ფეხბურთის ფედერაციის მიერ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას წარმოდგენილ პროგრამასა და მას შორის საკმაო მსგავსებაა. ისიც 3-წლიანი გეგმაა, რომელიც უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბების გარანტირებულ დაფინანსებას გულისხმობს და იქაც ლაპარაკია ფეხბურთის სოციალურ მნიშვნელობასა და ამ სფეროში ადამიანების დასაქმებაზე.
ერთ-ერთი პირველი კი, ვინც სახელმწიფოს ფეხბურთის განვითარების საკუთარი პროგრამა გააცნო, გია ისიანი გახლდათ. შარშან თებერვალში "ლელოში" მისი პროგრამა გამოქვეყნდა. სხვებისგან ის იმით განსხვავდება, რომ აქცენტი გადატანილია ბიზნესისა და სახელმწიფო
იხილეთ ვრცლად
გორის "დილას" მენეჯერი კმაყოფილია, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ფეხბურთის განვითარებით დაინტერესდა.
ისიანი წლების განმავლობაში მუშაობდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და თბილისის "დინამოში", თანამედროვე ფეხბურთსა და უეფას ლიცენზირების მოთხოვნებს კარგად იცნობს და პროგრამაც სწორედ ამის გათვალისწინებით დაწერა.
გარკვეულ ეტაპამდე, ის საბიუჯეტო კლუბების არსებობას ემხრობა და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ისინი უნდა დააფინანსოს მანამ, ვიდრე კომერციულ რელსებზე გადავლენ.
ისიანს ბოლოდროინდელ ამბებზე ვესაუბრეთ:
- გახარებული ვარ, რომ სახელმწიფო ფეხბურთით დაინტერესდა. ჩვენ უკვე გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს არ იყო მხოლოდ ინტერესი, საქმე რეალურად დაიძრა და არსებობს პროგრამები. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კლუბების გაერთიანებამ და აქტიურობამ გამოიწვია. სულ ვამბობდი, რომ ჩვენი ერთიანობის გარეშე არაფერი გამოვიდოდა.
ჩემი აზრით, ფეხბურთის განვითარებისთვის საჭიროა კანონი სპორტის შესახებ, რომელიც სპორტული სამყაროსა და სახელმწიფოს ურთიერთობას დაარეგულირებს. ეს იქნება სპონსორების დაინტერესებაზე მაქსიმალური ზრუნვის საფუძველი.
- ამით პრობლემა მოგვარდება?
- ეს მხოლოდ პროცესის ნაწილია. აუცილებელია ამ საქმეში მასმედიის, ტელევიზიების, ბეჭდური თუ ინტერნეტგამოცემების ჩართულობაც. სამწუხაროდ, ამას ბევრი ვერ აცნობიერებს. მიმაჩნია, რომ მასმედიის წარმომადგენლების კომისიაში ჩართვა არანაკლებ საჭიროა, ვიდრე კლუბების მფლობელების, იურისტების, ეკონომისტების, ბიზნესმენების და ასე შემდეგ.
დღეს, სამწუხაროდ, საფეხბურთო მიმოხილვა მხოლოდ საზოგადოებრივ მაუწყებელზე დარჩა, სხვა არხებზე ჩვენი ჩემპიონატი და, ზოგადად, ქართული ფეხბურთი არ შუქდება და როგორ უნდა გაიგოს ინტერნეტსა და ტელევიზიაზე მუჯაჭვულმა ახალმა თაობამ, რა არის ქართული ფეხბურთი? ამიტომ, ჩემი აზრით, სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი სოლიდური გადაცემების მომზადებასაც უნდა მოხმარდეს.
- წმინდა სპორტული პრობლემებიდან რომელს გამოყოფდით?
- პრობლემურია სპორტული ინვენტარის საკითხი, რომელსაც საქართველოში თითქმის არ ამზადებენ. ამიტომ, მისი შემოტანა და საკმაოდ სოლიდური გადასახადების გადახდა გვიწევს. გამომდინარე აქედან, აუცილებლად მიმაჩნია, რომ ასეთ პროდუქციაზე საბაჟო მოსაკრებელი უნდა შემცირდეს, გუნდები ელემენტარული ინვენტარით რომ იყონ უზრუნველყოფილნი.
ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემა ისიცაა, რომ მოთამაშეები დაზღვეულები არ არიან. არადა, საკლუბო ცხოვრებაში ჩახედული ადამიანები დამეთანხმებიან, რომ ამ პრობლემის მოგვარებით კლუბსა და მოთამაშეს ბევრი ხარჯი მოეხსნებათ, ხოლო ტრავმის გამო ნიჭიერი მოთამაშე ფეხბურთს თავს უფულობის მიზეზით აღარ დაანებებს.
- პრემიერისა და ფედერაციის ხელმძღვანელთა შეხვედრის შემდეგ შევიტყვეთ, რომ საფეხბურთო სტადიონების მოწესრიგება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას დაევალა. ამ კუთხით რა არის მოსაგვარებელი?
- თუ ჩვენი სტადიონები და ბაზები მოწესრიგდება, კლუბები ბევრად უფრო აზრიანად და მშვიდად იმუშავებენ. დღეს კი, თავადაც იცით, ბევრი კლუბი საკუთარ სტადიონზე ვერ თამაშობს, სხვა ქალაქებში თამაშსა და ვარჯიშებში კი სოლიდურ ფულს ხარჯავენ. შედეგად, კლუბების ბიუჯეტები არაეფექტურად იხარჯება. საკუთარი სტადიონებითა და ბაზებით ისინი ზედმეტი ხარჯისგან გათავისუფლდებიან.
გამოვყოფდი უსაფრთხოების საკითხებს - მატჩის მონაწილეთა დაცულობისთვის აუცილებელია, რომ პოლიციამ ტრიბუნებზე კონტროლი გაამკაცროს.
კიდევ ბევრი საკითხია მოსაგვარებელი... სამწლიანი დაფინანსების გარანტიებზე ადრეც ვილაპარაკე. დღევანდელი მიდგომებით მივიღეთ პროფესიულად გაუმართავი ორგანიზაციები, ნახევარწლიანი გუნდები, რომელთაც არ აქვთ განვითარების პროგრამა, მიზანი, ბავშვთა ფეხბურთის პროგრამა, ინფრასტრუქტურა და საერთოდ, მისთვის მორგებული სტრატეგია. პროექტის ამოქმედება კი ვითარებას რადიკალურად შეცვლის - განვითარდებიან კლუბები, გაიზრდებიან მოთამაშეები, ამაღლდება ეროვნული ჩემპიონატის დონე და ნაკრებები შევსებას რეგიონებიდანაც მიიღებენ. ამას კი მოჰყვება ის, რომ შეწყდება დაბალი დონის ლიგებში ჩვენი ახალგაზრდების მიგრაცია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რევაზ ძოძუაშვილი: დავუმტკიცებ, რომ დიდი ქართული ფეხბურთი ლეგენდა კი არა, რეალობაა
მამუკა კვარაცხელია: ისიც უნდა გამოიძიონ, თუ რა მოხდა 2007 წლის 13 მაისს
ბიძინა ბარათაშვილი: მთავარი ისაა, აპირებენ ფეხბურთში ფულის ჩადებას?
ტარიელ ხეჩიკაშვილი: თუ ეს პროექტი განხორციელდა, ქართული ფეხბურთი ამ წუმპეს თავს დააღწევს
ილია კოკაია: ღარიბაშვილს ფეხბურთი აინტერესებს და ეს ძალიან მაიმედებს