დინამო-ნებითიჩი 3:1 - ბოლო მაინც ტკბილი იყო... [VIDEO]

AutoSharing Option
არავის გვესიამოვნა, როცა თურქულ შეკრებაზე მყოფი თბილისის "დინამო" ექსპერიმენტული შემადგენლობით დაუპირისპირდა რუსეთის პირველი ლიგის წარმომადგენელს, ნალჩიკის "სპარტაკს" და 1:6 წააგო.

კიდევ ვიმეორებთ, რომ ჩვენი ჩემპიონი აშკარად გადახალისებული შემადგენლობით ეთამაშა რუსეთის პირველი ლიგის მეთერთმეტეადგილოსანს და დღესდღეობით ფინანსურ კრიზისში მყოფ ნალჩიკის "სპარტაკს", მაგრამ როგორც ამ საკონტროლო მატჩის საბოლოო შედეგია საწყენი, ისე - უამრავი და მართლაც ბავშვური შეცდომა, "დინამოს" ფეხბურთელებს რომ მოსდიოდათ.

თავად განსაჯეთ: ნალჩიკელთა გუნდის 6 გოლიდან მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო, როცა მეტოქის ფეხბურთელმა ინდივიდუალური ოსტატობა გამოავლინა და ეფექტურადაც დაარტყა; აი, დანარჩენი
ხუთი გოლი კი დინამოელთა უკანახაზელთა უხეშ შეცდომებს მოჰყვა (პლუს ამას, ჩვენი გუნდის ახალგაზრდა მეკარეებმაც ვერ გადაგვარჩინეს იმ საგოლე ეპიზოდებში).

ერთადერთი შვება, ალბათ, ის თუ იქნებოდა, როცა გიორგი მერებაშვილმა მეორე ტაიმში მართლაც ჩინებული გოლი გაიტანა.

აქვე იმასაც დავამატებთ, რომ მეორე ტაიმში "სპარტაკის" შემადგენლობაში მოედანზე გამოჩნდა ნალჩიკელთა გუნდის ლიდერი და ახლო წარსულში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელი, 32 წლის დავით სირაძე. აი, რაც შეეხება "სპარტაკის" მეორე ჩვენებურს, 23 წლის ელგუჯა რუხაიამ "დინამოს" კარში ორი გოლი გაიტანა...

ეს ყველაფერი 9 თებერვალს მოხდა, 10-ში კი "დინამომ" ანტალიური შეკრების ბოლო მატჩი ჩაატარა და 3:1 გაიმარჯვა.

წინასწარ ვიცოდით, რომ მალხაზ ჟვანიას გუნდის მეტოქე უზბეკეთის ოთხგზის ჩემპიონი, ფერღანის "ნეფთჩი" უნდა ყოფილიყო, თუმცა, როგორც ხშირად ხდება ხოლმე მოსამზადებელ პერიოდში, მეტოქე შეიცვალა და "დინამო" თურქმენეთის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორ "ნებითიჩის" დაუპირისპირდა - გუნდს, რომლის მთავარი მწვრთნელიც თურქმენეთის ეროვნული ნაკრების თავკაცი რახიმ ყურბანმამედოვი გახლავთ.

"დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა მოედანზე თითქმის ოპტიმალური შემადგენლობა გამოიყვანა (თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ გიორგი ლორიასა და ირაკლი მოდებაძეს): დაუშვილი - პაპავა, ხიდეშელი (60. რეხვიაშვილი), გველესიანი, კვირკველია - პაპუნაშვილი, ძარია, ჯანელიძე (70. ცინცაძე) - ჩისკო, ვუო (78. გორგიაშვილი), მერებაშვილი (46. გოგა).

..."დინამომ" სწრაფი და ეფექტური გოლი გაიტანა: მე-6 წუთზე ჩისკომ მოედნის ცენტრში მიიღო ბურთი, ეფექტური ფინტით მეურვეს გასცდა და მარცხნივ მერებაშვილს გადააწოდა, ამ უკანასკნელმაც ფლანგზე გაინავარდა და მის ზუსტ პასს ჩისკოს ერთი შეხებით დარტყმა მოჰყვა!

30-ე წუთზე თურქმენული კლუბის კარში პენალტი დაინიშნა: მართალია, "ნებითიჩის" მეკარემ გიორგი მერებაშვილის მიერ შესრულებული 11-მეტრიანი მოიგერია, თუმცა თავად მერებაშვილი ყველაზე ახლოს გაჩნდა ბურთთან და "დინამოს" უპირატესობა ორამდე გაზარდა.

მეორე ტაიმში, კერძოდ, 59-ე წუთზე, თურქმენებმა მარტივი, სამსვლიანი კომბინაციით ბურთი საკუთარი ნახევრიდან დინამოელთა საჯარიმომდე უპრობლემოდ მიიტანეს და "დინამოს" დაცვის ცენტრის მორიგი ჩავარდნით ანგარიშში სხვაობაც შეამცირეს. თუმცა, 88-ე წუთზე, დორინ გოგას აქტიურობის შემდეგ ჩისკომ ეფექტური თავური დარტყმით ამ საკონტროლო მატჩის საბოლოო შედეგი დააფიქსირა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ ნალჩიკის "სპარტაკამდე" და ბოლო საკონტროლო მატჩამდე თურქულ შეკრებაზე "დინამო" ფრედ ეთამაშა პოლონურ "პოდბესკიძიეს" (1:1), ხორვატულ "ჰაიდუკთან" (1:2) და ჩეხურ "მლადა ბოლესლავთან" (1:3) დამარცხდა; აი, ოდესის "ჩერნომორეცთან" კი, როცა ანგარიში 1:0 იყო ჩვენი ჩემპიონის სასარგებლოდ, მეტოქის მხრიდან უპატივცემულობის გამოხატვის გამო "დინამოს" მთავარი მწვრთნელის, მალხაზ ჟვანიას გადაწყვეტილებით, ჩვენი გუნდი პროტესტის ნიშნად მოედნიდან გავიდა და ეს საკონტროლო მატჩი ჩაიშალა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული