დილა-გურია 1:3 - ამდენს არ ვგეგმავდითო... [VIDEO]

AutoSharing Option
ჩემპიონატის განახლებას გუნდები მნიშვნელოვნად გადახალისებული შემადგენლობებით შეხვდნენ.

ახალმა "დილამ" ორიოდე დღის წინათ, სათასო მატჩში "ტორპედოსთან" სტუმრად გამარჯვებაც მოასწრო, თუმცა იმავე შეხვედრაში მიღებული ტრავმების გამო რამდენიმე ფეხბურთელი დროებით დაკარგა. ამ მიზეზით გორელებს "გურიასთან" ლუკა რაზმაძე, გულვერდ თომაშვილი, კობა შალამბერიძე და ნიკა სადაღაშვილი, ხოლო დისკვალიფიკაციის გამო ნიკა ჯიშკარიანი აკლდათ, ხოლო მეტოქემ ვილი ისიანი მოისაკლისა.

პირველი ტაიმი არცთუ მაღალ ტემპში წარიმართა. დროის ამ მონაკვეთის დიდმა ნაწილმა საგოლე მომენტების გარეშე ჩაიარა. მასპინძლები გარკვეულ უპირატესობას კი ფლობდნენ, მაგრამ მინდია ბობღიაშვილის კართან ხიფათს ვერ ქმნიდნენ. "დილას"
გამოკვეთილი შემტევი გიორგი ბერიაშვილი გურულ მცველებს მაქსიმალური ყურადღების ქვეშ ჰყავდათ.

Sportall.Geთუმცა 26-ე წუთზე, როცა მატჩის პირველი მწვავე ეპიზოდი მოვინიშნეთ, სწორედ ბერიაშვილმა ჩაუწოდა კარისკენ ზურგით მდგომ ლევან კორღალიძეს, რომელმაც პენალტის ნიშნულიდან "მაკრატელა" დასცხო, მაგრამ ოდნავ სიზუსტე დააკლდა.

შესვენებამდე მასპინძელთა მხრიდან შეტევაში ყველაზე აქტიური სწორედ კორღალიძე გახლდათ. ერთ ეპიზოდში მან დავით რაჟამაშვილი მონახა კარგ პოზიციაზე, ოღონდ ამ უკანასკნელის თავური სუსტი გამოდგა. იგივე კორღალიძე ახლოს იყო მიზანთან საშუალო მანძილიდან დარტყმის დროს, მაგრამ ამ მომენტში პირველად ჩაერთო თამაშში მეკარე ბობღიაშვილი, რომელმაც იერიში გააუვნებელყო.

მეორე ტაიმი უფრო ფიცხი ორთაბრძოლებით დაიწყო. "დილამ" მეტი მონდომებით შეუტია. 47-ე წუთზე, ალექსანდრე კოშკაძის კუთხურის შემდეგ, ოთარ ხიზანეიშვილს ახლო მანძილიდან ძლიერი დარტყმით შეეძლო გატანა, მაგრამ ბობღიაშვილმა კარი არ დაანება. ხიზანეიშვილს რომ შეეგდო, იქნებ ეს ეპიზოდი საკვანძოც გამხდარიყო, მაგრამ...

...ყველაფერი პირიქით მოხდა - საკვანძო ის ეპიზოდი გამოდგა, რომელიც მალევე გორიდან "გურიაში" გადაბარგებულმა პავლე ხორგუაშვილმა შექმნა - ზუსტად შეასრულა პენალტი, რომელიც თავადვე მოიპოვა.

გოლმა "დილა" გატეხა, "გურია" კი უფრო გათამამდა. მალე გიგა კვერენჩხილაძემაც გამოაჩინა ფხა და კინაღამ ანგარიში შეცვალა - მეკარესთან პირისპირ გასულმა შეყრილაძეს ვერ აჯობა.

82-ე წუთზე მათი გზები ისევ გადაიკვეთა - საჯარიმოდან წინ გამოსულმა მეკარემ ბურთს ფეხი ააცილა, რითიც იქვე მყოფმა კვერენჩხილაძემ ისარგებლა და დაუცველ კარში უპრობლემოდ შეაგორა - 0:2.

ვა-ბანკზე წასულ მასპინძლებს ქულის გადარჩენის იმედი რაჟამაშვილმა ჩაუსახა, რომელმაც კვარაცხელიას პასი თავურით დააგვირგვინა.

მსაჯის საფინალო სასტვენამდე ორიოდ წუთით ადრე კვერენჩხილაძისა და შეყრილაძის მორიგი დუელი ვიხილეთ - მეკარემ თავდამსხმელი საჯარიმოში მოცელა და ამჯერად პენალტი ზურაბ ძამსაშვილმა აქცია გოლად - 1:3.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ქვეყნის ჩემპიონატში "დილას" 9 ნოემბრის შემდეგ არ ჰქონდა წაგებული, "გურიამ" კი ამ გამარჯვებით თავად გორელები მოიტოვა უკან.

მატჩის შემდეგ
დავით მახარაძე ("გურიას" მთავარი მწვრთნელი):
"არ ვიქნები მართალი, რომ გითხრათ, თითქოს გორში მოსაგებად ჩამოვედით, თუმცა უქულოდაც არ ვაპირებდით აქედან წასვლას. ჩემმა ფეხბურთელებმა ყველაფერი გაიღეს გამარჯვებისთვის, დავალებები კარგად შეასრულეს და წარმატებას მიაღწიეს.

ცხადია, პირველ ექვსეულში ადგილის დასაბევებლად ბრძოლა ჯერაც წინაა. უახლოესი სამი მატჩი ძალიან ძნელი იქნება. სწორედ ამ შეხვედრებში გადაწყდება ბევრი რამ"
.

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური
2 მარტი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ტორპედო
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ზუგდიდი-დილა
გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4 ფინალი. საპასუხო მატჩები
20 მარტი, ხუთშაბათი
დინამო-მეტალურგი (2:0)
დილა-ტორპედო (2:1)
ჩიხურა-სიონი (1:1)
მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული