"გურია": ბიუჯეტი მილიონამდე, ახალწვეულები ესპანეთიდან და ლატვიიდან

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" სეზონის განახლებისთვის მზადებას საკმაოდ კარგი ბიუჯეტითა და დირექტორის გარეშე შეუდგება. ამ პოსტზე გოგი ფაცურია მუშაობდა, რომელიც სხვა სამსახურში გადაიყვანეს, მის მოვალეობას კი დროებით ოთარ ჩხაიძე ასრულებს. ახალი დირექტორის ვინაობა მალე გაირკვევა.

შევიტყვეთ, რომ "გურიას" მილიონ ლარამდე ბიუჯეტი დაუმტკიცეს.

კომენტარისთვის გუნდის მთავარ მწვრთნელ თემურ ლორიას დავუკავშირდით:

"დაფინანსების გამო ადგილობრივი ხელისუფლების მადლიერები ვართ. თუმცა, იმასაც გეტყვით, რომ საკმაოდ დიდი დავალიანება დაგროვდა და თანხის ნაწილი, ალბათ, მის გასტუმრებაში წავა. ამაშიც ლანჩხუთის გამგებლის, ზაზა ურუშაძის იმედი გვაქვს, რომელიც ვალების გასტუმრებაში დახმარებას გვპირდება".

"გურია" დღემდე არ შეკრებილა. ლორია ამის მიზეზებზეც გველაპარაკა:

"ჩვენი კლუბი საბიუჯეტოა და აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება ვერ ხერხდება. ტენდერია გამოცხადებული, თუ რომელ სასტუმროში დავბინავდებით და შეკრებასაც ამის მერე დავიწყებთ.

იმედია, მზადებას, ასე, 17 იანვრისთვის, ურეკში დავიწყებთ. საქართველოს ზღვისპირეთში "კოლხიდა" მოსამზადებლად საუკეთესო კომპლექსია. მისმა მეპატრონე ამირან ჩხაიძემ კონიუნქტურას კარგად აუღო ალღო და სასტუმროს ტერიტორიაზე ორი სტადიონი მოაწყო: ერთი - სტანდარტული, მეორე კი - არასტანდარტული. გარდა ამისა, იქ არის ტრენაჟორების დარბაზი, საუნა და მშვენიერი კვება.

ჩვენთან გუნდები ზღვისპირეთში შეკრებას რომ იწყებდნენ, სულ ეს პრობლემა ჰქონდათ - სად ევარჯიშათ, სტადიონი იყო ალთას, სასტუმრო კი ბალთას და სრულყოფილი შეკრება ვერ ხერხდებოდა. ეს პრობლემა "კოლხიდაში" მოხსნილია და იმედია, ისევ ამ სასტუმროში დავბანაკდებით.

ჩვენ ურეკში არა მხოლოდ შეკრება გვექნება, იქ მაისამდე უნდა დავბინავდეთ და ხარისხიანი სასტუმროს შერჩევაზე ყურადღებას ამიტომ ვამახვილებ".

ლორიას თქმით, "გურიამ" ჯერ მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი დაიმატა:

"მოვიდა "ტორპედოს" მეკარე გაბრიელ თებიძე, აგრეთვე, საყრდენი ნახევარმცველი კოკა ღაღანიძე, რომელიც თამაშობდა ესპანეთში, "ალავესის" ასაკობრივ გუნდში, კაჭარავას 19-წლამდელთა ნაკრებსა და რუსთავის "მეტალურგში". ის 1994 წელსაა დაბადებული და საინტერესო მოთამაშეა.

გარდა ამისა, ჩვენთან ითამაშებს ლატვიური "დაუგავპილსის" ცენტრალური მცველი ბუკა ცინცაძეც. "დინამო 2"-ის თავდამსხმელი ვაჟა მათიაშვილი ჩვენთან გაივლის შეკრებას და მისი საკითხი მერე გადაწყდება.

მოლაპარაკება კიდევ ოთხ-ხუთ საინტერესო ფეხბურთელთან მიმდინარეობს, მაგრამ დეტალები შესათანხმებელია. მხოლოდ ერთს დავასახელებ - ლაპარაკია "დინამოს" ყოფილ მარჯვენა მცველ გიორგი მჭედლიშვილზე. ვნახოთ, რას მოიტანს მოლაპარაკება.

აქვე ვიტყვი, რომ წავიდა მეკარე ლადო ზუხბაია, გიორგი მიქაბერიძე "სიონში" გადავიდა, საბა ლომია - მარტვილის "მერანში", დავით მეგრელიშვილი კი - "ზუგდიდში". საქმე ისაა, რომ კოშკაძის გარდა, თითქმის ყველას ექვსთვიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული და ახალ გუნდებს ეძებენ".

"გურიას" მწვრთნელმა საკონტროლო შეხვედრების გრაფიკში კორექტივები შეიტანა:

"თამაშები დავგეგმეთ ფოთის "კოლხეთთან", "შუქურასა" და ბათუმის "დინამოსთან", მაგრამ თარიღებზე ხელახლა მოგვიწევს შეთანხმება, რადგან შეკრებას დაგვიანებით ვიწყებთ, სხვა მეტოქეების ვინაობას კი ახლა ვარკვევთ.

ურეკში ხშირად ჩამოდიან აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები და სურვილი გვაქვს, მათაც შევეჯიბროთ".

ლორია მიიჩნევს, რომ გუნდმა პირველ წრეში ნორმალურად ითამაშა:

"მიმაჩნია, რომ მწირი რესურსით პროგრამა-მინიმუმი შევასრულეთ, მაგრამ "გურიას" მიზანი მინიმუმ ათეულში მოხვედრაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ინტერვიუ არ წაგიკითხავს? საზღვარგარეთელ "არაახალგაზრდაზე" სად წაიკითხე?!
giorgi-ს გიასგან )))
18:11 15-01-2015
0
ზუხბაიას რა მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ - კიოლნის აკადემიაშიც კი იზრდებოდა...
giorgig83
17:41 15-01-2015
0

სიახლეები პოპულარული