მაქსიმალური მობილიზაციისაკენ მოვუწოდე და მეორე ტაიმშიც ბევრად უკეთ გამოვიყურებოდით. მიხარია, რომ გავიმარჯვეთ და უახლოეს მდევარს ისევ 4 ქულით ვუსწრებთ. ახლა კი უკვე მომდევნო მატჩზე ვფიქრობთ".
კახა კაჭარავა (სპარტაკი):
"მეტოქემ დამსახურებულად გაიმარჯვა და მინდა, მივულოცო. სამწუხაროდ, ორივე ტაიმის დასაწყისში გაშვებულმა სწრაფმა გოლებმა ჩვენი გუნდის თამაშზე ნეგატიურად იმოქმედა. თუმცა მხოლოდ ეს არ არის ჩვენი მარცხის მთავარი მიზეზი - სამწუხაროდ, ბევრი ფეხბურთელია მიჩვეული არასწორ თამაშს... რაც შეეხება მეტრეველის არჩათვლილ გოლს, შესაძლოა, იმ ეპიზოდში მსაჯები შეცდნენ კიდეც. შეცდომებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ რატომღაც მაინცდამაინც "სპარტაკის" საწინააღმდეგოდ ცდებიან".
ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
ი. მოდებაძე (დილა) 9
დ. გოგა (დინამო, თბ) 8
ჩისკო (დინამო, თბ) 5
თ. კაპანაძე (ტორპედო) 5
ვ. ისიანი (გურია) 5
XV ტური
4 დეკემბერი, ოთხშაბათი
ზესტაფონი-ჩიხურა
მეტალურგი-დილა
დინამო-გურია
სიონი-ზუგდიდი
მერანი-ვიტ ჯორჯია
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"