"ვპირდები ზესტაფონელებს, რომ არ დავუშვებთ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას"

AutoSharing Option
24 დეკემბერს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ტარიელ თუთარაშვილი იმერეთის გუბერნატორ ზაზა მეფარიშვილს შეხვდა და სხვა საკითხებთან ერთად, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" შექმნილ ვითარებაზეც ესაუბრა. ამ შეხვედრის შემდეგ ტარიელ თუთარაშვილს დავუკავშირდით:

"შევხვდი და შექმნილი მდგომარეობის თაობაზე ვესაუბრე იმერეთის გუბერნატორს. ის გაგებით მოეკიდა ამ პრობლემას და დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში მთავრობის წინაშე დააყენებს ამ საკითხს. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ისე გადაწყდება, ზესტაფონელ გულშემატკივარს რომ გაახარებს", - გვითხრა თუთარაშვილმა.

როგორც ზესტაფონის გამგებელმა აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი იყო მოვლენათა განვითარების ასეთი სცენარი:

"ბოლო დროს ლაპარაკი იყო
ჩვენი მხრიდან თანაინვესტირებაზე, მაგრამ ახლა სულ სხვა რეალობაა.

300 ათასი ლარი უკვე ასახულია ქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ არის და აუცილებელია დამატებითი სახსრების მოძიება. ქალაქის ბიუჯეტიდან მაქსიმალურად იქნება მობილიზებული თანხა, თუმცა მთავრობის დახმარებაც დაგვჭირდება. ერთი კი ცხადია - ზესტაფონში ფეხბურთის სიკვდილი არამც და არამც არ უნდა დავუშვათ! წლების განმავლობაში გუნდმა შეიძინა დიდი ტრადიცია, უამრავი გულშემატკივარი. მათთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს", - ამბობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

სხვათა შორის, თითქმის ანალოგიური ვითარება შეიქმნა "ტორპედოდან" კომპანია "ვისოლის" წასვლის შემდეგ. უკვე ვიცით, რომ კლუბის პატრონობას ხელი ქალაქის მერიამ მოჰკიდა.

"ქუთაისში ცოტა სხვა ვითარება იყო. იქ მეტი დრო ჰქონდათ გამოსავლის მოსაძიებლად, რადგან ეს პროცესი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა; ჩვენ კი ცაიტნოტურ სიტუაციაში ვართ, თუმცა ეს არ ცვლის ჩვენს ამოცანას", - ესეც თუთარაშვილის სიტყვებია.

"ზესტაფონისთვის ფეხბურთი არ არის მხოლოდ ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა. ვპირდები ზესტაფონელებს, რომ არ დავუშვებთ ქალაქის უფეხბურთოდ დატოვებას", - ოპტიმისტურად დაასრულა "ლელოსთან" საუბარი გამგებელმა.

იმედია, ყველაფერი კარგად დასრულდება. სხვა შემთხვევაში, ეს იქნება მძიმე დარტყმა არა მხოლოდ ზესტაფონისთვის, არამედ მთლიანად ქართული ფეხბურთისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევაზ არველაძე: გვიგულეთ "ზესტაფონისა" და ზესტაფონელების გვერდით!
ქალაქის მმართველობა: ზესტაფონში ფეხბურთი არ მოკვდება!
მკითხველის კომენტარები / 1 /
უნდა გადარჩეს ზესტა! მადლობა ყველას თანადგომისთვის. ბატონ ბერიკა შუკაკიძის თამადობით. სიკეთეში გადაგვეხადოს!
margveli
13:23 25-12-2014
0

სიახლეები პოპულარული