რაც შეეხება გუშინდელ მატჩს: "დილა" მეტოქეს გორის კულტურისა და დასვენების პარკის ხელოვნურსაფარიან მოედანზე დაუხვდა.
თამაში მასპინძელთა სოლიდური უპირატესობითა და მათივე სწრაფი გოლით დაიწყო. მე-4 წუთზე ჯონი შეროზიამ საჯარიმოს გარეთ ხელით ითამაშა. არბიტრმა ბაკურ ნინუამ საჯარიმო დარტყმა დანიშნა. გიორგი სეთურიძემ ბურთი მეკარის საჯარიმოსთან ჩააწოდა, ხოლო ირაკლი მოდებაძემ ზუსტად დაარტყა
მე-18 წუთზე სეთურიძემ თავადაც გაიტანა (ლაშა ჯაფარიძის პასით) - 2:0. კიდევ ორ წუთში მოდებაძემ ერთხელაც დაამწუხრა შეროზია - 3:0.
სტუმრებმა ამის მერეღა შეძლეს ერთი ბურთის გაქვითვა: 35-ე წუთზე ომარ მიგინეიშვილის კარში გოლი ნიკოლოზ მაისურაძემ შეაგდო.
ტაიმის მიწურულს კი გორელებმა მეოთხედაც აიღეს მეტოქის კარი. თავი ისევ მოდებაძემ გამოიჩინა - 4:1.
შესვენების შემდეგ მხოლოდ ერთი გოლი გავიდა - მეორე ტაიმის დასაწყისში კახა კახაბრიშვილმა იხეირა და საბოლოო ანგარიში (4:2) დააფიქსირა.
24 იანვარს გორი კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლებს: "დილა" რუსთავის "მეტალურგთან" მოსინჯავს ძალებს. 27 იანვარს გორელები სტუმრად ბოლნისის "სიონს" შეხვდებიან, ხოლო შემდეგ თურქეთისკენ აიღებენ გეზს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"