კვირის 1000 წვრილმანი: ახლა მალხაზ ჟვანიას ჯერია

AutoSharing Option
გუნდის ღერძი მწვრთნელია, ის იცავს კლუბის ფილოსოფიას, აყალიბებს და ქმნის ორგანიზმს სხვადასხვა ადამიანებისგან. როცა ადამიანებისგან ქმნი შემოქმედებას, ეს კიდევ უფრო ამდიდრებს ნამუშევარს.

სად, როგორ უნდა მოიძიო ასეთი სპეციალისტი? თუ კლუბი შეძლებულია, ამაზე ნიადაგ ფიქრობს და მუშაობს. როგორც წესი, ასეთ დროს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არ იღებენ, კლუბის დირექტორი არგუმენტებითა და ფაქტებით ასაბუთებს პოზიციას და მეპატრონეც ამის მერე სვამს ბეჭედს.

2011 წლიდან დღემდე თბილისის "დინამოს" მეხუთე მწვრთნელი ჰყავს - ალექს გარსიას, გიორგი დევდარიანის, რამაზ მუმლაძისა და უმცროსი დუშან უჰრინის მერე გუნდი მალხაზ ჟვანიას
ჩააბარეს.

მწვრთნელის შეცვლა ასე ხშირად რომ გიწევს, უკვე ვერ არის კარგი საქმე, მაგრამ ეს უკვე ჩავლილი ამბავია, ახლა ჟვანიას ჯერია, რომელმაც მიიღო დიდი გამოწვევა.

არავინ იცის, რა მოხდება ზამთრის შესვენებისას. თუ სხვა ქართულ გუნდებში მნიშვნელოვანი ძვრები არ გამოჩნდა, "დინამოს" ჩემპიონობაში ვერავინ შეეცილება, მაგრამ ეს ისეთი კლუბია, მხოლოდ ეს რომ ვერ დააკმაყოფილებს - "დინამოს" წარმატება ყოველთვის საერთაშორისო სარბიელით იზომებოდა. ასეთია ამ კლუბის ტრადიცია და წაღმას უკუღმა ვერავინ დააყენებს.

საშინაო ასპარეზზე "დინამოს" წარმატებები უმცროსი უჰრინის ხელშიც ჰქონდა, თუმცა ისიც ფაქტია, რომ წინა სეზონში, ისევე, როგორც ახლა, "დინამოს" გარდა, საჩემპიონო ამბიცია არც ერთ გუნდს არ ჰქონია.

გავიდა უჰრინის გუნდი ევროსარბიელზე და რაც დაემართა, ყველამ კარგად იცის.

ჩეხს სადავეები ხელიდან არ გაუშვია, გუნდში სიტუაციას ფლობდა - ეს ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ. სათამაშო კონცეფციას რაც შეეხება, მისი გუნდი უფრო ცალკეული ფეხბურთელების მონაცემებზე იდგა, ვიდრე გუნდურ, კომბინაციურ თამაშზე.

უჰრინი ვერ გახდებოდა იურგენ კლოპი "დინამოში" - ეს მალევე გახდა ცხადზე ცხადი.

გუნდმა საკუთარი სახე უნდა მიიღოს, თავისი თამაში ითამაშოს - თუ კლუბში მილიონებს ხარჯავ და ამას არ ითხოვ, მაშინ რა აზრი აქვს ინვესტიციას?

...თამაშს გიორგი მერებაშვილი გაამწვავებს, ჩისკო შანსს ხელიდან არ გაუშვებს, ჯაბა დვალი თუ იშტაზეა, ინდივიდუალურად მასაც შეუძლია ბევრი რამის გადაწყვეტა, კარს გიორგი ლორია იცავს, დაცვის ცენტრს გამოცდილი ხალხი ამაგრებს - ეს ყველაფერი კარგი და გასაგები იყო, ოღონდაც - არასაკმარისი იმ სახელისა და ტრადიციისთვის, რაზეც მენტალურად უნდა იდგეს "დინამო".

კარგი გუნდის შექმნას რეჟისორი სჭირდება. ზოგადად, რეჟისორისთვის მთავარია დრამატურგიული სვლები და ის, რომ მაყურებელმა მის ნამუშევარს თვალი ვერ მოსწყვიტოს - მე ასეთ მწვრთნელს ვისურვებდი "დინამოსთვის", დანარჩენი კი უკვე კლუბის ხელმძღვანელობის საქმეა.

ჟვანიას ჯერ არ აქვს შთამბეჭდავი სამწვრთნელო ბიოგრაფია, მაგრამ ყველა ასეა, რაღაცით იწყებს. "დინამომდე" ის მარტვილის "მერანში" მუშაობდა, ისეთ გუნდში, ტიტულებისთვის და ევროსაგზურისთვის რომ ვერ იბრძოდა.

ჟვანიამ იქ კარგი სახელი დაიგდო - გაწონასწორებული, კორექტული და დაფიქრებული მწვრთნელის.

"დინამოში" მისი თანაშემწე რამაზ სვანაძე იქნება. მეორე მწვრთნელობა ძალიან სერიოზული პოზიციაა. ისე კი, საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი ზოგიერთი ქართული კლუბის მესვეურის ნათქვამი - "მეორე ტრეინერს რად უნდა კარგი ხელფასი, "ფიშკების" დალაგებაში რა უნდა მოითხოვოსო?"

სვანაძე მანამდე "ვიტ ჯორჯიასა" და ცხინვალის "სპარტაკში" მუშაობდა, სხარტი გონების პატრონია, მაღალი საფეხბურთო გემოვნება აქვს. ვფიქრობ, ჟვანიას მისი სახით კარგი მოკავშირე ჰყავს.

"დინამოში" ცვლილებები იმ დროს მოხდა, როცა საამისო ნიადაგი მართლაც არსებობდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული