მკითხველი, ალბათ, დაინტერესდებოდა, რა არგუმენტები აქვს "ზუგდიდის" დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ რევაზ პერტაიას:
- დარასელია ჩვენთვის საყვარელი ფეხბურთელი იყო, მერე წარმატებული მწვრთნელი გახდა და მის ჩამოსვლას სიხარულით შევხვდი, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, გვიპირისპირდება იმ დროს, როცა "ზუგდიდში" პრობლემები ჩვენი მიზეზით არ წარმოქმნილა. ამას ობიექტური წინაპირობა ჰქონდა.
გიორგის ინტერვიუმ დამარწმუნა, რომ ის შეცდომაში შეჰყავთ და ბევრ საკითხზე არასწორ ინფორმაციას აწვდიან. ამიტომ, ვთხოვ - ნუ აჩქარდება და პრობლემები არა ერთმანეთთან
- მწვრთნელი პრობლემებზე თვალს ხომ არ დახუჭავდა?
- პრობლემა არასტაბილური დაფინანსებაა და ამის მიუხედავად, გუნდი მაინც შევინარჩუნეთ. ეს ობიექტური გაჭირვებაა და არა - ჩვენ მიერ წარმოქმნილი პრობლემა.
- დარასელია აცხადებს, ეგვიპტელ ფეხბურთელთან კონტრაქტი ისე გავაფორმეთ, ზუგდიდში არც ჩამოსულაო. ამის გამო კი, თურმე, ბრაზილიელების ჩამოყვანა ვერ მოახერხა...
- ეგვიპტელების ჩამოყვანა კობა წიტაიშვილის ინიციატივა და მოთხოვნა იყო, მაგრამ ეგვიპტელი არ ჩამოსულა. მისი ტრანსფერი არ დარეგისტრირებულა და ამდენად, ერთი სასურველი ლეგიონერის დამატება დარასელიას კიდევ შეეძლო. სწორედ ამას ვამბობ, რომ სანამ საკითხს ჩვენთან გაარკვევდა, გიორგიმ პრობლემა მედიაში დააფიქსირა და ეს იყო საწყენი.
- ბოლო ტურებია, ეგვიპტელები აღარ თამაშობენ. რა ხდება?
- მათ "ზუგდიდი" უკვე დატოვეს.
- მიზეზი?
- გეტყვით სიმართლეს. თავიდან ითქვა, რომ ისინი ეგვიპტეში არეულობის გამო ჩამოვიდნენ აქ და მწირ ხელფასზეც თანახმანი იყვნენ. მეგაჰედმა ბევრი მატჩი ჩაატარა, ხოლო ჰამზა როგორც დაგვეხმარა, კარგად მოგეხსენებათ. რეალურად, მათ გუნდი არ გაუძლიერებიათ.
არადა, ამ არაფრისმომცემ ლეგიონერებს ჩვენს ფეხბურთელებზე მეტი ხელფასი ჰქონდათ და ეს იმ დროს, როცა წიტაიშვილმა ნიჭიერი ფეხბურთელები - ლაშა კუკავა და ზვიად კვარაცხელია სხვა გუნდებში გაუშვა.
ასეთი დონის უცხოელების ჩამოყვანას ისევ საკუთარი ბავშვების გაზრდა და მიხედვა არ გვერჩივნა?
- ხელს თუ არ შეგვიწყობენ, ნუღარ შეგვიშლიანო - თქვენი მისამართით ესეც ითქვა...
- დარასელიას ხელს როგორ ვუშლით? როდესმე გსმენიათ, რომ კლუბის დირექტორატის საკადრო პოლიტიკას მთავარი მწვრთნელი განაგებდეს და ხელმძღვანელობის ჩანაცვლებას ითხოვდეს? არა მგონია, "ზუგდიდის" წარმატება ვინმეს ჩვენზე მეტად უნდოდეს.
დარასელიას ჩვენს პირველ შეხვედრას გავახსენებ, როცა უახლოეს ოთხ ტურში 9 ქულის აღებას დაგვპირდა. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა და მის მხარდამჭერ "ბანაკს" გეგმები ამან ხომ აურია?
მე მაინც მგონია, რომ დარასელია შეცდომაშია შეყვანილი. მის გარშემო თავმოყრილი ხალხი ცდილობს, ხელმძღვანელობას დირექტივები აქეთ მოგვცეს. ყველაზე მეტად რომ გვიჭირდა და 8 თვის გაუცემელი ხელფას-პრემიები გვქონდა, მაშინ "ზუგდიდს" ამ ადამიანებისგან ფინანსური და მორალური მხარდაჭერა არ უგრძვნია.
ამიტომ მოვუწოდებ გიორგის, გაემიჯნოს ამ ხალხს და საქმეში ბოლომდე გაერკვეს. კლუბში არსებული პრობლემები ჩვენ არასდროს დაგვიმალავს. მწირი ბიუჯეტის მიუხედავად, სწორედ ძველი ხელმძღვანელობის ძალისხმევით მოხერხდა "ბაიას" ბაზის დირექციასთან საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება და ისიც, რომ გუნდი იქვე წინასამატჩო შეკრებებს გადის.
- ნებისმიერ შემთხვევაში, დარასელია გამოცდილი მწვრთნელია და უკეთესი გუნდის შექმნის პირობას იძლევა.
- ვაფასებ მის ოპტიმიზმს, ასეთ ვითარებაში თამამად რომ საუბრობს გუნდის მშენებლობაზე, მაგრამ დაპირისპირების ფონზე ეს ძალიან გაუჭირდება და ამის გათვალისწინებასაც ვურჩევდი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ახალი წლიდან "ზუგდიდს" ვერ იცნობთ! - "კამიკაძე" გიორგი დარასელიას ოპტიმიზმი
ამირ აზმი მეგაჰედი: მგონი, ქართველი მამლუქების შთამომავალი ვარ