გადაწყვეტილია, რომ "ტორპედოს" გამოცდილი სპეციალისტი რევაზ ძოძუაშვილი დამოძღვრავს, რომელიც ქუთაისური გუნდის დამრიგებელი 1978, 1988-89, 2001-02 და 2006 წლებში იყო. "ტორპედომ" საქართველოს ჩემპიონობა ბოლოს (2002 წელს) სწორედ მისი თავკაცობით მოიპოვა.
კლუბში ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ბრუნდება კლუბის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ხურციძე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამდა, რომ წინა ხელისუფლებამ კლუბი
კლუბში მიმდინარე პროცესებისა და გეგმების შესახებ უფრო ვრცლად "ტორპედოს" ახალ მწვრთნელ რევაზ ძოძუაშვილს ვესაუბრეთ:
- "ტორპედოს" ამჟამინდელ მდგომარეობას სახარბიელო არ ეთქმის. კლუბიდან სპონსორის წასვლით გუნდმა ფინანსური სტაბილურობა დაკარგა და ეს ძალიან ცუდია, რადგან სერიოზული სახსრების გარეშე გუნდის შენება შეუძლებელია.
საბედნიეროდ, მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს, რომ "ტორპედო" გაძლიერდეს და ჩემპიონატში ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდეს.
- როგორც ითქვა, ძველმა სპონსორმა კლუბს სეზონის ბოლომდე სამყოფი თანხა დაუტოვა...
- კი, ეს მართალია, კლუბისთვის გარკვეული თანხა დატოვეს ქალაქის მერიის ანგარიშზე და ახლა "ტორპედოს" ბიუჯეტის დადგენას ველოდებით. მაგრამ გუნდის მთელი სიმდიდრე ფეხბურთელებია, სპონსორის წასვლის შემდეგ კი, რომელთანაც ფეხბურთელებს კონტრაქტები ჰქონდათ გაფორმებული, გუნდი თითქმის ყველა მათგანმა დატოვა. ძველმა სპონსორმა ისინი სხვადასხვა გუნდში გადაანაწილა, "ტორპედო" კი, ფაქტობრივად, ნულზე დარჩა.
ცარიელი ფურცლიდან გვიწევს გუნდის ჩამოყალიბება. მწვრთნელები ძალიან ცუდ სიტუაციაში ვართ, უმოკლეს დროში უნდა შევკრათ ახალი გუნდი და ჩემპიონატისთვის მოვამზადოთ. თანაც, ისეთ პირობებში, როცა ყველა გუნდი ცდილობს, კარგი ფეხბურთელები გადაიბიროს. სატრანსფერო ბაზარზე დიდი კონკურენციაა.
გარდა ამისა, პრობლემაა ისიც, რომ ბევრ ფეხბურთელს აქვს პრეტენზია, ითამაშოს "ტორპედოში". მათ ამ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ და გადავწყვიტოთ, გვიღირს თუ არა მათთან მუშაობის გაგრძელება. ვეცდებით, ჩვენი სასელექციო მუშაობა იყოს პროფესიული, მიზანმიმართული და რეალურად შევძლოთ გუნდის გაძლიერება.
- საკმაოდ დიდი კავშირები გაქვთ, ბევრ ფეხბურთელს იცნობთ და მათთან საქმიანი ურთიერთობებიც გქონიათ. კულუარებში საუბრობენ, რომ "ტორპედო" რამდენიმე გამოცდილ ფეხბურთელს დაიმატებს, მათ შორის - ზურაბ მენთეშაშვილის, მამუკა ღონღაძის, ვალერი აბრამიძისა და სხვათა გვარებიც დასახელდა...
- ვადასტურებ, ბევრ ფეხბურთელთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, მაგრამ კონკრეტულ გვარებს ვერ გეტყვით, რადგან ძალიან ბევრი მსურველია, რომ წლეულს ქუთაისის "ტორპედო" ჩაიძიროს... სასურველი ფეხბურთელები რომ გავამხილოთ, არ არის გამორიცხული, ისინი კონკურენტებმა გადაიბირონ.
- ხომ არ ფლობთ ინფორმაციას, ვის ინტერესებში უნდა იყოს "ტორპედოს" ჩაძირვა?
- ხომ ხედავთ, რომ უკვე დაწყებულია ეგ პროცესი?! 9 თამაშიდან 8-ს რომ წააგებს გუნდი, ჩაძირული არ არის? ყველაფერს სიფრთხილით უნდა მივუდგეთ. იყო ისეთი შემთხვევა, როცა დავასახელე კონკრეტული გვარები და სხვა გუნდებმა დაუწყეს იმ ფეხბურთელებს გადაბირება. თქვენ რომ ახსენეთ, მათთან მართლაც მიდის მოლაპარაკება და დიდი შანსია, "ტორპედოში" ითამაშონ. სხვებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და იმედია, საინტერესო შემადგენლობას მოვუყრით თავს.
- თქვენთან ერთად ვინ იმუშავებს "ტორპედოში"?
- ჩემ გვერდით იქნებიან ისეთი პიროვნებები, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ. ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილი არ არის და სამწვრთნელო შტაბი საბოლოო სახეს ქალაქის ხელმძღვანელობასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღებს. აქ მოიაზრებიან ჯემალ ხერხაძე, დუგლას კავთელაშვილი; მეკარეების მწვრთნელად მიხეილ კვერნაძე იმუშავებს. "ტორპედოში" წლების განმავლობაში მუშაობდა ფიზმომზადების მწვრთნელი ევგენი გორგაძე და ის ახლაც ჩვენ გვერდით იქნება. გუნდის ექიმად მოვიწვიეთ დავით მურღულია, რომელსაც "ტორპედოში" მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს.
- მერთან და გუბერნატორთანაც გქონდათ შეხვედრა?
- დიახ, გვქონდა შეხვედრა და ყველანაირ მხარდაჭერას დაგვპირდნენ, მაგრამ ფეხბურთი დინამიკითაა აღსავსე და მოვლენები კალეიდოსკოპური სისწრაფით იცვლება. დღეს რომ ჩვენ გვესაუბრებით, შესაძლოა, ხვალ აქ სხვა ადამიანები დაგხვდნენ, ასეც ხდება ხოლმე... რეალობა ის არის, რომ ყველაფერს ვიწყებთ სუფთა ფურცლიდან და იმედი გვაქვს, ქალაქის ხელმძღვანელობაც, ჟურნალისტებიც, გულშემატკივრებიც გვერდით დაგვიდგებიან და ერთიანი ძალისხმევით გუნდს მძიმე მდგომარეობიდან გამოვიყვანთ.
არაერთხელ ვყოფილვართ ანალოგიურ სიტუაციაში, მაგრამ თითქმის დაშლილი გუნდები დაგვიყენებია ფეხზე. ძალისხმევას არც ახლა დავიშურებთ.
- "სხვა ხალხი" ახსენეთ და, როგორც ითქვა, "ტორპედოს" თაობაზე გუბერნატორთან მალხაზ ასათიანიც იმყოფებოდა. ამის თაობაზე რას იტყვით?
- ჩვენთან ერთად, ამ ეტაპზე, გიორგი დემეტრაძე და გიორგი ხურციძე არიან, რომელიც ამ ყველაფრის თავი და თავია. ასათიანი ჩვენთან ერთად არ ყოფილა, თუმცა მივესალმები, თუ ჩვენთან ერთად იმუშავებს.
წლების განმავლობაში "ტორპედოში" ერთად არაერთი გაჭირვებაც გადაგვიტანია და წარმატებისთვისაც მიგვიღწევია; ვალმოხდილია ამ გუნდის წინაშე და თუ სურვილი ექნება, მზად ვართ, გვერდით დავიყენოთ.
- სამომავლოდ როგორ გესახებათ - მერია უპატრონებს კლუბს თუ სპონსორი გამოიძებნება? ლაპარაკობენ, თითქოს მერაბ ჟორდანია აპირებს "ტორპედოს" შეძენას...
- ვერ გეტყვით, აპირებს თუ არა ჟორდანია "ტორპედოს" შეძენას... ამ ეტაპზე კლუბს მერია და რეგიონის ხელმძღვანელობა უდგანან გვერდში, რადგან ქალაქის ყველა სიმდიდრე მათ ხელშია თავმოყრილი... ერთმანეთს საგოლე პასი თუ არ მივეცით, გოლს ვერ გავიტანთ.
ასევე, გულშემატკივრებისა და ვეტერანების მხარდაჭერის იმედიც მაქვს. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ "ტორპედო" გავაძლიეროთ.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"