ეს რომ მოსალოდნელი იყო, "ლელო" მანამდეც წერდა, ახლა კი ყველაფერი ბეჭედდასმულია.
გეწაძე ის ფეხბურთელია, თამაშს ფლანგებიდან რომ ამწვავებს, ძლიერი დარტყმაც აქვს... ასეთი ფეხბურთელი ნებისმიერი დაცვისთვის არასასურველია. გეწაძეს უთამაშია საქართველის 19 და 21-წლამდელთა ნაკრებებშიც.
როგორი იქნება მისი კარიერა "ზესტაფონში", ამას დრო გვიჩვენებს, მანამდე კი ის "ლელოს" კითხვებს პასუხობს.
- "ზესტაფონში" "მეტალურგიდან" გადახვედით, რაც პირველ რიგში, ალბათ, იმან განაპირობა, რომ რუსთაველებს
- იმის გათვალისწინებით, რა შესაძლებლობაც იყო, "მეტალურგი" მაქსიმალურ პირობებს მთავაზობდა, მაგრამ მაინც "ზესტაფონში" გადასვლა ვამჯობინე, რადგან ამ კლუბში უკეთესი პირობებია.
- ფაქტია, სეზონის მეორე ეტაპისთვის "ზესტაფონი" მნიშვნელოვნად მოღონიერდა, მაგრამ თუ სატურნირო ცხრილში ჩავიხედავთ, ჩემპიონობის შანსი თითქმის არ აქვს...
- ლიდერთან ჩამორჩენა იმხელაა, ამ სეზონში "ზესტაფონის" ჩემპიონობა ძალიან რთული, შეიძლება ითქვას, წარმოუდგენელიც იქნება, მეორე ადგილზე გასვლა კი სავსებით შესაძლებელი უნდა იყოს.
- ტიპური ფლანგის მოთამაშე ხართ და "ზესტაფონის" მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძეც, ალბათ, იმას აპირებს, რომ ფლანგებიდან დაგავალოთ თამაშის გამწვავება - ამ თემაზე გქონდათ საუბარი მწვრთნელთან?
- კონკრეტულად ამ საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია, თუმცა ვფიქრობ, "ზესტაფონშიც" ფლანგებიდან შევუტევ.
- უფრო კომფორტულად რომელ ფლანგზე გრძნობთ თავს?
- მარცხენა ფლანგზე მირჩევნია თამაში, თუმცა მარჯვნიდან რომ ვუტევ, ამასაც შეჩვეული ვარ. მოკლედ, თუ რომელ ფლანგზე ვითამაშებ, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
- ზოგი გუნდისთვის ფლანგური შეტევები ძალიან ბევრს ნიშნავს, საქართველოს ჩემპიონატში კი ასეთი სპეციფიკური ფეხბურთელები ცოტანი არიან. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია აგრესიული ფლანგების მოქმედება?
- გუნდში ნებისმიერი პოზიცია მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკრეტულად ფლანგებიდან შეტევას, გააჩნია, როგორ გუნდს ეთამაშები და რა ტაქტიკას ირჩევ, რა ტაქტიკური ვარიანტებია ფლანგური შეტევის გასავითარებლად.
- საქართველოში ხშირ შემთხვევაში ასე ხდება - ფეხბურთელი დიდი ხნით არ ჩერდება ერთ გუნდში, უმეტეს მათგანს ხშირად უწევს გუნდიდან გუნდში გადასვლა, რადგან მეტწილ კლუბებში სტაბილური სიტუაცია არ არის. თქვენ კი ბოლო სამი წელი რუსთავის "მეტალურგში" გაატარეთ...
- იმდენად კარგად მოვერგე ამ გუნდს და იმდენად კარგად ვგრძნობდი თავს "მეტალურგში", სხვაგან გადასვლაზე არც ვფიქრობდი. გუნდიც მაღალი მიზნებისთვის იბრძოდა, ევროტურნირზეც ვითამაშეთ... რუსთავურ გუნდში მანამდეც ვთამაშობდი, 2007 წელს საქართველოს ჩემპიონიც გავხდი.
- პროფესიული კარიერა კი "თბილისიდან" დაიწყეთ. მაშინდელ "თბილისს" თითქმის ყველა სიმპათიურ გუნდად მოიხსენიებდა. როგორ ფიქრობთ, ასეთი საინტერესო გუნდები იშვიათად რატომ გამოერევიან ხოლმე საქართველოს ჩემპიონატში?
- ამის მთავარი მიზეზი უსახსრობა უნდა იყოს. მაშინდელ "თბილისში" ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობდა: გოგიტა გოგუა, ნუგზარ ჭელიძე, გოგი ფიფია, სანდრო იაშვილი... მწვრთნელიც ახალგაზრდა და ნიჭიერი გვყავდა - გიორგი დევდარიანი. ეს ყველაფერი განაპირობებდა "თბილისის" თამაშის ხარისხს. მაშინ ამ გუნდში 17-19 წლის ფეხბურთელები თამაშობდნენ, გამოცდილება გვაკლდა და წარმატებებს ამის გამო ვერ მივაღწიეთ.
- აზერბაიჯანშიც მოგიწიათ თამაში, სადაც ბევრად უკეთესი ფინანსური პირობებია, ვიდრე ქართულ კლუბებში. რატომ წამოხვედით იქიდან?
- ჯერ ბაქოს "ოლიმპიკში" ვთამაშობდი, მერე "გაბალაში" გადავედი, პერიფერიაში, იქაურობასთან შეგუება კი გამიჭირდა და საქართველოში დაბრუნება გადავწყვიტე. ისიცაა, რომ "გაბალა" არ იყო ის გუნდი, რომელიც გათვლას ევროტურნირებზე, დიდ პერსპექტივაზე გააკეთებდა.
- და რას ელოდებით ზესტაფონური კარიერიდან?
- "ზესტაფონი" ისეთი გუნდია, რომელიც მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის. ჩემი აზრით, ევროტურნირზე ამ სეზონში უპრობლემოდ მოვხვდებით და მერე არც ის იქნება გამორიცხული, თუ ევროსარბიელზეც მივაღწევთ გარკვეულ წარმატებას. რა თქმა უნდა, "ზესტაფონში" მისვლა მწვრთნელის ფაქტორმაც განაპირობა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"