ნიკა საბანაძე: ჩემსა და ჟერარდ სარაგოსას შორის ინციდენტი არ მომხდარა

AutoSharing Option
ეროვნული ჩემპიონატის წინა ტურში ქუთაისის "ტორპედომ" "ზუგდიდთან" 1:2 წააგო.

ნამატჩევს, ქუთაისელთა დამრიგებელ ჟერარდ სარაგოსას ჰკითხეს - რატომ არ იყო განაცხადში "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა საბანაძეო და ესპანელმა ამ კითხვას ასე უპასუხა: "...იმიტომ, რომ საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა".

თქმა რად უნდა, მწვრთნელი ასეთ განცხადებას უსაფუძვლოდ არ უნდა აკეთებდეს.

ისე, "ტორპედოს" სხვა მწვრთნელებიც ჰყოლია და მათგან საბანაძეზე აუგი არავის გაუგია. საბანაძე ის თავდამსხმელია, ახალგაზრდულ ნაკრებშიც რომ უთამაშია და გოლი ევროსარბიელზეც გაუტანია, საფეხბურთო გზა კი "ავაზადან" დაიწყო და ყველა სპეციალისტი მას კარგი
მონაცემების მქონე ფეხბურთელად მიიჩნევს.

წინა სეზონის დროს კულუარებში იმასაც ლაპარაკობდნენ - საბანაძის გადაბირება თბილისის "დინამოს" სურსო, თუმცა ტრანსფერი არ მომხდარა.

მაინც რატომ გააკეთა სარაგოსამ ასეთი განცხადება საბანაძეზე? როცა ფეხბურთელს ტელეფონით დავუკავშირდით, პირველ რიგში, ამაზე ვკითხეთ...

- რის საფუძველზე უნდა ეთქვა სარაგოსას ასეთი რამ თქვენზე?
- ვერ გეტყვით, რა საფუძველი ჰქონდა. საზარდული მაქვს დაჭიმული და ვმკურნალობ.

- გასაგებია, მაგრამ მწვრთნელს ფეხბურთელზე ეს რატომ უნდა ეთქვა? რაიმე ინციდენტი მოხდა?
- არა, არაფერი მომხდარა...

- "ტორპედო" ბოლო შეხვედრებში ვეღარ ყოჩაღობს. გარდა იმისა, რომ გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, კიდევ რა უნდა იყოს ამის მიზეზი?
- ჩავარდნა გვაქვს, ვერ ვიგებთ, ეს ჩვეულებრივი საფეხბურთო მომენტია, მეტი არაფერი.

- რა სათამაშო კონცეფცია და მიმართულება დანერგა სარაგოსამ "ტორპედოში"?
- განსაკუთრებული არაფერი, სხვანაირი ვარჯიშები გვაქვს. მთლიანობაში, ამ მხრივ მნიშვნელოვნად არაფერი შეცვლილა.

- ადრე თბილისის "დინამო" იყო დაინტერესებული საბანაძის ტრანსფერით - ასეთი კულუარული ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გავრცელდა. ახლა რა ვითარებაა?
- ვერაფერს გეტყვით, ჩემთან ამ საკითხზე სალაპარაკოდ არავინ მოსულა. კონტრაქტით, "ტორპედოში" კიდევ ორი წელი უნდა ვითამაშო.

- მიმდინარე სეზონი რამდენად წარმატებულია თქვენთვის?
- ეს, პირველ რიგში, მწვრთნელმა და გულშემატკივარმა უნდა შეაფასოს. ისე კი, ფორმაში ვარ, ორ კვირაში ალბათ სრულად გამოვჯანმრთელდები. ახლა კი ვმკურნალობ. ყველაფერი ნორმალურად მიდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჟერარდ სარაგოსა: საბანაძეს ფეხბურთის თამაში არ უნდა
ტორპედო-ზუგდიდი 1:2 - კრიზისი გრძელდება [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული