მეტალურგი-ვიტ ჯორჯია 2:0 - რუსთავში, რუსთაველების გოლებით... [VIDEO]

AutoSharing Option
უშუალო კონკურენტების შეხვედრა, როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბული გამოდგა და იმის მიუხედავად, რომ ახალგაზრდულ "ვიტ ჯორჯიას" სითამამე და მონდომება არ დაეწუნებოდა, მასპინძელთა გამარჯვება მაინც დამსახურებულად მიგვაჩნია.

ამ მოგებით კი "მეტალურგმა" სერიოზული განაცხადი გააკეთა ზედა ექვსეულში მოსახვედრად და ვარლამ კილასონიას გუნდის თამაშში არსებული ყველაზე თვალშისაცემი პრობლემის (ფაქტობრივად, ახალი გუნდის ფეხბურთელთა ურთიერთშეთამაშებას ვგულისხმობთ) აღმოფხვრაც, ალბათ, დროის საქმეა.

ვიდრე 26 თებერვალს გამართული მატჩის პერიპეტიებს მოგითხრობდეთ, ისიც გვინდა აღვნიშნოთ, რომ ოთხი დღის წინ "დინამოსთან" ჩატარებული სათასო მატჩის მსგავსად, "მეტალურგმა" ამჯერადაც მეორე ტაიმი ბევრად უკეთ ჩაატარა,
ვიდრე - პირველი; თანაც, მასპინძელთა მთავარი მწვრთნელის მიერ შესვენებაზე და იმავე მეორე ტაიმში განხორციელებული ცვლილებები თუ გარკვეული გადაადგილებებიც ეფექტური და, რაც მთავარია, შედეგიანი აღმოჩნდა.

Sportall.Geცალკე თემაა ის ფაქტიც, რომ ორივე გოლი "მეტალურგის" ახალწვეულებმა და, რუსთაველ ქომაგთა ორმაგად გასახარად, ადგილობრივმა ახალგაზრდებმა გაიტანეს!

...მატჩის საწყისი წუთები სტუმართა შტურმით აღინიშნა და "ვეტერინარებმა" სწრაფი გოლის გატანაც მოახერხეს, მაგრამ ვიდრე ის საგოლე დარტყმა შესრულდებოდა, ლაინსმენს უკვე "თამაშგარე მდგომარეობა" ჰქონდა დაფიქსირებული. თუმცა სტუმრები არც ამის შემდეგ გაჩერებულან და უკვე მომდევნო ეპიზოდში გიორგი კორიფაძის პასით ნიკა სიჭინავას შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა.

მასპინძელთა პირველი სახიფათო შეტევა მაშინ იყო, როცა გიორგი ჩირგაძემ ცენტრიდან წამოიღო ბურთი, მაგრამ ამ შემთხვევაშიც დამაგვირგვინებელი დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა.

ტაიმის ბოლომდე "მეტალურგს" კიდევ ორი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდა და ორჯერვე გიორგი სეთურიძეს, თუმცა ერთ ეპიზოდში "ვიტ ჯორჯიას" ახალწვეულმა მეკარემ, ჯონი შეროზიამ შეძლო უპრობლემოდ ბურთის მოგერიება, მეორე ჯერზე კი ბურთი მიზანს ასცდა.

აი, ტაიმის ბოლოს კი "ვიტ ჯორჯიას" მართლაც ჩინებული შანსი მიეცა: მარჯვენა ფლანგიდან გიორგი კორიფაძემ ორიგინალური პასი გააკეთა სტუმართა საჯარიმოში, სადაც ტანმაღალი ელგუჯა ლობჯანიძე რთული მდგომარეობიდან თავით გზავნიდა ბურთს "მეტალურგის" კარში, მაგრამ კოკა სეფიაშვილმა ჩინებული რეაქციით თავისი გუნდი აშკარა ხიფათს გადაარჩინა.

მეორე ტაიმი სანახაობრივად ბევრად უკეთესი გამოდგა და, რაც მთავარია, ერთიმეორეზე უკეთესი გოლებიც ვნახეთ. ტაიმი ახალი დაწყებული იყო, არჩილ ტვილდიანის შორეული პასი სტუმართა საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა კახა კაკაშვილმა ჩინებულად რომ "დაამუშავა" და მერე, ნახევარბრუნში ძლიერად და ზუსტადაც დაარტყა!

აი, ასეთი წარმატებული დებიუტი ჰქონდა მშობლიური ქალაქის გუნდში ახალგაზრდა ნახევარმცველს, რომელიც "მეტალურგში" ამ ზამთარს ცხინვალის "სპარტაკიდან" გადმოვიდა, ისე, როგორც ვარლამ კილასონია-უმცროსი, რომელიც მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა მშობლიური ქალაქის გუნდის მაისურით და ამ ახალგაზრდა უნივერსალმაც ("მეტალურგში" ცენტრალურ მცველად ასპარეზობს) პირველი გოლიდან ათიოდ წუთში ჩინებულად შეასრულა საჯარიმო დარტყმა და მეტოქის მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა!

ამ ორი გოლის შემდეგ სტუმართა თავკაცმა ზურაბ ბერიძემაც მიმართა შეცვლებსა თუ ტაქტიკურ გადაადგილებებს და ახალგაზრდა "ვეტერინართა" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის მიუხედავად, ფარ-ხმალი არ დაუყრიათ და ბოლომდე ეცადნენ თუნდაც პრესტიჟის გოლის გატანას.

თუმცა ელგუჯა ლობჯანიძისა და შოთა დავლაშელიძის მცდელობებს შედეგი არ მოჰყოლია ისე, როგორც ლევან კუხალეიშვილის ეფექტურ თამაშს. სამაგიეროდ, "მეტალურგს" შეეძლო, რომ ეს მატჩი უფრო დიდი ანგარიშით მოეგო, მაგრამ ჯერ გიორგი ჩირგაძემ ვერ გამოიყენა რეალური მომენტი, შემდეგ კი მასპინძელთა ორ ახალგაზრდა ფეხბურთელს, ირაკლი გოგინაშვილსა და ბექა ოქროპირიძეს მართებდათ გოლის გატანა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ბომბარდირები
დ. ტატანაშვილი (ზესტაფონი/ჩიხურა) 13
ი. მოდებაძე (დინამო თბ/დილა) 9
დ. გოგა (დინამო თბ) 9
ჩისკო (დინამო თბ) 8

მომდევნო ტური
2 მარტი
ჩიხურა-დინამო (თბ)
სიონი-ტორპედო
მერანი-მეტალურგი
ვიტ ჯორჯია-ზესტაფონი
ზუგდიდი-დილა
გურია-სპარტაკი

პირველი ეტაპის დარჩენილი მატჩების კალენდარი
XXI ტური
9 მარტი, კვირა
გურია-ჩიხურა
სპარტაკი-ზუგდიდი
დილა-ვიტ ჯორჯია
ზესტაფონი-მერანი
მეტალურგი-სიონი
ტორპედო-დინამო

XXII ტური
16 მარტი, კვირა
ჩიხურა-ტორპედო
დინამო-მეტალურგი
სიონი-ზესტაფონი
მერანი-დილა
ვიტ ჯორჯია-სპარტაკი
ზუგდიდი-გურია

საქართველოს თასი. 1/4-ფინალი. საპასუხო მატჩები
20 მარტი, ხუთშაბათი
დინამო-მეტალურგი (2:0)
დილა-ტორპედო (2:1)
ჩიხურა-სიონი (1:1)
მერანი-შუქურა (0:0)

შენიშვნა: ჩემპიონატის მეორე ეტაპიდან გუნდები ზედა და ქვედა ექვსეულებში გადანაწილდებიან და ორ წრედ ითამაშებენ. მეორე ეტაპი 25 მარტს დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული