როგორ უნდა "გავჩარხოთ" სპარინგი რუმინეთის ნაკრებთან?

AutoSharing Option
ფოტოზე: ბოლნისის "სიონი" სეზონის სამზადისში

ბოლნისის "სიონის" პრესსამსახურის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ ბევრი გააკვირვა. როგორი საქმეა - თურქულ შეკრებაზე ბოლნისის "სიონი", სხვებთან ერთად, რუმინეთის ნაკრებთანაც ისპარინგებს.

სიმართლეს თვალი გავუსწოროთ - არათუ საკლუბო, სანაკრებო დონეზეც სანატრელი გვაქვს ასეთი ამხანაგურები. როგორ "გაიჩარხა" ეს სპარინგი?

შევიტყვეთ, რომ ქართული გუნდების უმრავლესობის ანტალიასა თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებაზე გამგზავრებას თურქული ფირმა "ენდას" ქართული წარმომადგენლობა უზრუნველყოფს. საქართველოში ამ კომპანიის წარმომადგენელი დავით ყენიაა.

ჩვენმა ყოფილმა კოლეგამ არაერთი საინტერესო ნიუანსი გაგვიმხილა. თავდაპირველად, ყენიას იმ გუნდების თაობაზე ვკითხეთ, რომლებიც ფირმა
"ენდას" მეშვეობით გაივლიან უცხოურ შეკრებას.

ყენიას თურქეთში დავუკავშირდით.

"საჩხერის "ჩიხურა უკვე ჩამოვიდა თურქეთში. მალე ჩამოვლენ ქუთაისის "ტორპედო" და ბოლნისის "სიონი". პრაქტიკულად, 100 პროცენტითაა გადაწყვეტილი, რომ ბათუმის "დინამოც" გაივლის თურქულ შეკრებას", - გვითხრა ყენიამ.

რუმინეთის ნაკრების სპარინგზე დათანხმება, ისიც ქართული კლუბისთვის, იოლი არ უნდა იყოს. როგორ მოხერხდა "სიონისთვის" ასეთი სერიოზული სპარინგ-პარტნიორის შეგულება? ამ კითხვაზე ყენია ასე პასუხობს:

"თურქული ფირმა "ენდა" 1996 წელს ჩამოყალიბდა. მას დიდი ავტორიტეტი აქვს. მისი წარმომადგენლობა არაერთ ქვეყანაში მუშაობს, მათ შორის - რუმინეთშიც. ამ ქვეყნის ნაკრებთან თამაშის ვარიანტი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ამაზე სიტყვა ჩამოაგდო რუმინეთში "ენდას" წარმომადგენელმა", - გვითხრა ყენიამ.

როგორი შემადგენლობით ითამაშებს რუმინეთის პირველი გუნდი თურქეთში ბოლნისელთა წინააღმდეგ 10 თებერვალს?

"რა თქმა უნდა, ბოლომდე არ ვარ ჩახედული რუმინელთა სამზარეულოში, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ამ შეხვედრაში რუმინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანგელ იორდანესკუ ძირითადად ეროვნული გუნდის უახლოეს რეზერვს დააკვირდება. რუმინელთა შემადგენლობაში ასევე იქნებიან ლეგიონერებიც", - ესეც ყენიას სიტყვებია.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჰაერივით სჭირდება კვალიფიციური სპარინგ-პარტნიორები. რა თქმა უნდა, რუმინეთის ნაკრებთან ძალების მოსინჯვა ჩვენი გუნდისთვის ურიგო არ უნდა იყოს.

"თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის სურვილი იქნება, რუმინეთის ნაკრებთან და სხვებთან სპარინგის ორგანიზება არ არის პრობლემა", - გვარწმუნებს "ენდას" წარმომადგენელი.

ამ ფირმამ ქართულ გუნდებს გვარიანი სპარინგები მოუგვარა. ჩვენი კლუბების წინააღმდეგ ისეთი გუნდები ითამაშებენ, როგორებიც არიან უნგრული "დებრეცენი", რუმინული "ოცელული" და "პეტროლული", ბოლო დროს ქართველთა ნავსაყუდელად ქცეული უნგრული "ნირედიჰაზა" (იგივე "სპარტაკუსი"), რუსული პრემიერლიგის ბინადარი პერმის "ამკარი" და სხვები. მართალია, "რეალი" ან "ბარსელონა" არცერთია, თუმცა შეჭირვებული ქართული საკლუბო ფეხბურთის კვალობაზე ესეც საქმეა.

დაბოლოს, ცოტა რამ დავით ყენიაზე. ის ჩვენი ყოფილი კოლეგაა. ჟურნალისტიკიდან წასვლის შემდეგ მან ბედი სამენეჯერო საქმეში სცადა.

"ძალიან დამეხმარა ისეთ ადამიანებთან ერთად საქმიანობა, როგორებიც არიან გოგა გახოკიძე და გიორგი ქინქლაძე. ჩემი მთავარი პრინციპია, ვაკეთო საქმე ქართული ფეხბურთის ინტერესების გათვალისწინებით", - გვეუბნება ყენია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთნაირი სავარჯიშო ფორმები მაინც ჩააცვით სირცხვილია, ყველას სხვადასხვა სპორტული აცვია, ერთს საერთოდ არსენალის მაიკა აცვია. განა რა ღირს ამდენი რო ვერ იყიდოთ.
0
კაკაურიძის სტატიები ლელოს მაგრად აბანძებს
ვაჟა
01:25 28-01-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული