დათა სიჭინავა: ბოლნისის "სიონში" ამბიცია დავინახე

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტეადილოსანმა ბოლნისის "სიონმა" სატრანსფერო კამპანია ჩვენი ჩემპიონატისთვის გვარიანი შენაძენით გახსნა. ლადო ბურდულის გაწვრთნილმა გუნდმა ფოთის "კოლხეთის" ლიდერი დათა სიჭინავა გადაიბირია.

25 წლის ნახევარმცველს რამდენიმე ქართულ კლუბსა და ბელარუსშიც უთამაშია. პირველ წრეში სიჭინავა "კოლხეთის" გამოკვეთილი ლიდერი გახლდათ. მან 15 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო.

"სიონი" მალე სხვა ახალ ფეხბურთელებსაც დაიმატებს და ბოლნისელთა ახალწვეულების შესახებ ინფორმაციას ოპერატიულად მოგაწვდით, მანამდე კი სიჭინავასთან ინტერვიუს გთავაზობთ.

- დათა, რამ განაპირობა თქვენი არჩევანი? ფაქტია, ამ დროისთვის "სიონი" სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილშია...
- კლუბის ხელმძღვანელობა
დამიკავშირდა და მომავლის გეგმები გამაცნო. მათ ძალიან უნდოდათ, რომ "სიონში" მეთამაშა. არ დავმალავ, დიდი გავლენა იქონია ლადო ბურდულის ფაქტორმა - ის საქართველოში ერთ-ერთ პერსპექტიულ მწვრთნელად მიმაჩნია. ნორმალური იყო პირობები და, რაც მთავარია, "სიონში" ამბიციას ვხედავ.

- ეს კარგია, თუმცა შეძლებს კი კლუბი არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობის კარდინალურად გამოსწორებას?
- რთული იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ვფიქრობ, კარგი გუნდი გვეყოლება. სხვათა შორის, შეუძლებლად არც ევროტურნირის საგზურის მოპოვებას მივიჩნევ, სულ მცირე კი, ხუთეულში უნდა მოვხვდეთ. ეს იქნება ჩვენი მიზანი.

გემახსოვრებათ, წინა სეზონშიც დაახლოებით ასეთი სიტუაცია იყო "სიონში" და მაშინ გუნდმა ევროპალიგის საგზურის მოპოვება მოახერხა. ფანტასტიკის სფეროდან არც ახლა იქნება ასეთი შედეგის მიღწევა, მით უმეტეს, თუ სატურნირო ცხრილს ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ არაა დიდი სხვაობა ჩვენსა და მოწინავე გუნდებს შორის.

- დათა, რით იყო განპირობებული პირველ წრეში თქვენი ესოდენ კარგი თამაში?
- მთავარ ფაქტორად მწვრთნელის ნდობას დავასახელებდი. ზაზა ინაშვილის მადლობელი ვარ! ყველა ფეხბურთელი დამეთანხმება, რომ მწვრთნელის მხრიდან ნდობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ისიც იყო, რომ თამაში წამივიდა. პარტნიორებმა შემიწყვეს ხელი...

- არადა, მთელი პირველი წრის განმავლობაში ისმოდა ხმები "კოლხეთში" არსებული ფინანსური კრიზისის თაობაზე...
- რა დასამალია და, მართლა არ იყო იდეალური ვითარება. შეგვეძლო უკეთესი შედეგის მიღწევაც, რომ არა ეს ფაქტორი. ბოლოსკენ გუნდმა იპოვა საკუთარი თამაში. ხელფასის რამდენჯერმე დაგვიანების მიუხედავად, ბოლომდე შევინარჩუნეთ ერთიანობა. ეს მწვრთნელებისა და ფეხბურთელების დამსახურება იყო.

- თქვენ უკვე მოსინჯეთ ძალა საზღვარგარეთ. თუნდაც ბელარუსში თამაშზე დღეს ბევრი ქართველი ფეხბურთელი ოცნებობს. ეს ჩვენი რეალობაა. რატომ ვერ დამკვიდრდით ბრესტის "დინამოში"?
- თავიდან რომ ჩავედი, პირველი 2-3 თვე დატვირთვებთან შეგუება გამიჭირდა. მერე დავიწყე თამაში, შევედი ფორმაში და ამ დროს მწვრთნელი მოხსნეს. მოვიდა ახალი სპეციალისტი და როგორც ხდება ხოლმე, თავისი ხალხი მოიყვანა. სულ ეს იყო...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული