ბოლო წლებში ასეთი დაპირისპირების არენადაა ქცეული ფოთის "კოლხეთი". გუნდის თავკაცად ხან სოსო ფილია და მისი ჯგუფი მოდის, ხან თემურ ბარქაიასა და ზაზა ინაშვილის დუეტი.
როგორც ჩანს, ეს ბრძოლა ახალი ძალით გაჩაღდა. კოლხების მთავარი მწვრთნელი ზაზა ინაშვილი ამბობს, რომ მისთვისაც ცნობილი გახდა, რომ
"გავრცელდა ხმები, რომ სოსო ფილიას "კოლხეთში" დაბრუნება უნდა. არ ვიცი, ეს რამდენად რეალურია. ჩვენ კი არავის დავუბარებივართ და არავის უთქვამს, წადითო.
შედეგები რომ არ გვქონოდა, ცხადია, გადადგომა მოგვიწევდა. 16 გუნდში მე-12 ადგილი რა წარმატებაა, მაგრამ ჩვენი პირობების გათვალისწინებით, ეს კატასტროფული მაჩვენებელი ნამდვილად არ არის. მით უფრო, რომ ბოლო სამ ტურში ქულა არ დაგვიკარგავს, 2 შეხვედრა კი მოვიგეთ, მათ შორის - ჩემპიონატის ერთ-ერთ ლიდერ "სპარტაკთან". მანამდე "ზესტაფონთან" გასვლაზე ფრედ ვითამაშეთ და, რაც მთავარია, ნელ-ნელა გუნდი გუნდს ემსგავსება.
ეს იმ დროს, როცა ფეხბურთელებს პრემიაც არ აუღიათ, ხელფასები უგვიანდებოდათ და საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობდით.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პირველ წრეში გუნდის გამოსვლას უფრო დადებითად შევაფასებ, ჩვენი გათავისუფლების მიზეზი კი არ უნდა არსებობდეს. მით უფრო, რომ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის 31 დეკემბრამდე მაქვს და მის ამოწურვამდე წასვლას არ ვაპირებ".
"კოლხების" დამრიგებელი კლუბის ხელმძღვანელობაში მოსალოდნელ ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციასაც შეეხო:
"ჩვენი გენერალური დირექტორი თემურ ბარქაია თანამდებობაზე წარმატებით მუშაობს.
2006 წელს, როცა ფოთში ფეხბურთი მიგდებული იყო და არავის უნდოდა, მან რეგიონულ ლიგაში დაქვეითებული "კოლხეთის" დაფინანსება გადაწყვიტა და სწორედ მისი დამსახურებაა, უმაღლეს ლიგას რომ დავუბრუნდით.
ამიტომ ბარქაიას სხვა პიროვნებით ჩანაცვლების შესაძლებლობას ნამდვილად ვერ მოვიწონებ".
ინაშვილი ამბობს, რომ დროა, ფოთის საფეხბურთო ძალები გაერთიანდნენ:
"ფოთის ფეხბურთი ჩემით ან რომელიმე ერთი პიროვნებით არ დაწყებულა და არც მთავრდება. იყო პერიოდი, მთავარ მწვრთნელად სოსო ფილია მუშაობდა, მაგრამ დრო გადის და მას ცვლილებები მოაქვს.
ფოთი პატარა ქალაქია და დიდი რესურსი არ გააჩნია. ჩვენი დაპირისპირება კი გუნდს ვერ წაადგება. ამიტომაც, სასურველია, ყველამ გუნდზე ვიზრუნოთ, მაგრამ არა ერთმანეთის ხარჯზე. უნდა გავერთიანდეთ და ფოთის "კოლხეთი" გაცილებით მაღალ საფეხურზე ავიყვანოთ.
სხვათა შორის, თავად არ გვსურს, რომ ქალაქში ორი მხარე იყოს. ცუდად რომ არ ვართ განწყობილნი, ეს ფაქტიც ადასტურებს: რამდენჯერმე ფილიას კონსულტანტობა შევთავაზეთ, მაგრამ უარი გვითხრა - მას უნდა, მწვრთნელი ან დირექტორი იყოს. მე კი ვიმეორებ - კონტრაქტი მაქვს და არსად წასვლას არ ვაპირებ".
ინაშვილის თქმით, ფოთის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან კლუბის პრობლემებზე დალაპარაკება სურს:
"სამწუხაროდ, ეს ჯერ ვერ მოვახერხეთ. არ ვიცი, დაფინანსებასთან დაკავშირებით რა პოზიცია უკავია და რამდენად შეიძლება, ამაში ჩაერიოს, მაგრამ ვიცით, რომ სპორტის მოყვარულია და ჩვენთვის მოიცლის.
სალაპარაკო კი ნამდვილად გვაქვს, რადგან 2015 წელს 300 ათასს გამოგვიყოფენ. ეს თანხა მაისამდე თუ გვეყოფა. ჩვენ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი კლუბი ვართ, სულ 68 კაცი იღებს ხელფასს, ძირითადში, დუბლებში, ოთხ ასაკობრივ და რეგიონული ლიგის გუნდებში, მწვრთნელები, ფეხბურთელები, პლუს სტადიონის პერსონალი.
გარდა ამისა, ფეხბურთელებს დავალიანება ნოემბრის ჩათვლით გავუსტუმრეთ, მაგრამ დეკემბრის ხელფასი და პირველი წრის პრემიები გასაცემია და 300 ათასი რაში გვეყოფა? ამავე დროს, გუნდს საშინაო მატჩების გამართვა მეორე წრეშიც ნეიტრალურ მინდორზე მოუწევს, რაც დამატებით ხარჯად დაგვაწვება.
ის გვაიმედებს, რომ პორტი დაგვეხმარება შეკრების მოწყობაში, ეკიპირებითა და გარკვეული თანხით. მაგრამ არ ვიცი, რა ოდენობაზეა ლაპარაკი".
"კოლხეთის" მთავარი მწვრთნელი შიშობს, რომ სეზონის ბოლოსთვის ათამაშებული გუნდის ძირითადი ბირთვის შენარჩუნება გაუჭირდება:
"არსებულ პირობებში ეს ძალიან ძნელი იქნება. მაგალითად, ლუკა გუგუჩიას კონტრაქტი დაუმთავრდა და, შესაძლოა, წავიდეს. მკითხეს, ახალი ფეხბურთელების დამატებას თუ აპირებთო. როგორ არ ვაპირებთ, მაგრამ არსებული ბიუჯეტით კვალიფიციური მოთამაშეების მოწვევა გაგვიჭირდება. უპირველესად, შეტევის გაძლიერება გვსურს.
ისიც მკითხეს, "კოლხეთის" გაზრდილ ლაშა გვალიას "ზესტაფონთან" კონტრაქტი დაუმთავრდა და თუ აიყვანთო? ნეტავ, ეს მხოლოდ ჩვენზე იყოს დამოკიდებული. მაგრამ გვალიას ჩვენი პირობები მაინც შევთავაზეთ და ვნახოთ, რას გადაწყვეტს".
დაბოლოს - ინაშვილის თქმით, ზამთარში "კოლხეთს" შეკრების მოწყობა თურქეთში სურს, მაგრამ ესეც ბიუჯეტზე იქნება დამოკიდებული.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"