სპარტაკი-კოლხეთი 1:2 - არასტანდარტული სიჭინავა

AutoSharing Option
ერთი შეხედვით, მოულოდნელ შედეგად უნდა მივიჩნიოთ "კოლხეთის" ეს გამარჯვება: ფოთელთა გუნდი ხომ ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "სპარტაკს" სტუმრობდა.

თუმცა, ვინც იმ წვიმიან და სუსხიან შაბათს ამ მატჩს დაესწრო, ალბათ, დაგვეთანხმება, რომ შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, საბოლოო შედეგი ლოგიკური იყო. ყოველ შემთხვევაში, "კოლხეთი", სულ მცირე, დამარცხებას მაინც არ იმსახურებდა, საბოლოოდ კი ისე მოხდა, რომ ფოთელებმა ამ სეზონში სტუმრად პირველად გაიმარჯვეს; აი, "სპარტაკმა" კი შინ პირველი მატჩი წააგო...

წინა ტურისგან განსხვავებით, მასპინძელთა ძირითადში მხოლოდ ერთი ცვლილება მოხდა - დისკვალიფიკაციამოხდილმა დავით მაისაშვილმა დაცვის ცენტრში რევაზ
ქემოკლიძის ადგილი დაიკავა. "კოლხეთს" კი სერიოზული დანაკლისი ჰქონდა - დისკვალიფიკაციის გამო ორი წამყვანი ფეხბურთელი, ომარ გოგონაია და ლუკა გუგუჩია აკლდა.

მატჩი ახალი დაწყებული იყო, როცა მასპინძელთა კართან ხიფათი შეიქმნა - სტუმართა მარჯვენა მცველმა (და ამ მატჩში - გუნდის კაპიტანმა) გიორგი კილასონიამ მეტოქის საჯარიმოში გამჭოლი გადაცემა გააკეთა, რის შემდეგაც "სპარტაკის" ახალგაზრდა მცველ თეიმურაზ ცერცვაძეს ბურთი ისე "აეჭრა", საკუთარი კარის ხარიხას მოარტყა.

ამის შემდეგ მოედანზე პოზიციური თამაში მიმდინარეობდა. ამასთან, სველი მინდვრის ფაქტორის გათვალისწინებით, ორივე გუნდის ფეხბურთელები საშუალო თუ შორი მანძილიდან ცდილობდნენ გოლის გატანას, მაგრამ შოთა ჯიქიას, დათა სიჭინავას, გიგა ამბროლაძის (სამივე - "კოლხეთი"), მერაბ გიგაურის, ლაშა შინდაგორიძისა და გიორგი თექთურმანიძის დარტყმებს ან სიზუსტე აკლდა, ან კიდევ ორივე გუნდის მეკარე ირჩევდა სწორ პოზიციას.

თუმცა პირველ ტაიმში გატანილი ორივე გოლი სწორედ საშუალო თუ შორეულ დარტყმებს მოჰყვა. პირველ ეპიზოდში დათა სიჭინავამ გაიბრწყინა, რომელმაც დაახლოებით 30 მეტრიდან ეფექტურად და ოსტატურად შეასრულა "სტანდარტული".

მასპინძლებმაც სტანდარტულის მერე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება: კუთხურიდან გადმოვარდნილ ბურთს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ფეხი მარჯვედ შეაგება მერაბ გიგაურმა და თავისი მცველებისგან დაფარული კოკა სეფიაშვილი ბურთს ვეღარ მისწვდა.

პირველ ტაიმში კიდევ ერთი ეპიზოდი უნდა გამოვარჩიოთ - გიორგი ივანიშვილმა ბურთი საჯარიმოში მარჯვნიდან ჩაჰკიდა, სადაც ნიკა კაჭარავამ მკერდით დაუგდო გიორგი თექთურმანიძეს, მაგრამ ამ უკანასკნელის მიერ ერთი შეხებით დარტყმას მხოლოდ კუთხური მოჰყვა.

მეორე ტაიმში გივი იოსელიანის ზუსტი პასის მერე ამჯერად უკვე ნიკა კაჭარავა ცდილობდა კვლავ ერთი შეხებით ბურთის კარში გადაგზავნას, მაგრამ სტუმრები ძელმა გადაარჩინა. მერე თავად იოსელიანი დაემუქრა კოლხების კარს, როცა ორივე მეურვე ოსტატურად ჩამოიცილა და თავისთვის "უხერხული" მარჯვენა ფეხით დაარტყა - კოკა სეფიაშვილმა ამ ეპიზოდში უშეცდომოდ ითამაშა.

შემდეგ გიორგი ივანიშვილმა თითქმის 50-მეტრიანი რეიდი განახორციელა, მაგრამ საბოლოო დარტყმა არ გამოუვიდა. "კოლხეთს" კი მეორე ტაიმშიც არ უფიქრია ანგარიშის შენარჩუნებაზე და სწრაფი კონტრშეტევებით (განსაკუთრებით, მარცხენა ფლანგიდან, სადაც ალექსანდრე ქორჩილავა აქტიურობდა) აწუხებდა მეტოქეს.

ამას გარდა, ერთი-ორჯერ საშუალო მანძილიდანაც დაარტყეს (ნიკა სიჭინავა, გიგა ამბროლაძე) სახიფათოდ, თუმცა გოლი მაინც "სტანდარტულიდან" გაიტანეს - დათა სიჭინავამ თავისი "საფირმო ცაციათი" ბურთი კუთხურიდან ისე ოსტატურად ჩაახვია, მასპინძელთა მცველებმა და მეკარემ სიტუაციაში გარკვევა ვეღარ მოასწრეს.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XV ტური
06.12. თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათადარიგო)
სპარტაკი-კოლხეთი 1:2
გოლი: 0:1 დ. სიჭინავა (40), 1:1 გიგაური (43), 1:2 დ. სიჭინავა (78)
სპარტაკი (4-2-3-1): ნადირაძე - ცერცვაძე, კაჭკაჭიშვილი, მაისაშვილი, იოსელიანი -მახარობლიძე (88. ქოჩლაძე), გიგაური - ივანიშვილი, თექთურმანიძე (87. მაქაცარია), შინდაგორიძე (78. ლექვთაძე) - ნ. კაჭარავა.
სათადარიგოები: ბურძენაძე, გ. სეფიაშვილი, ქემოკლიძე, ნანიევი
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
კოლხეთი (4-1-4-1): კ. სეფიაშვილი - გ. კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, ლემონჯავა -ბარამიძე - ნ. სიჭინავა (62. ჟიშკარიანი), დ. სიჭინავა, ამბროლაძე (75. თ. კაკულია), ქორჩილავა (89. გუგუშვილი) - შ. ჯიქია.
სათადარიგოები: გაბისკირია, ბეჩეხია, ფარულავა, ძაგანია
მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გაფრთხილება: თევზაძე (67), ლემონჯავა (82), გიგაური (88)
არბიტრი: დ. ხარიტონაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი) 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი) 6

საქართველოს სუპერთასი
11 დეკემბერი, ხუთშაბათი
დინამო (თბ)-ჩიხურა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული