ზურაბ ბერიძე "ტორპედოსთან" მატჩის წინ: სამაგიეროს გადახდა მიყვარს

AutoSharing Option
19 დეკემბერს, მცხეთაში საინტერესო შეხვედრა უნდა გამოვიდეს - თბილისის "ვიტ ჯორჯია" ქუთაისის "ტორპედოს" მასპინძლობს.

ქუთაისელებს ბოლო დროს ჩავარდნა აქვთ, "ვიტ ჯორჯიამ" კი წინა ტურში სტუმრად თბილისის "დინამო" დაამარცხა და კარგ იშტაზე უნდა იყოს. ცხრილს თუ გადავხედავთ, ეს გუნდები ერთმანეთთან ახლოს არიან და დაძაბულობის ხარისხი ამ ფაქტორის გათვალისწინებითაც უნდა გამოდგეს მაღალი.

"ვიტ ჯორჯია", ისევე, როგორც "ტორპედო", ახალგაზრდული გუნდია და "მცხეთა პარკზე" ერთობ ჟინიან ორთაბრძოლას უნდა ველოდოთ.

"ლელოს" კითხვებს ვიტელთა მთავარი მწვრთნელი ზურაბ ბერიძე პასუხობს...

- მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში "ვიტ
ჯორჯიამ" ქუთაისში "ტორპედოსთან" 1:4 წააგო. ახლა რა შედეგს უნდა ველოდოთ?

- საბრძოლველად ვართ მობილიზებულები. ძალიან გვჭირდება ქულები. რაც შეეხება პირველი წრის შედეგს, პირდაპირ გეტყვით - სამაგიეროს გადახდა მიყვარს.

- ჩავარდნის მერე ყველა გუნდს ეწყება უკეთესი პერიოდი. როგორ ფიქრობთ, "ტორპედო" ასეთ მომენტთან ამ დროისთვის უკვე ახლოს არის?
- "ტორპედოს" ჩავარდნა უნდა დაუმთავრდეს, მაგრამ რაღა ჩვენთან შეხვედრაში მოხდება?!

- გამოცდილებაში მცირე უპირატესობა, ალბათ, უფრო "ვიტ ჯორჯიას" აქვს, რაც უმნიშვნელო ფაქტორი არ უნდა იყოს...
- შეხვედრის ბედს გამოცდილება და მონდომება გადაწყვეტს, დანარჩენს კი თამაში გვიჩვენებს. მივესალმები იმას, რომ "ვიტ ჯორჯიაში" კარგი, საბრძოლო განწყობაა.

- კარგი და საბრძოლო განწყობაა ფინანსური პრობლემების ფონზე?
- ფინანსური პრობლემები სხვა გუნდებსაც აქვთ, თუმცა იმედიანად ვართ. მომავალი წლიდან უკეთესობას ველით, თორემ ასე გაგვიჭირდება არსებობა. როგორც ვიცი, 22 დეკემბერს იკრიბებიან კლუბები ფედერაციის ხელმძღვანელობასთან და მმართველი ორგანოც, ალბათ, ყველაფერს გააკეთებს, რომ ფეხბურთი არ დაიკარგოს საქართველოში, ეს პრობლემა ხომ მხოლოდ "ვიტ ჯორჯიას" არ ეხება.

ფეხბურთელთა ისეთი თაობა მოდის, რომ აუცილებლად სჭირდება გვერდში დგომა - ნორმალური სავარჯიშო პირობები, შეკრებები მოსამზადებელ პერიოდში და მატჩის წინ...

- "ტორპედოს" წამყვანი ფორვარდი ნიკა საბანაძე არ ეყოლება, რაც, ალბათ, შედარებით გაგიადვილებთ საქმეს...
- რა თქმა უნდა, საბანაძე "ტორპედოსთვის" დიდი ძალაა, ის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, თუმცა "ტორპედოში" კიდევ არიან ისეთი თავდამსხმელები, მოდუნების უფლებას რომ არ მოგვცემენ.

- წინა ტურში "დინამოსთან" მოგებულ (1:0) მატჩზეც უნდა გკითხოთ. ყველაზე მეტად რამ განაპირობა "ვიტ ჯორჯიას" წარმატება?
- "დინამოსთან" მატჩისთვის ძალიან სერიოზულად ვემზადებოდით, ყველა დეტალი გათვლილი გვქონდა. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ეს მატჩი მოვიგეთ. მთელი კვირა ვმუშაობდით "დინამოსთან" შეხვედრისთვის, ჩვენი ფეხბურთელების მაქსიმალური მობილიზაციაც ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა.

საქართველოს ჩემპიონატში ასეა - თუ მაქსიმუმს ჩააქსოვ თამაშში, ნებისმიერ გუნდთან შეიძლება წარმატების მიღწევა.

"დინამო" კლასიანი გუნდია, თუმცა მატჩის შედეგიც ფაქტია. შესაძლოა, დინამოელები ასე მიუდგნენ საქმეს - ჩვენ ლიდერები ვართ, "ვიტ ჯორჯია" კი ცხრილში ქვევითააო. თუმცა, ვფიქრობ, მატჩის შედეგი ყველაზე უფრო იმან განაპირობა, თუ ვინ როგორ მოემზადა ამ შეხვედრისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ღვარძლი და ბოღმა ღუპავს საქართველოს და ფეხბურთსაც, მოიგო კაცმა შეარგეთ რა:))დღესაც ხომ მოიგო ტორპედოსთან :)
puma
19:25 19-12-2013
0
დეტალურად შეუსწავლია Dინამო და იმიტო მოუგიათ! გავრდიოლა ხარ, რა!
აფერისტი, ესა! რისი შემსწავლელია, აზრზე არაა ფეხბურტის.
უბრალოდ, Dინამოში ახალი და კიდე უფრო უცოდინარი მწვრთნელია და გაუვარდა ამასაც ყარაულის თოფივით.
ნუ გვაბოლებთ რა ეს ჟურნალისტებიც.
dudu
11:20 19-12-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული