ესეც ორი მილიონი! - ბიძინა ივანიშვილი საჩხერის "ჩიხურაზე" ხელს არ აიღებს

AutoSharing Option
გავრცელებული ხმები, თითქოს "ქართუ ჯგუფი" საჩხერის "ჩიხურას" აღარ დააფინანსებდა, არ დადასტურდა.

კლუბის გენერალურმა დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ გვითხრა, რომ ბიუჯეტი უკვე დამტკიცებულია. მეტიც - შესაძლოა, ის გაიზარდოს კიდეც.

"მალე ჩვენს ანგარიშზე ორ მილიონამდე ლარი ჩაირიცხება და ამით გაქარწყლდება ხმები, თითქოს, ბიძინა ივანიშვილი კლუბის დაფინანსებას არ აპირებდა.

სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ დინამოელების - გრიგალაშვილისა და ხმალაძის დამატება, რაც გუნდს საგრძნობლად გააძლიერებს.

შესაძლოა, ბიუჯეტი კიდევ გაიზარდოს, რადგან ევროთასებზე გასვლის შემთხვევაში, მეტი ხარჯი გვექნება და როგორც გვითხრეს, საჭიროების შემთხვევაში, ამასაც გაითვალისწინებენ", - ამბობს შუკაკიძე.

Sportall.Ge
"ჩიხურას" გენერალურმა დირექტორმა კიდევ ერთი სიახლე გაგვანდო:

"ახლა ბევრს ვლაპარაკობთ ქართულ ფეხბურთში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე.

ფეარ-პლეის პრინციპების დასაცავად, ჩვენ და გორის "დილამ" პირველი ნაბიჯი გადავდგით და მემორანდუმი გავაფორმეთ - ერთმანეთის წინააღმდეგ აკრძალულ ხერხებს არ გამოვიყენებთ, არ შევეცდებით მსაჯების კეთილგანწყობის მოპოვებას და დავიცავთ მატჩის სპორტულ სულისკვეთებას.

ეს ყველაფერი დეკლარაციულ ხასიათს ატარებს და გვსურს, ქართულ ფეხბურთში არსებულ მანკიერ მოვლენებს გავემიჯნოთ. დარწმუნებული ვარ, სხვა კლუბებიც მოგვბაძავენ".

შუკაკიძემ კერძო კლუბების მეპატრონეებისა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრაზეც გვითხრა:

"პრემიერი კლუბების პრობლემებით დაინტერესდა. ქართული ფეხბურთის აღორძინების პროგრამაზე სახელმწიფო კომისია იმუშავებს, რომელიც, დაახლოებით, ერთ თვეში დაკომპლექტდება. იმედია, მასში კერძო კლუბების წარმომადგენლებიც მოვხვდებით, ყველა პრობლემა და დეტალი რომ გავითვალისწინოთ.

ჩემი აზრით, პაციენტს სანამ ვუმკურნალებთ, მას ზუსტი დიაგნოზი უნდა დავუსვათ. ანუ, უპირველესად, არსებული მდგომარეობის შეფასება გვჭირდება. ფეხბურთი ფულით ისედაც აღორძინდება, მაგრამ თუ არ გავიგეთ, რა იწვევს პრობლემებსა და რეგრესს, სახელმწიფოს სახსრები ეფექტურად ვერ დაიხარჯება და მეტი ფული დაგვჭირდება.

ჩემი აზრით, ძალიან სერიოზული მიხედვა სჭირდება ინფრასტრუქტურას, რომელიც ახლა საშინელ მდგომარეობაშია. აუცილებელია, თანხები გამოიყოს მწვრთნელთა განათლებასა და ბავშვთა გაზრდაზე. ფეხბურთი სოციალური მოვლენაა და რაც მეტი ბავშვი დაკავდება, მეტი ჯანმრთელი ახალგაზრდა გვეყოლება და უკეთესი თაობები გაიზრდებიან.

დღეს კი ბევრს ფეხბურთზე შესვლის საშუალება არ გააჩნია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული