ვიტ ჯორჯია-ლოკომოტივი 1:2 - მარცხიანი ექსპერიმენტი

AutoSharing Option
დედაქალაქურმა "ვიტ ჯორჯიამ" ექსპერიმენტული შემადგენლობით ისპარინგა პირველლიგელ "ლოკომოტივთან" და მინიმალური ანგარიშით, 1:2 დამარცხდა. ეს შეხვედრა "მცხეთა პარკზე" შედგა. მასპინძელთა შემადგენლობაში დუბლებისა თუ სინჯებზე მყოფი ფეხბურთელები ჭარბობდნენ.

"ვეტერინართა" შორის თავი ერეკლე ხვისტანმა გამოიჩინა მე-3 წუთზე. ამის შემდეგ "რკინიგზელთა" ჯერი დადგა. ჯერ არდაზიშვილმა შეაგდო 48-ე წუთზე, მერე კი, 54-ე წუთზე, ართმელიძის ჯერიც დადგა და ამით საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

მორიგ ამხანაგურ მატჩს "ვიტ ჯორჯია" დღეს, 28 იანვარს "სიონთან" გამართავს. ამ შეხვედრაში თბილისელთა თავკაცი ზურაბ ბერიძე ძირითად შემადგენლობას დააყენებს.

"ლოკომოტივთან" მატჩში კი ვიტელები ასე
გამოიყურებოდნენ: ისერგიშვილი (68. ყანჩაველი), ასკილაშვილი (71. წენგუაშვილი), კალანდია, მოსიძე (64. მერაბიშვილი), დანელია, მაჭავარიანი (46. მარგველაშვილი), ლებანიძე (64. ვაზაგაშვილი), საბაძე (64. მახაჭაშვილი), ხვისტანი, კალაჯიშვილი (71. გიორგაძე), კუხალეიშვილი (60. იმნაძე).

თადარიგიანმა "ვეტერინარებმა" ადრევე შეიგულეს სპარინგ-პარტნიორები და მაშინ, როცა ჩვენი რამდენიმე გუნდი ხეირიანად არც კი "გახურებულა", მათ უკვე მოასწრეს 5 ტესტ-მატჩის ჩატარება.

შეგახსენებთ, რომ ბერიძის შეგირდებმა დაამარცხეს "მარკ სტარსი" (2:1), ზაქათალის "სიმურგის" დუბლები (4:1), წააგეს გორის "დილასთან" (2:4), თბილისის "დინამოსთან" (0:1) და აგერ, ბოლოს "ლოკომოტივთან".

"სიონთან" მატჩის შემდეგ, 31 იანვარს "ვიტ ჯორჯიას" მეტოქე ცხინვალის "ლიახვი" იქნება, 12 თებერვალს კი საჩხერის "ჩიხურას" დაუპირისპირდება.

ამ დროისთვის, "ვიტ ჯორჯიას" საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში ბოლოსწინა, მე-15 ადგილი უჭირავს. ცხადია, "ვეტერინართა" მთავარი მიზანი უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული