თანაც, როგორც ვივარაუდეთ, საერთოდ, ტურიც საინტერესო გამოდგა და მოლოდინისამებრ, მხოლოდ ზედა ექვსეულში კი არა, მთლიანად ცხრილშიც გარკვეული გადაადგილებები მოხდა.
სამწუხაროდ, გასულ ტურს მხოლოდ დადებით კონტექსტში ვერ განვიხილავთ: ბოლოს და ბოლოს, ერთი მატჩი სულაც... ჩაშლის პირას იყო და მართალია, "გურია"-"სიონი" მაინც ჩატარდა,
თუმცა ამ და ტურის სხვა ფაქტებსა თუ მოვლენებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
მიდის თუ რჩება?
"სპარტაკი"-"დინამოს" მატჩამდე აქტუალური ის კი არ იყო, ჩემპიონი და ლიდერი ამ შეხვედრას როგორ შეხვდებოდა, არამედ - დინამოელთა მთავარი მწვრთნელის, დუშან უჰრინის მომავალი!
ჰო, ბოლო დღეები ხომ ყველგან ჩეხური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "ატრიალებდნენ", რის მიხედვითაც, უმცროს უჰრინს იანვრიდან ჩეხეთის ჩემპიონი "პლზენი" უნდა ჩაებარებინა.
თუმცა "სპარტაკთან" დამაჯერებლად მოგებული მატჩის შემდეგ ჩეხმა სპეციალისტმა "პლზენთან" ყოველგვარი კონტაქტი უარყო და იქვე ისიც "შეგვახსენა", რომ მოქმედი კონტრაქტი თბილისის "დინამოსთან" მაკავშირებს და ამ წუთში მხოლოდ და მხოლოდ მომავალ მეტოქეზე ვფიქრობო!
მოკლედ, ჯერჯერობით არსად წასვლას არ აპირებს, თუმცა დავიჯეროთ, ჩეხურ სპორტულ მედიაში (თანაც, რამდენიმე გამოცემაში) "პლზენსა" და უჰრინს ერთმანეთთან ტყუილუბრალოდ დააკავშირებდნენ?..
ძველი და ახალი დინამოელები
ვიდრე უჰრინის წასვლა-დარჩენის საკითხი გარკვეულა, "დინამომ" დიდი ანგარიშით აჯობა "სპარტაკს" და უახლოეს მდევართან ოთხქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.
"დინამოს" მთავარ მწვრთნელს ძირითად შემადგენლობაში როტაცია ნამდვილად არ უყვარს, მაგრამ ამ შემთხვევაში 4 ახალი ფეხბურთელი დააყენა ძირითადში და ოთხივემ გაუმართლა!
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კაპიტნის "რანგში" მოასპარეზე ჩისკო ერთობ მოტივირებული გახლდათ: 33 წლის ესპანელმა ამ სეზონში პირველი "დუბლი" შეასრულა! ერთი გოლი გაიტანა 26 წლის პატრიკ ვუომ, რომელიც ასევე მონდომებული ჩანდა; აი, 2 სექტემბრის მერე ძირითადში პირველად გამოჩენილმა 22 წლის დარკო გლიშიჩმა კი სულაც სამი საგოლე პასი მიითვალა!
რაც შეეხება გიორგი პაპავას, 21 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა, როგორც სჩვევია, მოედნის ცენტრში შრომატევადი სამუშაო გასწია და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ძირითადში თამაშს იმსახურებს.
"დინამოზე" საუბარს კი ერთი ფაქტით დავასრულებთ: მატჩის დამთავრებამდე ათიოდე წუთი იყო დარჩენილი, მოედანზე 18 წლის გიორგი პაპუნაშვილი რომ გამოჩნდა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ ფეხბურთელს უმაღლეს ლიგაში დებიუტი გვინდა მივულოცოთ!
სადებიუტო მატჩები, გოლები...
გიორგი პაპუნაშვილის მსგავსად, საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში სადებიუტო მატჩები სხვა ფეხბურთელებმაც ჩაატარეს: "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ "დინამოსთან" მატჩის მეორე ტაიმში მოედანზე ორი ახალწვეული, 22 წლის არტურ გაძაოვი და 21 წლის დავით ნანიევი (ორივე ნახევარმცველია) შეიყვანა.
გაძაოვი რუსეთის პრემიერლიგის გუნდის, პერმის "ამკარის" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა; აი, დავით ნანიევი კი (ისევე, როგორც მისი ბიძაშვილი, "სპარტაკის" მეკარე - სოსლან ნანიევი) ახმეტაშია დაბადებული და რუსეთში მერე გადავიდა საცხოვრებლად.
..."დილა"-"ტორპედოს" მატჩი ისეთი იყო, "ექვსქულიანს" რომ ვუწოდებთ ხოლმე და მასპინძლებმაც ისეთი გოლები გაიტანეს, ერთიმეორეზე უკეთესი იყო!
