გორის მერი "დილას" წლიური დაფინანსების 2 მილიონამდე გაზრდაზე ფიქრობს

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ერთ-ერთმა ლიდერმა გორის "დილამ", დაფინანსების თვალსაზრისით, 2015 წელი კარგად დაიწყო. მეტიც - ქალაქის ხელმძღვანელებმა 22 იანვარს გორის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე კლუბისთვის ბიუჯეტის გაზრდაზეც იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ "დილას" ბიუჯეტი 2015 წელს 1 მილიონით განისაზღვრა, მაგრამ ამ თანხაში, გუნდთან ერთად, ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დაფინანსებაც შედის და უშუალოდ "დილას" მილიონიდან 600 ათასი რჩება.

ეს სახსრები კლუბს მიმდინარე საფეხბურთო სეზონის ჩასამთავრებლად, ანუ მაისამდე თუ ეყოფა. მერე კი, როგორც ბიუროს სხდომაზე გამოჩნდა, შედეგი განსაზღვრავს, რა რაოდენობის თანხა მიეცემა "დილას" 2015 წლის
მეორე ნახევრისთვის. საუბარია მთელი წლის განმავლობაში გუნდის დაფინანსების 2 მილიონამდე გაზრდაზე.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძე დაფინანსების გაზრდის იდეას ემხრობიან. მართალია, რამდენიმე დეპუტატი ამ წინადადებას არ ეთანხმება, მაგრამ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის ცალსახა მხარდაჭერა, ვფიქრობთ, გადამწყვეტი იქნება და "დილას" დაფინანსებას მართლაც გაუზრდიან.

"თუ ჩვენი გუნდი შეძლებს უმაღლესი ლიგის სამეულში შესვლას, ან, მაგალითად, ქვეყნის თასის მოპოვებას, მისი მიტოვება არასწორი იქნება. მჯერა, რომ აუცილებლად გამოვნახავთ წლის მეორე ნახევარში სახსრებს "დილას" დასაფინანსებლად.

კლუბის მენეჯერს მეტი რა უნდა მოვთხოვოთ, თუ "დილამ" სპორტული თვალსაზრისით მაღალი შედეგი აჩვენა?

ჯერჯერობით გუნდში ჩვენ უნდა ჩავდოთ ფინანსები. მართალია, დგას საკითხი კლუბის გაყიდვის თაობაზე, მაგრამ დღეს საქართველოში სპონსორის მოძებნა იოლი არაა. მჯერა, შევქმნით ისეთ პროდუქტს, რომლის გაყიდვის გაცილებით დიდი შანსი იქნება.

აქამდე ამის შანსი მცირე იყო, თუნდაც იმიტომ, რომ კლუბის მენეჯმენტში მუშაობდა 120 (!) ადამიანი, ან კიდევ უფრო მეტიც. ახლა ასეთი მდგომარეობა აღარ არის. კლუბის სტრუქტურული ნაწილი უკვე დავხვეწეთ.

სამომავლოდ, ვგეგმავთ საფეხბურთო სკოლის ცალკე გამოყოფას, რომელიც უმცროსი ასაკის ფეხბურთელებს აღზრდის. ასეთ დროს, "დილას" ძირითად გუნდთან ერთად, შესაძლოა, ორი-სამი ასაკობრივი ჯგუფი ჰყავდეს, სადაც ყველას ექნება თავისი შესაბამისი ხელფასი.

ასე ეტაპობრივად გვინდა, რომ კლუბი გახდეს სტაბილური, კონკურენტუნარიანი და ამავე დროს, ფინანსურად თვითკმარი ორგანიზაცია", - თქვა ბიუროს სხდომაზე ქალაქის მერმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
კარგია დიდი დაფინანსება ტან დილას ფეხბურტელები იმსახურებენ მეტიც ეკუტვნიტ მაგატ გორის დილააა
goreli
15:05 23-01-2015
0
კარგია დიდი დაფინანსება ტან დილას ფეხბურტელები იმსახურებენ მეტიც ეკუტვნიტ მაგატ გორის დილააა
goreli
15:05 23-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული