რომან პოკორა: თურმე, "გურიას" ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. ეს 18 დეკემბერს, ქობულეთში "ზესტაფონთან" წაგების (0:1) შემდეგ "ლელოს" თავად რომან პოკორამ უთხრა:

"მატჩის შემდეგ "გურიას" დირექტორმა კობა მირზაშვილმა მითხრა, რომ პოსტზე ვეღარ დამტოვებდა. ცხადია, მიზეზით დავინტერესდი და ამიხსნა, რომ, თურმე, ბოლო 5 მატჩიდან ოთხის წაგება ჩემი ბრალი იყო.

არადა, ჩემი ბრალი კი არა, ჩემი დამსახურებაა, "დინამოსთან" ბიჭები მოედანზე რომ გავიდნენ და სეზონი ჩაამთავრეს.

კარგად იცით, რაც ამ გუნდში ხდება. პირადად მე ფული არ ამიღია, ისევე, როგორც ფეხბურთელებს. ამის მიუხედავად, მე-9 ადგილზე მყოფი "გურია"
მესამეზე დავაწინაურე და არა მგონია, უფულო გუნდისთვის ეს ცუდი შედეგი იყოს.

უფულობის გამო ლანჩხუთი ვიტალი შუმეიკომაც დატოვა. ორივემ უკვე მივმართეთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ კონტრაქტის პირობების დარღვევაზე მოახდინოს რეაგირება და უზრუნველყოს, რომ კუთვნილი ხელფასი ავიღოთ.

"გურიასთან" ხელშეკრულება 2014 წლის 25 სექტემბრამდე მაქვს და დაუსაბუთებლად გამიწყვიტეს",
- ამბობს 65 წლის უკრაინელი სპეციალისტი.

კომენტარისთვის "გურიას" დირექტორ კობა მირზაშვილსაც დავუკავშირდით:

"მე ყველა წვრილმანს ვერ დავასახელებ, თუ რის გამო გადავწყვიტეთ პოკორას გაშვება, მაგრამ უკვე ზღვარს გადადიოდა მისი ზოგიერთი საქციელი. ყველაზე მეტად იმან გამაოცა, რომ "ზესტაფონთან" შეხვედრამდე დებოში ატეხა - სახელმწიფო სახსრებს იტაცებს და ანგარიშზე არსებულ თანხას არ გვირიცხავსო.

ფული რომ იყოს ანგარიშზე, დავმალავ და არ გადავიხდი? ასეთი სისულელე არასოდეს მსმენია.

წმინდა სპორტულ ფაქტორებს რაც შეეხება, მიმაჩნია, რომ მის ხელში გუნდი ვერ განვითარდებოდა. ამაში მას შემდეგ დავრწმუნდი, რაც პოკორას საქციელი საკუთარი თვალით ვნახე. მაგრამ ამაზე საჯაროდ ვერ ვილაპარაკებ.

დიდი მადლობა, ჩვენთან რომ იმუშავა, მაგრამ "გურიას" სხვაგვარი მწვრთნელი სჭირდება"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
უფულო გუნდი მე-3-ზე გაიყვანა და მოსნეს?! მაგრები ვართ.
Tengo
12:30 19-12-2013
0
ლანჩხუთლებს მეტი გვეკუთნის, უწიგნურ ჩხაიძის არჩევიზა. ერთი საქმე ებარა, გურია და იმასაც ვერ თუ არ მოუარა. დაკავებული ფულის კეთებით
fanklubi
14:48 19-12-2013
0

სიახლეები პოპულარული