ამ ტრანსფერს თითქოს ყველაფერი ხელს უწყობდა - მეკარე "დინამოს" ძირითადში ვერ ხვდებოდა და კლუბმა, უცხოეთში გაშვების იმედად, ტრანსფერზე დააყენა.
უცხოეთიდან არა, მაგრამ მიგინეიშვილს ზესტაფონიდან კი დაუკავშირდნენ და იქ გადაბარგება შესთავაზეს. ტრანსფერი, ფაქტობრივად, მოგვარებული იყო, მაგრამ... კურიოზიც ამის შემდეგ მოხდა. ფეხბურთელი ახლა ისევ
აი, რას გვეუბნება ის:
"ზესტაფონის" მწვრთნელ გია გეგუჩაძესა და კლუბის ხელმძღვანელებთან ყველა სატრანსფერო საკითხზე შეთანხმებული ვიყავი, ერთმანეთში მორიგება არც კლუბებს გასჭირვებიათ, როცა ზესტაფონში, სრულიად შემთხვევით, გაჩნდა ეჭვი, რომ ფეხბურთელს ერთ სეზონში ერთი ქვეყნის სამ გუნდში თამაში არ შეეძლო.
საქმის გარკვევა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ვცადეთ, თუმცა იქიდან ზუსტი პასუხი ვერ მივიღეთ. მერე გენერალური მდივანი რევაზ არველაძე უეფას დაუკავშირდა და იქაურ მოხელეებს საქმის ვითარება აუხსნა. უეფადან კი შემოთვალეს - მიგინეიშვილმა სეზონი თბილისის "დინამოში" უნდა დაამთავროსო".
სხვა რა გზა იყო - "ზესტაფონმა", მიგინეიშვილის ნაცვლად, სერბი მეკარე დაიმატა, თავად გულდაწყვეტილი ფეხბურთელი კი თბილისში დაბრუნდა და დღემდე "დინამოს" დუბლებში ვარჯიშობს, რადგან ძირითადი გუნდი აქამდე თურქულ შეკრებაზე იყო, მომავალი კვირიდან კი ომარმა, შესაძლოა, მთავარ "დინამოში" გადაინაცვლოს.
არადა, ნახევარი წლის წინ ქუთაისის "ტორპედოდან" თბილისისკენ მომავალი მეკარე რას იფიქრებდა, თუ მისი საქმეები ასე აიწეწებოდა. "ტორპედოში" ყოფნისას ხომ მისი ერთი ოცნება ახდა და თემურ ქეცბაიამ საქართველოს ნაკრებში მიიწვია.
ეროვნულ გუნდში დებიუტი მას 2013 წლის 2 მარტს, ირლანდიასთან 0:4-ზე წაგებულ ამხანაგურ შეხვედრაში ჰქონდა. სადებიუტო მატჩისთვის 0:4 ყურს ცუდად კი ხვდება, მაგრამ იმ მატჩში მიგინეიშვილმა გუნდი კიდევ რამდენიმე გოლისგან იხსნა.
- წინა სეზონი რომ დამთავრდა, ქუთაისის "ტორპედოსთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. კლუბის უფროსობასთან მოლაპარაკება კი დავიწყე, მაგრამ არაფერი გამოვიდა, პირობებზე ვერ შევთანხმდით. თანაც, იმ დროისთვის "დინამოც" მიწვევდა და თბილისში წასვლა გადავწყვიტე.
- "დინამოში" წახვედით, მაგრამ მას შემდეგ ფეხბურთის ქომაგს მეკარე მიგინეიშვილი, ცოტა არ იყოს, დაავიწყდა.
- ნახევარი სეზონი სკამზე გავატარე, არადა, "დინამოში" ამისთვის ნამდვილად არ გადავსულვარ. ისე, ძირითადი შემადგენლობიდან გიორგი ლორიას ამოგდება ძნელი ყოფილა. "დინამოში" რომ მივდიოდი, მაშინ მწვრთნელი დუშან უჰრინი იყო. მან რამდენჯერმე მითხრა - თავის გამოჩენის შანსს აუცილებლად მოგცემო, მაგრამ ძირითადში მოხვედრას საშველი არ დაადგა.
მერე უჰრინიც წავიდა გუნდიდან და სხვას ვის დავლაპარაკებოდი?! არადა, ქუთაისიდან რომ მოვდიოდი, მართლაც კარგ ფორმაში ვიყავი, მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მქონდა, ეროვნულ გუნდშიც გამომიძახეს...
- ...ცოტა ხნის წინ კი "ზესტაფონში" გადასვლას აპირებდით. რა გარანტია გქონდათ, რომ გია გეგუჩაძის ხელში ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდით?
- გარანტია არ მქონდა, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ "ზესტაფონში" მთავარი მეკარე ვიქნებოდი. ჩაშლილ ტრანსფერამდე გეგუჩაძეს რამდენჯერმე ველაპარაკე, მისი ხელმძღვანელობით ვვარჯიშობდი კიდეც და მალევე დავრწმუნდი, რომ ძირითადში ვიქნებოდი. ისე კი "ზესტაფონს" ორი კარგი მეკარე ჰყავს - კუპატაძე და მეშველიანი პერსპექტიული ბიჭები არიან.
- ეგ კი, მაგრამ, "ზესტაფონში" რომ ვარჯიშობდით, არავინ იცოდა, რომ ერთ სეზონში ეს თქვენთვის მესამე გუნდში იქნებოდა?
- იცით, ადრე ყოფილა შემთხვევა, როცა ფეხბურთელებს სეზონში სამი გუნდი გამოუცვლიათ, მაგრამ ეს იმიტომ მომხდარა, რომ რომელიმე კლუბი შუა სეზონისას დაშლილა და ფეხბურთელებისთვისაც თამაშის სხვაგან გაგრძელების უფლება მიუციათ. თანაც, "ზესტაფონში" რომ მივდიოდი, ეროვნულ ჩემპიონატში "დინამოს" მაისურით ერთი მატჩიც არ მქონდა ჩატარებული, მხოლოდ თასის ერთ შეხვედრაში მქონდა "დინამოში" ნათამაშები.
თუმცა უეფამ არც ეს გაითვალისწინა და ისე მოხდა, რომ "დინამოში" დაბრუნებამ მომიწია.
- "დინამო" შეკრებიდან დაბრუნდა და ახლა თუ ხართ მზად, რომ ლორიას ღირსეული კონკურენცია გაუწიოთ?
- ექვსი თვის უთამაშებელი ვარ და ცხადია, ცოტა გამოჭირდება, მაგრამ "დინამოს" ძირითადში მოსახვედრად ცდას არ დავაკლებ. გუნდი რომ თურქეთში იყო, დუბლებთან ერთად ვვარჯიშობდი, თუმცა სათამაშო პრაქტიკა მაინც სხვაა და ეს მაკლია სწორედ. ისე, "კარის გრძნობა" დაკარგული არ მაქვს და იმედია, ფორმასაც მალე აღვიდგენ.
- "დინამოსთან" კონტრაქტი როდემდე გაქვთ?
- სეზონის ბოლომდე.
- სეზონის ბოლოს კი მაინც "ზესტაფონში" წახვალთ?
- არ ვიცი, ამაზე ლაპარაკი ჯერ ძალიან ადრეა, თან ჯერ "დინამოს" ხელმძღვანელობასთანაც არ მილაპარაკია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"