ზურაბ იონანიძე: რადგან დავიწყე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო

AutoSharing Option
ზურაბ იონანიძემ მარტვილის "მერანი" მძიმე მდგომარეობაში მყოფი ჩაიბარა. გუნდი 13 ქულით ბოლო ადგილზეა და სეზონის განახლების შემდეგ ძირითადი ეტაპის დარჩენილი 4 შეხვედრაც რომ მოიგოს, პირველ ექვსეულში მაინც ვერ მოხვდება.

ასე რომ, იონანიძესა და კომპანიას მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად მოუწევთ ბრძოლა.

42 წლის მწვრთნელი, რომელმაც ფეხბურთელის კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, მაინც იმედიანადაა განწყობილი...

- კარგად ვაცნობიერებ, თუ რა რთულ ვითარებაში ჩავიბარე გუნდი. ბოლო ადგილზე ვართ და ჩვენთვის უკვე თითოეულ ქულასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. მაგრამ ამის მიუხედავად, იმედები არ გადაგვიწურავს. შეუძლებელიც
უნდა შევძლოთ, უმაღლეს ლიგაში ადგილი რომ შევინარჩუნოთ.

- ჯერ მოსამზადებელ ეტაპზე გვითხარით...
- მზადება 10 იანვარს დავიწყეთ. ფიზიკური დატვირთვები მარტვილში გვაქვს, ბურთთან ვარჯიშებს კი სამტრედიაში ვატარებთ.

- მარტვილის სტადიონი სათამაშოდ კვლავ მოუმზადებელია?
- დიახ, კვლავ მოუმზადებელია, სამწუხაროდ... სტადიონის მოწესრიგებას დიდი სახსრები სჭირდება და ეს სახელმწიფოს გარეშე ვერ გაკეთდება.

- ანუ მეტოქეებს შინ ვერც მეორე წრეში უმასპინძლებთ?
- ასე გამოდის. ეს ჩვენს ამოცანას კიდევ უფრო ართულებს, მაგრამ ქართულ კლუბში პრობლემებს რა გამოლევს? რადგან მუშაობა დავიწყე, ბოლომდე უნდა ვიბრძოლო. მშიშარა ფეხბურთელობის დროსაც არ ვყოფილვარ და ეს თვისება მწვრთნელობაშიც გამომადგება.

- გუნდში ბევრი ცვლილება მოხდა და იქნებ მათზე დეტალურად მოგვითხროთ...
- "ვიტ ჯორჯიაში" გადავიდნენ მეკარე ჯონი შეროზია და ცენტრალური მცველი ლაშა ღონღაძე. სხვა გუნდებში გააგრძელებენ კარიერას მცველი თემურ ფარულავა, ნახევარმცველი გიორგი მელქაძე და თავდამსხმელი შალვა კვანტალიანი.

- რაც შეეხება შევსებას...
- ამ მხრივაც გვაქვს სიახლეები: მეკარეები - ზურაბ მამალაძე "ზუგდიდიდან" და გიორგი ბეგაშვილი "გაგრადან", ჩვენთან ითამაშებს "ზესტაფონის" ყოფილი მცველი ალექსი ბენაშვილი, "ჩიხურას" თავდამსხმელი გაგა ჩხეტიანი და მცველი გიორგი ტყეშელაშვილი, რომელიც უგუნდოდ იყო დარჩენილი, "გურიიდან" კი ლადო ჯოჯუა და ვალერი იობაშვილი მოვიწვიეთ.

ჩვენთან ვარჯიშობს თავდამსხმელი დათა ციცხვაია, რომელიც მარტვილელია, მაგრამ ფოთის "კოლხეთსა" და "გაგრაში" თამაშობდა, ბოლოს კი - "ჭიათურაში".

"ზესტაფონთან" საკონტროლო შეხვედრაში ვათამაშეთ ნიგერიელი ლეგიონერი რაფაელო, რომელმაც საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და, ალბათ, ჩვენთან დარჩება. საინტერესო საყრდენი ნახევარმცველია და მიმაჩნია, რომ გუნდს გამოადგება.

- აკაკი შულაია ევროპაში წასვლას იმედოვნებდა, მაგრამ "ზესტაფონთან" მანაც ითამაშა...
- შულაია დარჩა, რაც ძალიან მახარებს. 17 წლის კია, მაგრამ ამის მიუხედავად, ეროვნულ ჩემპიონატსა და ასაკობრივ ნაკრებებში საკმაოდ დიდი გამოცდილება შეიძინა. აკაკის ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რომ გუნდს გამოადგეს, ხოლო მომავალში დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

- კიდევ ვისთან გექნებათ საკონტროლო მატჩები?
-"ზესტაფონთან", მისსავე ბაზაზე, 1:3 რომ წავაგეთ, გეცოდინებათ. წელს ეს ჩვენი პირველი საკონტროლო მატჩი იყო. კიდევ ორი სპარინგი დავგეგმეთ: 26 იანვარს ხონის "იმერეთს" შევხვდებით, ხოლო 31-ში წყალტუბოს "სამგურალს". მერე შეკრებას დავიწყებთ. საკითხი ახლა წყდება და მალე მეცოდინება, ურეკში გავემგზავრებით თუ ქობულეთში.

- მწვრთნელობა ძალიან მძიმე და სანერვიულო პროფესიაა. თქვენ ახლა შეუდექით ამ გზას, გამოუცდელი ხართ და პირველი ნაბიჯებიც ძნელი იქნებოდა...
- ფეხბურთელის კარიერა 4 წლის წინ დავასრულე, მაგრამ ფეხბურთიდან არ წავსულვარ - ვიყავი "ზესტაფონის" სელექციონერი და ვარჯიშებს არ ვაცდენდი. მწვრთნელობა მაშინაც მაინტერესებდა, თანაც ცნობილი სპეციალისტების ხელმძღვანელობით მითამაშია და მგონია, რომ ეს გამოცდილება გამომადგება. გვერდში მყავს ვეტერანი ფეხბურთელი შალვა ღონღაძე და მიმაჩნია, რომ საქმეს ერთად კარგად გავართმევთ თავს.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზურაბ, ქომაგების გამხარებელი კარგი ფეხბურთელი იყავი და უფალმა მწვრთნელობაშიც წარმატებები მოგცეს.
gaiozi
17:36 23-01-2014
0

სიახლეები პოპულარული