პირველი გოლიც ლამაზი იყო: 20 წლის მიხაილ გორელიშვილმა ახლო კუთხეში, უცნაური ტრაექტორიით რომ შეაგდო; მეორე გოლიც არანაკლებ ეფექტური გამოდგა, მასპინძელთა მრავალსვლიან კომბინაციას რომ მოჰყვა და საბოლოო დარტყმა კი ნიკოლოზ სადაღაშვილმა რომ შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ 25 წლის სადაღაშვილს ამ სეზონში მხოლოდ ერთი მატჩი (ისიც - შეცვლაზე) ჰქონდა ჩატარებული, უმაღლეს ლიგაში კი გოლი... ექვსწლიანი პაუზის მერე გაიტანა!
აი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფორვარდმა გიორგი ქვილითაიამ კი უმაღლეს ლიგაში პირველად ისახელა თავი; თუმცა 20 წლის ქვილითაიას გოლის ალღო რომ აქვს, წინა სეზონშიც დაამტკიცა (უფრო ზუსტად - პირველ ეტაპზე): პირველი ლიგის "სასკოში" ასპარეზობისას 16 მატჩში 22 გოლი გაიტანა!
დაბოლოს, კიდევ ერთ სადებიუტო გოლზეც: "მეტალურგის" 23 წლის თავდამსხმელმა გიორგი ჩირგაძემ ასევე პირველად გამოიჩინა თავი უმაღლეს ლიგაში.
შეწყვეტილი სერიები და მავნე ტრადიცია
ძალიან რთულ პერიოდში მოუწია კახა ჩხეტიანს სამწვრთნელო დებიუტი: "ზესტაფონის", ქუთაისის "ტორპედოსა" და უნგრული "დებრეცენის" ყოფილმა მარცხენაფლანგელმა მარტვილის "მერანი" მაშინ ჩაიბარა, გუნდს კრიზისი რომ ჰქონდა დაწყებული: თანაც, ეს კრიზისი გაგრძელდა და გაგრძელდა: ამ ტურამდე მარტვილურ გუნდს ზედიზედ 7 წაგება ჰქონდა!
და აი, ნავსი გატყდა: "მერანმა" შეძლო და ურთულეს მატჩში, სტუმრად "მეგრულ დერბიში" ქულა მოიპოვა. თანაც, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე "მერანს" ყველა გასვლითი შეხვედრა ჰქონდა წაგებული და ჩემპიონატშიც პირველად ითამაშა ფრედ!
...ამ ტურში კიდევ ერთი (ოღონდ - წარმატებული) სერია შეწყდა: "გურიას" საშინაო მოედანზე (უფრო ზუსტად - ნეიტრალურზე), მასპინძლის რანგში, ყველა მატჩი ჰქონდა მოგებული, მაგრამ ლანჩხუთელთა გუნდს ამჟამად ისეთი დროება უდგას, ამ წარმატებულ სერიაზე, ალბათ, არც არავინ ფიქრობდა.
"გურიას" პრობლემებზე საუბრით თავს აღარ შეგაწყენთ, უბრალოდ, მხოლოდ იმას დავძენთ, რომ უკვე ტრადიციასავით იქცა ყოველ სეზონში (თანაც - პირველი ეტაპის მიწურულს) ამა თუ იმ გუნდის ფაქტობრივი დაშლა, რასაც, ადეკვატურად მიზნების შეცვლაც მოჰყვება ხოლმე. გეხსომებათ, ალბათ, თუ რა ბედი ეწია შარშან ამ დროს ამბიციურ "ზუგდიდს"...
სიონი, ახალი სიურპრიზი
13 ტურის განმავლობაში ჩემპიონატის მთავარ აღმოჩენად თუ სასიამოვნო მოულოდნელობად "გურიას" წარმატებულ ასპარეზობას მივიჩნევდით; თუმცა უკვე თვეზე მეტია, ამ "ნომინაციას" ახალი კანდიდატი გამოუჩნდა და ეს, რაღა თქმა უნდა, ბოლნისის "სიონია"!
მოგეხსენებათ, რომ "გურიას" მსგავსად, "სიონიც" ნეიტრალურ მოედნებზე ატარებს საშინაო მატჩებს (ხან - თბილისში, ხან - გორში, ხან - რუსთავში), მაგრამ ბოლო პერიოდში ბოლნისური კლუბის შედეგებზე ეს ფაქტი უარყოფითად კი არა, პირიქით აისახა.
ეგ კი არა, "სიონი" სტუმრად უფრო წარმატებულად ასპარეზობს და ამ მხრივ, მხოლოდ და მხოლოდ თბილისის "დინამოს" ჩამორჩება!
ცალკე უნდა აღინიშნოს გუნდის ახალი მწვრთნელის დამსახურებაც: ლადო ბურდულის ხელმძღვანელობით, "სიონმა" ისეთი სერია გამოაცხო, გუნდს უკვე... ზედა ექვსეულში მოხვედრაზე გაუჩნდა სავსებით ლოგიკური პრეტენზია.
აღსანიშნავია, რომ ზედიზედ მეორე ტურია, გოლი გააქვს 26 წლის შემტევ გიორგი კახელიშვილს.
25 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა გიორგი განუგრავამ კი ამ სეზონში უკვე მეორე გოლი გაიტანა. არადა, ამ ფეხბურთელს აქამდე უმაღლეს ლიგაში ერთადერთი გოლი ჰქონდა გატანილი ("ზესტაფონში" ასპარეზობისას) და ისიც... 7 წლის წინათ!
ბომბარდირული ისტორიები
გასულ ტურში ერთდროულად ორმა ფეხბურთელმა შეძლო "დუბლის" შესრულება: ჩისკოზე ზემოთ უკვე მოგახსენეთ, აი, დიმიტრი ტატანაშვილის მორიგმა გოლ(ებ)მა "ჩიხურას" სატურნირო პოზიცია კიდევ უფრო განამტკიცა.
აღსანიშნავია, რომ 30 წლის ტატანაშვილმა ამ ჩემპიონატში უკვე მეორედ შეასრულა "დუბლი" და, რაც მთავარია, ბომბარდირთა დავაშიც ერთპიროვნულად გალიდერდა.
"ჩიხურას" კიდევ ერთი ლიდერიც გვინდა აღვნიშნოთ: 21 წლის ბესიკ დეკანოიძემ წინა ტურის მსგავსად, ახლაც გამოიჩინა თავი. აი, რაც შეეხება 22 წლის გიორგი ჭანკოტაძეს, ამ შემტევს მუდამ გადამწყვეტი გოლების გატანა ეხერხება: ორწლინახევრის უკან მართლაც "საჩემპიონო მატჩში" ("ზესტაფონი"-"დინამო") სწორედ მისმა ზუსტმა დარტყმამ (მსაჯის მიერ დამატებულ დროში) გადაწყვიტა შეხვედრის ბედი.
ახლაც სწორედ ჭანკოტაძემ შეძლო ტურის ცენტრალურ მატჩში, ფაქტობრივად, გადამწყვეტი გოლის გატანა და მწვრთნელების ნდობაც გაამართლა: გია გეგუჩაძის დაბრუნებამდე მას თამაში ხომ, ფაქტობრივად, არც უწევდა...
ისევ დუეტი
წინა ტურში ერთდროულად ორი მწვრთნელი მივიჩნიეთ "ტურის მწვრთნელად": გია გეგუჩაძე და რამაზ სოღოლაშვილი და, ვფიქრობთ, ჩვენი გადაწყვეტილება საკამათო არ უნდა ყოფილიყო.
შეგახსენებთ, რომ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით "ზესტაფონმა" სტუმრად შეძლო "ტორპედოს" დამარცხება, სოღოლაშვილის დამოძღვრილმა "დილამ" კი სტუმრად "დინამოს" ქულები დააკარგვინა (პირველად ამ სეზონში).
ახლაც ეს დუეტი მივიჩნიეთ "ტურის მწვრთნელებად", რამეთუ სწორედ მათი ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდებმა იმარჯვეს გასული ტურის ორ გამორჩეულ და ცენტრალურ დაპირისპირებაში. "დილამ" ამ მოგებით "ტორპედოც" უკან ჩამოიტოვა და ახლა უკვე პირველი სამეულიც ხელის გაწვდენაზეა.
აი, "ზესტაფონმა" კი, როგორც მთელი პირველი წრის განმავლობაში ვვარაუდობდით, პირველ ექვსეულში "შეაღწია" და ეს რომ მხოლოდ დასაწყისია, ყველას კარგად მოეხსენება: ამ კლუბს რეალურად ხელეწიფება, ევროტურნირების საგზურისათვის იბრძოლოს.
აქვე ერთი საინტერესო დეტალიც: ერთ-ერთ უშუალო კონკურენტთან, "მეტალურგთან" მატჩში "ზესტაფონს" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გურამ ასპინძელაშვილი მოძღვრავდა; თუმცა ყველას მოეხსენება, რომ "მეტალურგთან" მატჩისათვის გუნდი ხომ, ფაქტობრივად, გია გეგუჩაძემ მოამზადა, რომელიც თამაშის წინა დღეს უკრაინაში გაემგზავრა პრო-ლიცენზიის გასაგრძელებლად.
მოკლედ, გეგუჩაძემ ტურის მწვრთნელობა (სეზონში - მეორედ) "დაუსწრებლად" დაიმსახურა...
საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XIV ტური
სპარტაკი-დინამო 0:4 - საუცხოო უცხოელები და სხვები... [VIDEO]
დილა-ტორპედო 3:0 - გორელთა ამბიცია იზრდება [VIDEO]
ზესტაფონი-მეტალურგი 2:1 - მოუგო და გაუსწრო [VIDEO]
ჩიხურა-ვიტ ჯორჯია 3:0 - განსხვავებული ტაიმები [VIDEO]
ზუგდიდი-მერანი 0:0 - ნულოვანი ფრე მეგრულ დერბიში
გურია-სიონი 1:2 - ბოლო მატჩი დაშლამდე?
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"