რევაზ ძოძუაშვილი: საინტერესო ფეხბურთელები აღმოვაჩინეთ

AutoSharing Option
რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილმა "ტორპედომ" მორიგი სპარინგი გამართა. პირველ ლიგაში მოასპარეზე ბათუმის "ადელთან" ქობულეთში დაგეგმილი მატჩი, საბოლოოდ, ბათუმელთა სტადიონზე შედგა.

ზედიზედ მეორე მატჩია, ქუთაისელთა ახალწვეული, ლატვიელი იგორ სავჩენკოვსი, მოედნიდან უგოლოდ არ გადის. 25-ე წუთზე მასპინძლები პენალტით დაწინაურდნენ - 1:0, თუმცა 50-ე წუთზე "ტორპედომ" წონასწორობა სწორედ მისი ზუსტი დარტყმით აღადგინა - სავჩენკოვსმა ირაკლი ხუჭუას ჩაწოდება თავურით დააგვირგვინა - 1:1.

ეს ანგარიში თამაშის ბოლომდე აღარ შეცვლილა.

ტორპედო: ს. ცაბუტაშვილი (46. ადამია), ზ. გელაშვილი (70. ვოლნერი), თ. ჩადუნელი, სავჩენკოვსი, ხუჭუა (65. ნ. ხარაბაძე), გოგიჩაიშვილი
(46. ლაღაძე), მამასახლისი, ლექვთაძე (60. ღვიტიძე), გ. ჩიკვაიძე (46. დ. ხურციძე), მარკოზაშვილი, მ. ღონღაძე.

* * *
წლის პირველ ოფიციალურ თამაშს "ტორპედო" 22 თებერვალს გამართავს - დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში ძოძუაშვილის გუნდი ქუთაისში გორის "დილას" დაუხვდება. მატჩამდე ოთხი დღე დარჩა და, ცხადია, ქუთათურები ამხანაგურ მატჩებს აღარ გეგმავენ.

ფაქტობრივად, "ტორპედომ" ჩემპიონატისა და სათასო დაპირისპირებებისთვის მზადება დაასრულა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისელებმა ვარჯიში 10 იანვარს დაიწყეს. დღემდე კლუბს არ ჰყავს ახალი პატრონი, გაურკვევლობა გრძელდება. ცხადია, ამის გამო უცხოური შეკრებაც გამოირიცხა.

გამომდინარე აქედან, რევაზ ძოძუაშვილმა საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო: გუნდის შესათამაშებლად და გასასინჯი მოთამაშეების გასაფილტრად, 37 დღეში "ტორპედოს" 12 ამხანაგური მატჩი ათამაშა, ანუ ლამის ყოველ სამ დღეში ერთხელ ქუთათურები სხვადასხვა მეტოქესთან ცდიდნენ ძალებს. ამ 12 სპარინგიდან ძოძუაშვილის შეგირდებმა 6 მატჩი მოიგეს, 3 ფრედ დაასრულეს და ამდენივე წააგეს.

თუ რამდენად ნაყოფიერად მოემზადა "ტორპედო" სეზონის განახლებისთვის, ეს თასის მეოთხედფინალში გამოჩნდება.

"დაკომპლექტება უკვე დასრულებულია, ახალწვეულებთან კონტრაქტები გავაფორმეთ. სხვებთან ერთად, განაცხადშია დავით ხურციძე, რომელიც მოსკოვის ცსკა-ს დუბლებში თამაშობდა - საინტერესო, პერსპექტიული ფეხბურთელია.

ვერ ვიტყვი, რომ მოსამზადებელი ეტაპით კმაყოფილი ვარ. ან როგორ ვთქვა, როცა სულ რაღაც ოთხი დღეა, რაც საღორიის ბაზის სასადილო გაგვიხსნეს. გუნდის მომზადებისას კი ყველა წვრილმანს, მათ შორის კვებას, უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

სულ მოსამზადებელ ეტაპზე 40-მდე მოთამაშე გავსინჯეთ და მგონია, საინტერესო ფეხბურთელებიც აღმოვაჩინეთ. თუ გახსოვთ, თავის დროზე, რიგის "სკონტოსა" და ლატვიის ნაკრებში ლუკაშევიჩი ქუჩიდან ავიყვანე.

ვფიქრობ, რომ რამდენიმე უცნობ ახალწვეულს არანაკლები პერსპექტივა გააჩნია", - ამბობს ძოძუაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული