რა საკადრო სიახლეებია მოსალოდნელი, რას ელის მეორე წრისგან და რა გეგმები აქვს, ამაზე გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ფრუიძე გველაპარაკება, რომელიც უმაღლესი ლიგის გუნდების დამრიგებლებიდან თავის გუნდში ყველაზე დიდხანს, 8 წლის განმავლობაში მუშაობს...
- ჯერ სეზონის განახლებისთვის მოსამზადებელ გეგმებზე გვითხარით. მეორე წრისთვის მზადებას როდის დაიწყებთ?
- 8 ან 10 იანვარს შევიკრიბებით, ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ადგილზე დავიწყებთ მომზადებას, თუ ამინდმა ხელი შეგვიწყო.
- უცხოურ შეკრებას თუ გეგმავთ?
- დიახ, თურქეთში,
- სიახლეები გვაინტერესებს: ვინმე თუ წავიდა გუნდიდან ან ვინმე თუ მიიწვიეთ?
- ჯერ კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, რადგან ოფიციალურად არც არავინ წასულა და არც არავინ მოსულა. სიმართლე გითხრათ, ფეხბურთელების შერჩევაში ფრთხილი და დაკვირვებული ვარ. მიმაჩნია, რომ მთავარი მისი პიროვნული თვისებაა - უნდა იყოს პროფესიონალი და გუნდთან ადაპტირება არ გაუჭირდეს.
ისეთებიც ვიცით, ნიჭიერი რომაა, ბევრი შეუძლია, მაგრამ არაპროფესიონალია, საქმეს უგულოდ ეკიდება ან თანაგუნდელებს ვერ ეწყობა და ამით ვითარებას აფუჭებს. ასეთს შედარებით ნაკლები კლასის, მაგრამ უკეთესი პროფესიონალი და, მოდი, ასე ვიტყვი, ადამიანი მირჩევნია.
- მართალია, თითქოს, "ზესტაფონის" ფეხბურთელების, ვახტანგ ჭანტურიშვილისა და ლევან შარიქაძის გადაბირება გსურთ?
- ჭანტურიშვილს "ზესტაფონთან" კონტრაქტი აქვს და ვერც დაველაპარაკებით, შარიქაძეს კი ხელშეკრულება დაუმთავრდა და, როგორც მითხრა, "სამტრედიაში" წასვლას აპირებს.
საერთოდ, ახლა "ზესტაფონის" ფეხბურთელებზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ ეს სიმპათიური გუნდი არ დაიშლება და უფრო ბრძოლისუნარიანიც გახდება. ჩვენი ჩემპიონატისთვის იქნება ცუდი, "ზესტაფონი" ოქროს მედლებისთვის თუ ვერ იბრძოლებს. ეს გუნდი, "დინამო", "დილა" და "სამტრედია" განსაზღვრავენ ჩემპიონატის დონეს და მის მიმართ ინტერესს. ამიტომ მათი პატრონების მიმართ მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის.
ისინი და კიდევ ორიოდე გუნდი დღეს ქართული ფეხბურთის ჯვარს ზიდავენ.
- "ჩიხურას" სათადარიგოთა სკამი მოკლეა და ბევრი არ არის ისეთი ფეხბურთელი, ვინც ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეებს შეცვლის. ამის მოგვარება თქვენი ფინანსური შესაძლებლობებით რეალურია?
- ნამდვილად მსურს სამი-ოთხი გამოცდილი ფეხბურთელის დამატება, ისეთების, ევროპის ლიგის საგზურის მოპოვებაში რომ დაგვეხმარებიან. სწორედ გრძელი სათადარიგოთა სკამია გუნდის წარმატების საწინდარი.
ცხადია, ეს კარგად ვიცი და ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე ფეხბურთელს დაველაპარაკე კიდეც, მაგრამ პირობების გამო ბევრმა "სამტრედია" ამჯობინა. ამიტომ ადგილობრივ ახალგაზრდებს მივეცით გასაქანი, ვისზეც სამომავლოდ იმედს ვამყარებთ.
გუნდში 19 ფეხბურთელი გვყავს, რომელთაგან 9 - საჩხერელია, მათგან 3 კი ძირითადშია ან თუ არა, ხშირად თამაშობს მაინც.
არადა, წლების წინათ, როცა "ჩიხურა" უმაღლეს ლიგაში გადმოვიდა, ადგილობრივი თითქმის არავინ იყო. საჩხერეში საფეხბურთო სკოლის ამოქმედება დიდი საქმე იყო, იქ 500 ბავშვი ვარჯიშობს და დღეს ჩვენი გაზრდილებიდან რამდენიმე - დეკანოიძე, მუმლაძე და ივანიშვილი "ჩიხურასთვის" საჭირო ფიგურებად გადაიქცნენ.
- "ჩიხურა" ლიდერებს ებრძვის, მაგრამ რეალურად ჯერ ჩემპიონობისთვის მებრძოლ გუნდად ვერ ჩამოყალიბდა. რა აკლია გუნდს საამისოდ?
- რამდენიმე ფაქტორი: საჭირო, "დინამოს" დონის ფინანსები; მეორე - ინფრასტრუქტურა, სავარჯიშო პირობები და ბაზა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს; მესამე - ტრადიციაა, რომელსაც ახლა ვაყალიბებთ.
- ამ პრობლემების მოგვარების იმედი თუ გაქვთ, მაგალითად, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების?
- ჩვენ ივანწმინდაში ვთამაშობთ, მეორე მოედანი კი ხელოვნურია და ჩვენთან ერთად, სავარჯიშოდ დუბლები და ასაკობრივი გუნდები იყენებენ. მაგრამ უმაღლეს ლიგაში მეტი მოგვეთხოვება. ამ ყველაფრის მოგვარებაზე ფიქრობენ და დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ ტრადიციაც ჩამოყალიბდება და ლიდერობისთვისაც ვიბრძოლებთ.
- მომავალი წლის ბიუჯეტი თუ გაირკვა?
- ჩვენი ბიუჯეტი ზაფხულში გაირკვა და ვიცით, რომ თანხა სეზონის ბოლომდე გვეყოფა. მერე რა იქნება, ჯერ არ ვიცი - ეს 2015 წელს გაირკვევა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"