უმაღლესი ლიგის XIV ტურის წინ: ზამთრის ჩემპიონის მოლოდინი

AutoSharing Option
"საშემოდგომო მარათონის ბოლო ეტაპიც" კარს მოგვადგა: კვირას პირველი წრის ბოლოსწინა ტურია და ამის მერე, უმაღლესი ლიგის მწვრთნელ-ფეხბურთელებს ცოტა "ამოსუნთქვის" საშუალებაც მიეცემათ.

ჰო, მართლაც არ იყო პატარა ამბავი, უმაღლესი ლიგის გუნდების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას 14 დღის განმავლობაში ოთხ-ოთხი ოფიციალური მატჩის ჩატარებამ რომ მოუწიათ (ერთადერთი გამონაკლისი - "გურიაა", რომელიც თასის მერვედფინალებში არ მონაწილეობდა).

მოკლედ, ასე თუ ისე, გადატვირთული გრაფიკი უკან მორჩა და ვიდრე გუნდები ზამთრის პაუზისათვის შეემზადებიან, როგორმე დარჩენილ ორ ტურსაც "გადააგორებენ". თანაც, პირველი წრის ბოლოსწინა ტური იმითაც არის საინტერესო, რომ ძალიან
დიდი ალბათობით, "ზამთრის ჩემპიონი" შესაძლოა გამოვლინდეს!

და კიდევ ერთი ნიუანსიც: პირველად ჩემპიონატის დაწყებიდან, ტურის ყველა მატჩი ერთსა და იმავე დღეს (კვირას, 30 ნოემბერს) ჩატარდება.

ჰოდა, ვნახოთ, როგორი გამოდგება შემოდგომის ბოლო დღე ჩვენი გუნდებისათვის...

დინამო (თბ)-გურია
30.11. თბილისი. დინამო არენა. 15:00
ურთიერთშეხვედრები
25: +20 =3 -2 74-15

წინა ორ სეზონში "დინამო თბილისი" ზამთრის პაუზას სატურნირო ცხრილის ლიდერის რანგში შეხვდა და მერე, როგორც მოგეხსენებათ, ორივეჯერ სეზონის გამარჯვებულიც გახდა. ანუ, "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტული, მეტ-ნაკლებად, მაინც შეიძლება რომ გარკვეულ მოტივაციად მივიჩნიოთ, მით უფრო, რომ "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა გოგიჩაიშვილს დამოუკიდებლად მოღვაწეობის პერიოდში ჯერ ტიტული არ მოუპოვებია.

და რა არის საჭირო "დინამო" რომ ზამთრის ჩემპიონი გახდეს (თანაც, ვადამდე)? საკმარისია, კვირის მატჩი "დინამომ" მოიგოს და პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გახდება "ზამთრის ჩემპიონი"!

ძველისძველი მეტოქეების დაპირისპირებებში აშკარა უპირატესობას "დინამო" ფლობს და თბილისელები მხოლოდ ორჯერ დამარცხდნენ "გურიასთან" (ორივეჯერ - სტუმრად): წინა სეზონში და... მესამე ეროვნულ ჩემპიონატში (1991/92 წლების სეზონში)! თანაც, აღსანიშნავია, რომ იმ პირველი შემთხვევის დროს, დინამოელთა დღევანდელი თავკაცი "გურიას" ღირსებას იცავდა, ლაჩხუთელთა ამჟამინდელი დამრიგებელი თემურ ლორია კი - "გურიას" მეორე გუნდში გამოდიოდა...

სამტრედია-ჩიხურა
30.11. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 14:00 (LIVE I არხზე)
დისკვალიფიკაცია: ლევან კაკუბავა (სამტრედია) - ბესიკ დეკანოიძე (ჩიხურა)
ურთიერთშეხვედრები
უმაღლეს ლიგაში არ შეხვედრიან

საქართველოს სუპერთასის მფლობელი და თასის ბოლო ორი გათამაშების ფინალისტი "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში მხოლოდ მეოთხე სეზონს ატარებს და კვირას პირველად მოუწევს კიდევ ერთ "იმერულ დერბიში" მონაწილეობის მიღება: გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის დამოძღვრილი გუნდი ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს (მერე რა, რომ დღესდღეობით IV ადგილზეა) "სამტრედიას" ესტუმრება.

რაღა თქმა უნდა, პირველი წრის ბოლოსწინა ტურის ცენტრალურ მატჩად სწორედ "სამტრედიასა" და "ჩიხურას" დაპირისპირება მივიჩნიეთ და არც ის იქნება უმნიშვნელო ამბავი, რომ ხანგრძლივი შესვენების შემდეგ სამტრედიის ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონიდან პირდაპირი ტელერეპორტაჟი გადაიცემა საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე.

ორივე გუნდი ამ საინტერესო დაპირისპირებას ამაღლებულ განწყობაზე ხვდება: "ჩიხურამ" თასი მერვედფინალური წყვილებიდან ყველაზე რთულში იმარჯვა (თანაც, საპასუხო შეხვედრაში "ზესტაფონი" სტუმრად დაამარცხა).

აი, "სამტრედიამ" კი არანაკლები გმირობა ჩაიდინა: ზაზა ზამთარაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდმა შეძლო და მშვენიერ ფორმაში მყოფი ბათუმის "დინამოსთან" სამბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა!

მეტალურგი-სპარტაკი
30.11. რუსთავი. ფოლადი. 14:00
დისკვალიფიკაცია: დავით მაისაშვილი (სპარტაკი)
ურთიერთშეხვედრები
17: +12 =3 -2 24-11

ორივე გუნდს მშვენიერი შანსი აქვს, პირველი წრე ზედა სამეულში რომ დაამთავროს! ჰოდა, გულახდილად რომ ვთქვათ, მოვლენების მსგავს განვითარებას სეზონის დაწყების წინ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა; თუმცა, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვარლამ კილასონიამ ("მეტალურგი") და კახა კაჭარავამ ("სპარტაკი") ნაყოფიერი მუშაობით საკუთარი კვალიფიკაცია ყველას დაანახვეს.

თანაც, ნუ დაგვავიწყდება, რომ "მეტალურგის" მწვრთნელ-ფეხბურთელებმა მხოლოდ ახლახან აიღეს ხუთი თვის ხელფასი (კლუბის თანამშრომლებისგან განსხვავებით), "სპარტაკს" კი არც გრძელი სათადარიგოთა სკამი აქვს და ამ გუნდის ფეხბურთელებიც, სხვებისგან განსხვავებით, გამორჩეული ხელფას-პრემიებითაც ვერ დაიკვეხნიან.

"მეტალურგმა" ბოლო სამი მატჩი შთამბეჭდავად ჩაატარა: სამივე მოიგო, მეტოქეთა კარში 9 გოლი გაიტანა და საკუთარში არც ერთი არ გაუშვა; რუსთაველთა მსგავსად, "სპარტაკიც" თასის მეოთხედფინალშია და გაზაფხულამდე იმას შეეცდება, რომ ჩემპიონატში რაც შეიძლება მაღლა იმყოფებოდეს.

დილა-მერანი
30.11. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 14:00
დისკვალიფიკაცია: ლუკა რაზმაძე, ალექსანდრე კვახაძე, თენგიზ წიქარიძე (სამივე დილა)
ურთიერთშეხვედრები
10: +8 =1 -1 25-11

"სპარტაკისა" და "მეტალურგის" მსგავსად, ამ სეზონის გუნდ-აღმოჩენაზე თუ მიდგება ლაპარაკი, ამის პრეტენზია (თანაც - საფუძვლიანი) "დილასაც" უნდა ჰქონდეს და "მერანსაც". თანაც, იმასაც შეგახსენებთ, რომ გორელებს ხან წამყვანი ფეხბურთელები აკლიათ, ხან ასევე დისკვალიფიცირებული მთავარი მწვრთნელი (უჩა სოსიაშვილი) და აღარაფერს ვამბობთ რამდენიმე საშინაო მატჩის ცარიელი ტრიბუნების წინ (ანუ, უმაყურებლოდ) ჩატარებაზე!

ამდენი პრობლემის მიუხედავად, "დილა" სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა და იმის ალბათობაც დიდია, რომ გორელების საყვარელმა გუნდმა პირველი წრე სწორედაც ამ პოზიციაზე დაამთავროს.

არანაკლებ ქებას იმსახურებს "მერანიც": უკრაინელი სპეციალისტ ვლადიმირ ლობასის დამოძღვრილი გუნდი თასის გათამაშებას კი გამოეთიშა, მაგრამ ჩემპიონატში 7-მატჩიანი წაუგებელი სერიით მოიწონებს თავს.

სიონი-ზუგდიდი
30.11. თბილისი. მიხეილ მესხი. 14:00
დისკვალიფიკაცია: დავით სვანიძე (სიონი) - დათა რიგვავა (ზუგდიდი)
ურთიერთშეხვედრები
14: +4 =4 -6 9-15

ამ ტურის, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრა გველოდება, აი, ისეთი, "ექვსქულიანს" რომ უწოდებენ ხოლმე!

გადახედეთ სატურნირო ცხრილს და ადვილად მიხვდებით, თუ როგორ სჭირდება ორივე გუნდს ამ მატჩში 3 ქულის მოპოვება; და არამხოლოდ ამ ტურში - "სიონსაც" და "ზუგდიდსაც" პირველი წრის ბოლო ტურში არანაკლებ რთული მატჩები ელოდებათ და ერთმანეთში გასამართ კვირის მატჩსაც ერთი-ორად უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, არც "სიონისა" და არც "ზუგდიდის" ქომაგებს ნამდვილად არ ენდომებათ პირველი წრის შედეგების მიხედვით თავიანთი საყვარელი გუნდის აუტსაიდერთა შორის ყოფნა.

..."სიონიც" და "ზუგდიდიც" თასის გათამაშებას გამოეთიშნენ და ახლა მთელ ყურადღებას ჩემპიონატს მიაპყრობენ; ხოლო თუ რამდენად შეძლებენ არსებული სიტუაციის გამოსწორებას ახალგაზრდა სპეციალისტი ლადო ბურდული ("სიონი") და მისი გამოცდილი კოლეგა ბესიკ შეროზია ("ზუგდიდი"), ამას დრო გვიჩვენებს.

კოლხეთი-ვიტ ჯორჯია
30.11. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე. 14:00
დისკვალიფიკაცია: ვალიკო გახარია (ვიტ ჯორჯია)
ურთიერთშეხვედრები
33: +12 =8 -13 28-42

აუტსაიდერთა კიდევ ერთი დაპირისპირება, ასევე "ექვსქულიან" მატჩად რომ უნდა შეფასდეს: მეტოქეები XIV-XV ადგილებს იყოფენ და "ვეტერინარები" მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით სჯობიან "კოლხეთს".

... შუა კვირაში ზურაბ ბერიძის ახალგაზრდულმა "ვიტ ჯორჯიამ" შეძლო საპასუხო მერვედფინალურ მატჩში ერთბურთიანი უპირატესობის შენარჩუნება და თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა; აი, "კოლხეთს" კი ბევრად უფრო ძლიერი მეტოქე ჰყავდა თასზე ("დილა") და გორელთა გუნდმაც მხოლოდ სტუმრად გატანილი გოლის წყალობით შეძლო მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება.

თუმცა, ვეჭვობთ, რომ ზაზა ინაშვილის დამოძღვრილი გუნდისათვის თასის მიმდინარე გათამაშება პრიორიტეტული ყოფილიყო: "კოლხეთს" ჩემპიონატში უკვე 6 მატჩია არ მოუგია; თუმცა, ბოლოდროინდელი წარმატებებით ჩემპიონატში ვერც "ვიტ ჯორჯია" დაიკვეხნის: "ვეტერინარები" ზედიზედ სამი წაგებით სატურნირო ცხრილის ფსკერისკენ დაეშვნენ.

შუქურა-ტორპედო
30.11. ქობულეთი. ჩელე არენა. 14:00
დისკვალიფიკაცია: გიორგი ჩელებაძე, ლევან კუტალია (ორივე შუქურა)
ურთიერთშეხვედრები
2: +0 =1 -1 3-5

ერთი შეხედვით, "შუქურას" სატურნირო მდგომარეობა კრიტიკული არ უნდა იყოს, მაგრამ ამ ტურშიც და მომდევნოშიც ქობულეთელებს სერიოზული მეტოქეები ჰყავთ. ანუ, უკრაინელი სპეციალისტის, კონსტანტინ ფროლოვის გუნდმა ამ ორ მატჩში გარკვეული რაოდენობის ქულები უნდა მოაგროვოს, თორემ, ზამთრის პაუზას, შესაძლოა, არცთუ სახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში შეხვდეს.

"ტორპედოს" არასტაბილურობასა თუ ფრეებისადმი "მიდრეკილებაზე" კი ახალი რა უნდა ვთქვათ: დღესდღეობით უმაღლეს ლიგაში მოღვაწე მწვრთნელებს შორის ყველაზე ტიტულიანი სპეციალისტის, რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდს ჩემპიონატში... 21 სექტემბრის მერე არ მოუგია!

"შუქურა" და "ტორპედო" უმაღლეს ლიგაში მესამედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს; თანაც, ქობულეთელთა სადებიუტო სეზონში, "შუქურამ" უმაღლეს ლიგაში თავისი პირველი მატჩი სწორედ "ტორპედოსთან" ჩაატარა შინ და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ 1993 წლის ზაფხულში ჩატარებულ იმ მატჩში მეტოქეებს ორი მართლაც გამორჩეული და ღვაწლმოსილი მწვრთნელი მოძღვრავდა: ვალერიან ჩხარტიშვილი ("შუქურა") და გიგა ნორაკიძე ("ტორპედო").

ზესტაფონი-დინამო (ბთ)
30.11. ზესტაფონი. დავით აბაშიძე. 14:00
დისკვალიფიკაცია: მიხეილ სარდალიშვილი (ზესტაფონი)
ურთიერთშეხვედრები
8: +3 =4 -1 11:9

ორივე გუნდისათვის შუა კვირა აშკარად წარუმატებელი გამოდგა: სტუმრად ჩატარებული პირველი სათასო მერვედფინალური მატჩის (0:0) შემდეგ. "ზესტაფონი" შინ დამარცხდა "ჩიხურასთან" და თასის გათამაშებას ადრეულ ეტაპზე გამოეთიშა; არანაკლები შოკი იქნებოდა ბათუმელთა გუნდის ქომაგებისათვის "დინამოს" სამტრედიული ფიასკოც: ცოტა არ იყოს, ძნელია, როცა გუნდი პირველ მატჩში მოპოვებულ სამბურთიან უპირატესობას ვერ შეინარჩუნებს!

"ზესტაფონისათვისაც" და ბათუმის "დინამოსთვისაც" ახლა ერთადერთი და უმთავრესი პრიორიტეტი ჩემპიონატი იქნება და თუ ამ გუნდებს მომავალ ზაფხულს ევროპის საკლუბო ტურნირებზე მოხვედრა სურთ, მაშინ პირველი წრის დარჩენილ ორ ტურსაც და მეორე წრესაც მაქსიმალური მობილიზაციით უნდა მიუდგნენ.

არადა, "ზესტაფონსაც" და ბათუმის "დინამოსაც" ეს სავსებით ხელეწიფება, რამეთუ ორივე გუნდს უაღრესად კვალიფიციური მწვრთნელებიც ჰყავთ გია გეგუჩაძისა და შოთა ჭეიშვილის სახით, და ასევე არანაკლებ კვალიფიციური ფეხბურთელებითაც გამოირჩევიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული