გავგიჟდი! - დავით სირაძე საქართველოდან რუსეთში იმედგაცრუებული მიდის

AutoSharing Option
წლეულს, ივლისში, დავით სირაძემ რუსეთი დატოვა და საქართველოში დაბრუნდა. 33 წლის თავდამსხმელი ლადო ბურდულმა ბოლნისის "სიონში" თამაშზე დაითანხმა.

მაგრამ საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი ეროვნული ჩემპიონატით იმედგაცრუებულია. ის მოსკოვში გაემგზავრა და ცხადია, პირველ რიგში, ამით დავინტერესდით...

- მართალია, რომ "სიონი" დატოვეთ?
- დიახ, "სიონთან" კონტრაქტი დამიმთავრდა. სამწუხაროა, რომ ტრავმის გამო გუნდს ვერ დავეხმარე, მაგრამ იმედია, მეორე წრეში "სიონი" დალაგდება და ვითარება გამოსწორდება. მადლობა ნდობისთვის. შესაძლოა, ახალ გუნდში ვითამაშო.

- მოსკოვში შემთხვევით არ წახვიდოდით. რუსეთში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?
- რუსეთში დაბრუნება
მართლაც მსურს და რამდენიმე ვარიანტიც მაქვს, თუმცა ჯერ ვარკვევ, რომელია რეალური.

- რუსეთის შემდეგ კარიერის საქართველოში დამთავრება გსურდათ. ასეთი რა მოხდა, რომ ისევ რუსეთში ბრუნდებით?
- საქართველოში თამაში ძალიან ძნელია. ლადო ბურდულმა რომ მთხოვა, ვიფიქრე, გვერდში დავუდგები-მეთქი და ისედაც, სახლში ყოფნა მენატრებოდა. იმის იმედიც მქონდა, რომ გუნდს და, ზოგადად, ქართულ ფეხბურთს ჩემი ჩამოსვლით მცირედით მაინც დავეხმარებოდი.

მაგრამ კარგი პირობები მხოლოდ "დინამოშია". სხვა ქართული გუნდები კი უმძიმეს მდგომარეობაში არიან, რის გამოც ფორმის აღდგენა გამიძნელდა და ვაღიარებ - გული ამიცრუვდა. რუსეთის შემდეგ საქართველოში თამაში ფსიქოლოგიურად ძნელი გადასატანი აღმოჩნდა.

- ფორმის აღდგენაში ხელს რა გიშლიდათ?
- სხვათა შორის, თავიდან ყველაფერი თითქოს ნორმალურად იყო. ვფიქრობდი, შეკრება ვერ გავიარე და ფორმაში ვარჯიშითა და სათამაშო პრაქტიკით შევიდოდი, მაგრამ გავიდა დრო და მივხვდი, რომ სურვილის მიუხედავად, ფორმაში ვერა და ვერ შევდიოდი.

ყველამ იცის, რომ რეჟიმის და დისციპლინის მოყვარული ვარ. ფორმის აღდგენა ძალიან მინდოდა და გულით ვვარჯიშობდი, მაგრამ საქართველოში თითქმის ყველა საკითხი მოუგვარებელია და გავგიჟდი.

ამას ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრაში ტრავმაც დაემატა, საქართველოში კი, ტრავმა თუ მიიღე, ეს ლამის კარიერის დასრულებას ნიშნავს.

- რატომ?
- კლუბებს არავინ ეხმარება. ლადო ბურდული მეცოდება - რას არ აკეთებს, "სიონის" ფეხბურთელებმა რომ ამოისუნთქონ და ნორმალურ გარემოში ივარჯიშონ, მაგრამ... არ არის სავარჯიშო პირობები და საფეხბურთო გარემო, ნორმალური მოედნები, სტადიონები, ფორმები... საერთოდ, ფეხბურთში წარმატება ათასგვარი წვრილმანის მოგვარებას მოაქვს.

საქართველოში უცხოეთიდან ადრეც დავბრუნდი - 2005 წელს, გერმანიაში, ტრირის "აინტრახტთან" კონტრაქტი რომ დამიმთავრდა, ნახევარი წელი "ლოკომოტივში" ვითამაშე, მაგრამ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა მაშინ ნამდვილად არ ყოფილა. არ ვიცი, ამ 9 წელიწადში ასე ყველაფერი როგორ მოვსპეთ? ფაქტი ისაა, რომ ძალიან უკან დაგვიხევია და გული გამისკდა - ეს რა დონე და ჩემპიონატია?!

21-ე საუკუნეა, ტელევიზია და ინტერნეტი ყველაზე მიყრუებულ სოფლებშიც კი აქვთ. ამიტომ მიკვირს, ვისაც გუნდებზე მზრუნველობა ევალება, არ იციან, ევროპაში კი არა, ელემენტარულად, თავმოყვარე ქვეყნების გუნდებს რა პირობები აქვთ?

დანიაში, ფინეთში და მსგავს ქვეყნებშიც არ აბანდებენ ფეხბურთში დიდ ფულს, მაგრამ შედარება არ შეიძლება - ისინი ფეხბურთელებს ზრდიან და წინ მიდიან.

- ნუთუ, ასეთი უპერსპექტივო ჩემპიონატი გვაქვს?!
- ასე ნამდვილად არ ვფიქრობ, მაგრამ... აბა, შეხედეთ, რა მოედნებია? განსაკუთრებით - ხელოვნურსაფარიანი. გასვლაზე 6 თამაში ქობულეთის სტადიონზე ჩავატარეთ - ასე როგორ შეიძლება?! სხვა ქალაქებში სტადიონებს რა უქნეს?

თქვენთან ეწერა, მალტაში ჩემპიონატის ყველა მატჩს ერთ საფეხბურთო კომპლექსში ატარებენო. ჩვენი ჩემპიონატიც "დინამოს", "ლოკომოტივისა" და ქობულეთის სტადიონებზე ხომ არ ჩავატაროთ, იქნებ ხალხი მერე მაინც მოვიდეს...

პირობები რომ შექმნან, რუსეთზე უკეთესი ჩემპიონატი არ გვექნება, მაგრამ ჩვენზე მდიდარ აზერბაიჯანსა და ყაზახეთზე მაღალი დონის პირველობას მაინც ჩავატარებთ. მათზე ბევრად ნიჭიერი ბავშვები გვყავს და ამით ლეგიონერების არყოფნას ნაწილობრივ მაინც დავაბალანსებდით.

ახლა ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. ფული უნდა ჩადონ, სხვანაირად არ გამოვა. ყველა პრობლემა უფულობით იწყება და ნაკრებს რაღა შედეგი ექნება? ასეთ პირობებში ჩემპიონატის დონე ვერ ამაღლდება და ვერც ფეხბურთელები გაიზრდებიან. ასე მარტო მე არ ვფიქრობ. გიორგი ფოფხაძეც დაბრუნდა საქართველოში და ისიც გაოცებულია დღევანდელი მდგომარეობით.

- ჩვენს ჩემპიონატს დონით რომელ ლიგას შეადარებდით?
- რომ იცოდეთ, რუსეთის პირველ ლიგაზე ნაკლები დონის ფეხბურთელები ნამდვილად არ გვყავს. თამაშის დროს მოედანს სატვირთო მანქანა რომ მოადგება და ძროხა შემოვა, ეს ნორმალური არ არის. არაფერი მიკვირს, სოფელი მეც მაქვს და ძალიან მიყვარს, მაგრამ ასეთი რამ სტადიონს არ შეეფერება.

თუ სავარჯიშო პროცესი აწყობილი არ არის, გუნდს ბაზა არ გააჩნია და თამაშამდე ვერ იკრიბება, ფეხბურთელი ტონუსში ვერ მოვა, რადგან ერთიანი პროცესი და რეჟიმი დაირღვევა.

მაყურებელიც ძალიან ბევრს ნიშნავს. ფეხბურთი არის განწყობის თამაში და ტრიბუნებზე 200 კაცი რომ ზის, ადვილი მისახვედრია, რა განწყობითაც გახვალ. ესეც ძალიან მოქმედებს. ფეხბურთელს პასუხისმგებლობა მხოლოდ გულშემატკივრის წინაშე უჩნდება და მისთვის თამაშობს. მატჩი და ვარჯიში ამით განსხვავდება. ადრე კიდევ დადიოდა ხალხი... მახსოვს, ერთხელ "ლოკომოტივის" შეხვედრას 10 ათასი ქომაგი დაესწრო.

ახლა ხალხი რაიონებში თუ დადის ფეხბურთზე, თორემ თბილისში სტადიონს ახლოს აღარავინ ეკარება.

- ნაკრებზეც გკითხავთ. თქვენი აზრით, არსებობს ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ გუნდს აათამაშებს?
- იყო მოსაზრება, რომ მკაცრი მწვრთნელი გვჭირდებოდა, მაგრამ გამოჩნდა, რომ ასეთი არ წაგვადგა... რამდენ გუნდში მითამაშია, რამდენი სტილისა და ხასიათის მწვრთნელი მყოლია და ერთ მარტივ დასკვნამდე მივედი - გუნდი ისეთ კაცს უნდა ჩააბარო, რომელმაც, ყველაფერთან ერთად, ადამიანური ურთიერთობა და ფეხბურთელების გულებისკენ მიმავალი გზა იცის.

ასეთი მწვრთნელისთვის თავს დადებ და მოედანზე მოკვდები. კაცი რომ თბილად გექცევა, შენც მისთვის ბევრს ცდილობ. ფეხბურთელს ბურთის დაკარგვისას არ უნდა ეშინოდეს, რომ გასახდელში ამაზე ისტერიკას მოუწყობენ, თორემ მერე იცით, რას ვიღებთ? ფეხბურთელები ბურთს თავიდან იცილებენ და, აქედან გამომდინარე, ინიციატივიან და შემოქმედებით ფეხბურთს ვერ ითამაშებენ.

კარგია, მწვრთნელმა საფეხბურთო ნიუანსები რომ იცის, თეორიას "დაგიღეჭავს" და კარგად გადმოგცემს და სწორ სამატჩო სტრატეგიას შეიმუშავებს, მაგრამ, უპირველესად, ფსიქოლოგიურად უნდა მოგამზადოს.

- სასურველ კანდიდატად რომელი მწვრთნელი მიგაჩნიათ?
- ცხადაძე, გეგუჩაძე, მაისურაძე, დევდარიანი და ცეცაძე. უცხოელის ჩამოყვანა არასწორი მგონია. თუმცა, მაგალითად, ტოპმიოლერისთვის იმდენი რომ ეცლიათ, რამდენი დროც ქეცბაიას მისცეს, დარწმუნებული ვარ, გაცილებით ძლიერი ნაკრები გვეყოლებოდა და უკეთესი შედეგებიც გვექნებოდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერში ვეთანხმები დავითს და წარმატებებს ვუსურვებ კარიერაში, მაგრამ რუსეტში სერიოზული კრიზისი იწყება და არ ღირს იქ წასვლა აჯობებს ისევ აზერბაიჯანში წავიდეს ახლოს მაინც იქნება ოჯახთან ან თუ აქვს შანსი სადმე უკრაინულ ან აღმოსავლეთ ევროპულ კლუბსი აჯობებს მისთვის წასვლა.
giosvani
00:51 17-12-2014
0
კარგი კაცი ხარ.შენ უეჭველი ჭირდები ქართულ ფეხბურთს.დააბრუნეთეს კაცი ნაკრებში.
giorgi7875
11:28 17-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული