გორის "დილამ" ორი ძალიან სერიოზული ტრანსფერი განახორციელა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანმა გორის "დილამ" ქვეყნის პირველობის კვალობაზე ორი ძალიან სერიოზული ტრანსფერი განახორციელა. როგორც შევიტყვეთ, 13 იანვარს კლუბთან კონტრაქტებს გააფორმებენ ცენტრალური მცველი გიორგი ხიდეშელი და მეკარე ომარ მიგინეიშვილი.

ჩვენი საფეხბურთო თემი გორელთა ახალწვეულებს ძალიან კარგად იცნობს. დავიწყოთ ხიდეშელით. 26 წლის უკანახაზელს არაერთ ქართულ გუნდში უთამაშია - "თბილისში", "კახეთში", "ტორპედოში", "დინამოსა" და "ზესტაფონში".

მან სეზონი "ზესტაფონში" დაასრულა, თუმცა იმერულ კლუბში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ გუნდიდან ყველა ფეხბურთელი წავიდა და, რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც ხიდეშელი ყოფილა.

ხიდეშელის ანგარიშზე საქართველოს ეროვნულ
ნაკრებში ჩატარებული 3 მატჩია. თავის დროზე, "ზესტაფონში" პირველად მისვლის დროს, მისი გადაბირება კიევის "დინამოს" სურდა, თუმცა მოლდოვურ "დაჩიასთან" ჩემპიონთა ლიგის საგარეო მატჩში ხიდეშელმა მძიმე ტრავმა მიიღო და ფეხბურთს კარგა ხნით ჩამოშორდა.

საქართველოს ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული მეკარე - ომარ მიგინეიშვილი 30 წლისაა. კარიერის განმავლობაში მას "სამტრედიაში", "ტორპედოში", "ლოკომოტივსა" და თბილისის "დინამოში" უთამაშია.

"დინამოდან" წასვლის შემდეგ მიგინეიშვილი ქუთაისის "ტორპედოში" უნდა გადასულიყო, თუმცა გიორგი დარასელიასა და გამოცდილ მეკარეს შორის თანამშრომლობა არ შედგა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მიგინეიშვილმა 1 შეხვედრა ჩაატარა. მას "დილაში" კიდევ ერთ გამოცდილ მეკარესთან, გიორგი სომხიშვილთან მოუწევს პირველობისთვის ბრძოლა.

ჯერჯერობით, "დილა" ოფიციალურად არ ადასტურებს ამ ინფორმაციას. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ფეხბურთელებს ამ მომენტისთვის კონტრაქტები არ გაუფორმებიათ, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ საკითხი უკვე გადაწყვეტილია.

როგორც ვწერდით, უახლოეს მომავალში საქართველოში უნდა ჩამოსულიყო ბრაზილიელი ფორვარდი, რომელიც "დილას" ხელმძღვანელობას პირობებზე მოელაპარაკებოდა. შევიტყვეთ, რომ ამ ეტაპზე სამხრეთამერიკელის ჩამოსვლა გამოირიცხა, თუმცა საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და, შესაძლოა, ბრაზილიელმა გორულ კლუბს თურქულ შეკრებაზე ჩააკითხოს.

პარალელურად, გორელები ქართველი ფორვარდის დამატებაზეც მუშაობენ, თუმცა ჯერ მისი ვინაობა არ არის ცნობილი.

როგორც მოგეხსენებათ, "დილა" თურქულ შეკრებაზე მიემგზავრება. ჯერ არ დაზუსტებულა იმ გუნდების ვინაობა, რომლებთანაც გორელები თურქეთში ისპარინგებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
ილურიძეზე რა ხდებაა?
giorgi
12:00 13-01-2015
0
აკი ფული არ ქონდათ?
rato
12:25 13-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული