ამას ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი - კახა გოგიჩაიშვილის ახალი სტიმული

AutoSharing Option
ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის ფეხბურთელები შვებულებაში არიან: მეორე წრისათვის მზადებას თბილისის "დინამო" 10 იანვრიდან დაიწყებს. თუმცა დინამოელთა მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი ყოველდღე დიღმის საწვრთნელ ბაზაზეა და ჩვენი შეხვედრაც სწორედ იქ შედგა.

საუბრის მთავარი თემა, რაღა თქმა უნდა, "დინამოს" საზაფხულო-საშემოდგომო ეტაპის შეფასება იყო, თუმცა ინტერვიუში სხვა საკითხებსაც შევეხეთ. აქვე, იმასაც შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის რანგში კახა გოგიჩაიშვილი უმაღლეს ლიგაში სადებიუტო სეზონს ატარებს და ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის: "დინამო" ზამთრის ჩემპიონიც გახდა, თასზეც აგრძელებს ასპარეზობას და სუპერთასიც მოიგო.

ამას გარდა, არცთუ უმნიშვნელოა
ის ფაქტიც, რომ კახა გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "დინამო" შემტევ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას და არც იმის დავიწყება შეიძლება, თუ როგორ თამამად ენდობა დებიუტანტი-მწვრთნელი ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

მოკლედ, ყველა წინაპირობაა იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრების ისტორიაში უდავოდ საუკეთესო მარჯვენა ნახევარმცველს სამწვრთნელო კარიერაც ისეთივე წარმატებული ჰქონდეს, როგორც საფეხბურთოთი აქვს საამაყო: თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში კახა გოგიჩაიშვილი ხუთჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი, თასის მფლობელი კი - ოთხჯერ (ორჯერ - "დინამოს" შემადგენლობაში, ორჯერაც - თბილისის "ლოკომოტივის").

მაშ ასე, "ლელოს" კითხვებს თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი პასუხობს...

- ერთი შეხედვით, უკმაყოფილების გრძნობა არ უნდა გქონდეთ: "დინამო თბილისმა" "ზამთრის ჩემპიონის" არაოფიციალური ტიტულიც მოიპოვა, საქართველოს სუპერთასიც და თასზეც აგრძელებს ასპარეზობას. ანუ თქვენი მუშაობა წარმატებულ დებიუტად გვინდა შევაფასოთ...
- რაც მიზანი გვქონდა დასახული, გუნდმა ყველა შეასრულა; თუმცა, რა დასამალია და, მაინც დამრჩა დაუკმაყოფილებლობის გრძნობა: ალბათ, უფრო მეტი ქულაც უნდა აგვეღო ჩემპიონატში და შესაბამისად, კონკურენტებთანაც უფრო მეტი ჰანდიკაპი გვექნებოდა.

- ეგ მართლაც იდეალური ვარიანტი იქნებოდა, ფაქტობრივად, ახალი გუნდისათვის: "დინამო" ხომ სეზონის დაწყებამდე 11 დღით ადრე ჩაიბარეთ...
- გულახდილად რომ ვთქვა, სეზონის დასაწყისში მოვლენების ასეთ განვითარებას მართლაც ვერ წარმოვიდგენდი - გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ გარდა, გუნდში უამრავი ახალი ფეხბურთელიც მოვიდა.

- ვიდრე "დინამოს" მთავარ გუნდს ჩაუდგებოდით სათავეში, მანამდე დუბლშემადგენლობის მთავარი მწვრთნელი იყავით; იმ გუნდის, ამ ზაფხულს გერმანიაში, "რურის თასზე" ტრიუმფულ წარმატებას რომ მიაღწია...
- დუბლებში შარშან, ოქტომბერში მივედი, "რურის თასზე" გამარჯვებიდან მეორე დღესვე კი კლუბის პრეზიდენტმა რომან ფიფიამ, გენერალურმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ და სპორტულმა კოორდინატორმა მიხეილ ჯიშკარიანმა ძირითადი გუნდის გაწვრთნა შემომთავაზეს! არ დაგიმალავთ და ასეთი ნდობა მოულოდნელიც იყო.

რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში რომელი მწვრთნელი არ ოცნებობს "დინამოს" გაწვრთნაზე, მაგრამ მოვლენების ასეთ განვითარებას მაინც არ ველოდი. ყველა ქართულ გუნდს ძალიან დიდ პატივს ვცემ, მაგრამ "დინამო" მაინც სხვა განზომილებაა...

- "დინამოს" მთავარ მწვრთნელად ყოფილი დინამოელი - ეს ფაქტიც, ალბათ, ბევრს ნიშნავს...
- ძალიან, ძალიან ბევრს, შესაძლოა, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორიც იყოს, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. აქაურობა მხოლოდ კი არ უნდა იცოდე, უნდა გრძნობდე და ცხოვრობდე "დინამოთი".

- აქამდე მხოლოდ პირველ ლიგაში მუშაობის გამოცდილება გქონდათ, როცა 35-ე საფეხბურთო სკოლის მთავარ მწვრთნელად მუშაობდით; ამას გარდა, "სიონსა" და "ზესტაფონში" ასისტენტი იყავით და უცბად... "დინამოს" თავკაცობა...
- როგორც ფეხბურთელი უნდა იზრდებოდეს, ისე მწვრთნელიც მუდმივად განვითარების პროცესში უნდა იყოს. მსურს, რომ კიდევ უფრო მეტი ვისწავლო, უფრო მეტი გამოცდილება მივიღო, სამწვრთნელო საქმიანობის ყველა ნიუანსში გავერკვიო და ასე შემდეგ.

არც იმას დავმალავ, რომ პირველ წრეში რამდენიმე შეცდომა პირადად მე დავუშვი და უფრო მეტი გამოცდილებაც რომ მქონოდა, შესაძლოა, უფრო მეტი ქულაც გვქონოდა.

- ჩინებული საფეხბურთო კარიერა გქონდათ და არაერთ გამორჩეულ მწვრთნელთანაც გიმუშავიათ: დავით ყიფიანთან, ალექსანდრე ჩივაძესთან, გივი ნოდიასთან, რევაზ ძოძუაშვილთან, მურთაზ ხურცილავასთან. ამათგან ყველაზე დიდი როლი ვინ ითამაშა თქვენ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში და ისიც გვაინტერესებს, აქტიური კარიერის დროს მწვრთნელობაზე თუ გიფიქრიათ?
- ყველა მწვრთნელისგან გარკვეული ცოდნა შევიძინე, თუმცა დავით ყიფიანს მაინც გამორჩეულად ვემადლიერები: ახალგაზრდა ბიჭს საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში თამამად რომ მენდო და მუდამ ძირითადში მათამაშებდა. რაც შეეხება ჩემს მწვრთნელობას, ამაზე მხოლოდ კარიერის ბოლო წლებში დავფიქრდი.

- აქტიური კარიერა 11 წლის წინათ დაასრულეთ და იმის მერე ფეხბურთში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა: პლეიმეიქერების გარდა, მკვეთრად გამოხატული ფლანგის ნახევარმცველებიც უკვე იშვიათობაა...
- მართლაც ბევრი რამ შეიცვალა და თუგინდ ის ფაქტი რად ღირს, როცა მემარჯვენე გარემარბს... მარცხენა ფლანგზე ათამაშებენ, ხოლო "ცაციას" - მარჯვნივ! აი, თუნდაც არიენ რობენის მაგალითი ავიღოთ "ბაიერნში", თუმცა ხოსეპ გვარდიოლამ მსგავსი ექსპერიმენტების დანერგვა ჯერ კიდევ "ბარსელონაში" დაიწყო. სხვათა შორის, პირველ წრეში "დინამოშიც" ვიყენებდით მსგავს პრაქტიკას: "ცაცია" გიორგი პაპუნაშვილი მარჯვნიდან უტევდა, საპირისპირო ფლანგზე კი საბა ლობჟანიძე იყო, რომელიც მემარჯვენეა.

- ანუ ფეხბურთი, ცოტა არ იყოს, გართულდა კიდეც...
- ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატმაც დაგვანახვა, რომ ტაქტიკური განსწავლულობის გარეშე სერიოზულ წარმატებაზე ფიქრი ზედმეტია. აღარაფერს ვამბობ ტაქტიკური ვარიანტების სიმრავლეზე - იგივე ხოსეპ გვარდიოლა ("ბარსელონაშიც" და "ბაიერნშიც") თუ ლუის ვან გაალი (ჰოლანდიის ნაკრებშიც და "მანჩესტერ იუნაიტედში") 90 წუთის განმავლობაში არაერთხელ ცვლიან თავიანთი გუნდის ტაქტიკურ განლაგებას.

კი ბატონო, რაც უნდა მწვრთნელმა იაზროვნოს, მთავარი მაინც შემსრულებლები, ანუ ფეხბურთელები არიან, მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, არანაკლები როლი ენიჭება თითოეული მოთამაშის ტაქტიკურ აზროვნებას.

- თანაც, სწრაფად აზროვნებას...
- რა თქმა უნდა, წინა პლანზე ფეხბურთელის ფიზიკური, ტექნიკური თუ ტაქტიკური მომზადებაა, მაგრამ მოთამაშემ თუ სწრაფად არ იაზროვნა ან კიდევ გადაწყვეტილება სწრაფად არ მიიღო, ყველა ზემოთ ნახსენები კომპონენტი, შესაძლოა, საკმარისი არც აღმოჩნდეს.

- ზამთრის პაუზამდე ჩატარებულ თითქმის ყველა მატჩში "დინამო" ხშირად ცვლიდა ტაქტიკურ სქემას. მაინც რომელია კახა გოგიჩაიშვილის ყველაზე საყვარელი ტაქტიკური სქემა?
- ჩვენი ძირითადი ორიენტირი შემტევი ფეხბურთია და ამიტომაც, ყველაზე ხშირად, 4-3-3-ს ვიყენებთ; თუმცა, არცთუ იშვიათად ყოფილა შემთხვევები, როცა უშუალოდ მატჩის მსვლელობის დროს გადაწყობილა გუნდი - ეს უკვე, მეტოქიდან გამომდინარე. მაგრამ, კიდევ ვიმეორებ, რომ შინ თუ გარეთ, ძირითად აქცენტს შეტევაზე ვაკეთებთ; მით უფრო, რომ თითქმის ყველა აქაური მეტოქე ჩვენ წინააღმდეგ "მეორე ნომრად" თამაშს ირჩევს.

- ინტერვიუს დასაწყისშიც ვთქვით, რომ მთავარი მწვრთნელის მსგავსად, "დინამოს" ფეხბურთელთა თითქმის აბსოლუტური უმრავლესობაც ახალწვეული იყო; ანუ შეთამაშების პრობლემა რამდენად იყო?
- ამას ველოდი კიდეც, თუმცა საწყის ორ ტურში ეს პრობლემა გადავჭერით. მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ძირითადი შემადგენლობის თითქმის უმრავლესობას (ჩისკოს, ძარიას, პაპავასა და მიგინეიშვილის გარდა) პირველად უხდებოდა ასეთ დონეზე ასპარეზობა და ამ ახალგაზრდა ბიჭებსაც შესაძლოა, სტაბილურობაც აკლდათ, მაგრამ ეს დროის ამბავია და გამოცდილებასთან ერთად აღმოიფხვრება.

- ფსიქოლოგიური ფაქტორიც ხომ არ იყო? ანუ იმას ვგულისხმობთ, რომ 18-19 წლის ბიჭები (პაპუნაშვილი, ცინცაძე, ჭანტურია, ლობჟანიძე) უცბად ძირითადის ფეხბურთელებად იქცნენ და ზურგსუკან კონკურენტის სუნთქვასაც ვერ გრძნობდნენ...
- არც უმაგისობა იყო; ამას დავუმატოთ გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები - დინამოელთა უმეტესობას ხომ ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში სისტემატურად იწვევდნენ, რის მერეც ჩემპიონატისა და თასის მატჩების დროც დგებოდა და ასე შემდეგ.

- ისე, პირველ წრეში "დინამოს" დროებითი ჩავარდნა სწორედ სანაკრებო პაუზების მერე ჰქონდა ხოლმე...
- გეთანხმებით, მაგრამ, ამას გარდა, გარკვეულწილად თავი იჩინა შედარებით მოკლე სათადარიგოთა სკამმაც. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე რგოლში ვერ მოვასწარით კვალიფიციური ფეხბურთელების დამატება; აი, ისეთ ფეხბურთელებს ვგულისხმობ, "დინამოს" დონეს, გნებავთ, მოთხოვნებს რომ დააკმაყოფილებდნენ.

- გუნდს, მით უფრო, ახლად ჩამოყალიბებულს, ყველა მატჩის მოგებას ვერ მოსთხოვ; თუმცა, "დინამოსთვის" პირველ წრეში ოთხი წაგება, ცოტა არ იყოს, ბევრი გვეჩვენება...
- ვაღიარებ, რომ რუსთავში სრულიად დამსახურებულად წავაგეთ და "მეტალურგმაც" ყველა კომპონენტში დაგვჩაგრა; ბათუმის "დინამოსთან" წაგებასაც ვერ მივიჩნევ სენსაციად: ამ გუნდს კვალიფიციური მწვრთნელიც ჰყავს და ფეხბურთელებიც, არც ფინანსურად უჭირს და საერთოდაც, მგონია, რომ ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია.

- პირველი წრის მიწურულს ზედიზედ ორ მარცხს რით ახსნით?
- აი, ამ შემთხვევაში კი ობიექტურ მიზეზებზე უნდა ვილაპარაკო; ფაქტობრივად, ისე გამოვიდა, რომ სანაკრებო პაუზის მერე ყოველ მეოთხე დღეს გვიწევდა თასისა თუ ჩემპიონატის მატჩების ჩატარება; თანაც, ზედიზედ მოგვიწია ორ ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში - ქობულეთსა და ზუგდიდში.

ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი გამაჩნია: ამდენი ხელოვნურსაფარიანი მოედანი რა საჭიროა, მით უფრო, რომ ტრავმის მიღების ძალიან დიდი რისკია და ჩემი გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც ძალიან გაუჭირდათ ასეთ მოედნებზე თამაში. არადა, იგივე ზუგდიდი საშინაო მატჩებს განმუხურში რომ ატარებდა, მშვენიერი ბალახის საფარი იყო ადრე;

ანდა, როგორ შეიძლება, რომ უმაღლესი ლიგის 7 გუნდი საშინაო მატჩებს ხელოვნურ საფარზე ატარებდეს?

- ახლა მეორე წრის კონტურებზეც ვისაუბროთ...
- მიმაჩნია, რომ უფრო დაძაბული იქნება ჩემპიონატი; ჰო, დაძაბულობამ და ინტრიგამ მოიმატა, აი, დონის ამაღლებაზე ლაპარაკი კი თავის მოტყუება იქნება. "დინამოს" კონკურენტებად "სამტრედიას" მივიჩნევ და "დილას". ბათუმის "დინამო" უკვე ვახსენე და აქვე, ცალკე მინდა გამოვყო "მეტალურგისა" და "სპარტაკის" წარმატებული ასპარეზობა პირველ წრეში.

- მეორე წრეში კვლავაც განახლებულ "დინამოს" ვიხილავთ...
- გუნდიდან ვინც წავიდა, ყველას მადლობა მინდა გადავუხადო, რამეთუ საკუთარი წვლილი შეიტანეს ჩვენს წარმატებულ ასპარეზობაში. რაც შეეხებათ მომსვლელებს, უკვე გადაწყვეტილია, რომ ჩვენთან გააგრძელებს კარიერას მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე ("ტორპედოდან") და სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა. "ჩიხურადან" დავიბრუნეთ ჯაბა ჯიღაური და ასევე იჯარიდან დაგვიბრუნდება პერსპექტიული ახალგაზრდა შემტევი ოთარ კიტეიშვილი ("მეტალურგიდან").

- სუპერთასზე მოგებით რეკორდსმენიც გახდით: ერთადერთი ხართ, ეს პრიზი ვისაც მწვრთნელისა და ფეხბურთელის რანგში მოუგია. თუმცა, კიდევ ორი "ნიშნულიც" გელოდებათ: თქვენი ყოფილი თანაგუნდელები საქართველოს ნაკრებში, კახა ცხადაძე და გიორგი ჩიხრაძე ასევე მოიწონებენ თავს შესაშური შედეგით. ცხადაძე ერთადერთია, საქართველოს ჩემპიონი ფეხბურთელის რანგშიც რომ გამხდარა და მწვრთნელის როლშიც, ხოლო ჩიხრაძეს მსგავსი წარმატება თასზე აქვს...
- ვერაფერს ვიტყვი, მართლაც მშვენიერი სტიმულია და ყველანაირად ვეცდები, ჩემი კოლეგების მიღწევები გავიმეორო.

აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს მეგობარს, კახა ცხადაძეს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნა მივულოცო და წარმატება ვუსურვო.

ასევე, მინდა დამდეგი ახალი წელი მივულოცო და ასევე წარმატება ვუსურვო როგორც საფეხბურთო კლუბ "დინამო თბილისის" ყველა წევრს, ასევე საერთოდ, მთელ ქართულ საფეხბურთო სამყაროს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გილოცააავთ.
დინამოს წარმატებამ არ მოგატყუოთ, 16 გუნდინმა ისე დააგდო ჩვენი დონე რომ დუბლების ჩემპი უფროა ვიდრე უმაღლესი.
dada
10:02 01-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული