ჩიხურა-ბრაშოვი 1:3 - რუმინელებმა ფრთხილი ტაქტიკით გვაჯობეს

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" თურქეთის საკურორტო ქალაქ ბელექში 24 იანვარს გაემგზავრა და 28 იანვარს პირველი საკონტროლო მატჩიც გამართა. ვიდრე ამაზე ვიტყოდეთ, მანამდე სატრანსფერო ამბებს გადავხედოთ. 

გადაწყვეტილი იყო მხოლოდ გიორგი განუგრავას ამბავი. ეს ფეხბურთელი "ჩიხურამ" ბოლნისის "სიონიდან" დაიმატა. სიახლეა, რომ საჩხერელთა რიგებში ითამაშებს თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი წევრი თორნიკე ზარქუაც. 24 წლის მეკარე ბოლოს გორის "დილაში" იყო, მაგრამ პირველ წრეში ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

გუნდში ვარჯიშობდა შემტევი ნახევარმცველი კახა კაკაშვილი, რომელმაც რუსთავის "მეტალურგში" საშემოდგომო ეტაპი ძალიან კარგად ჩაატარა და რამდენჯერმე
"ლელოს" სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა - "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ მისი აყვანის საკითხი შეკრებამდე გადაწყვიტა.

გუნდში ვარჯიშობდა "ზესტაფონის" ნახევარმცველი მიხეილ სარდალიშვილი. სანამ "ზესტაფონის" დაფინანსებისა და ყოფნა-არყოფნის ამბავი გაირკვეოდა, ამ ფეხბურთელის ტრანსფერის ამბავიც წყდებოდა. საბოლოოდ, იმერული კლუბები იჯარაზე შეთანხმდნენ.

გუნდთან ერთად შეკრებას გადიან უკრაინის პრემიერლიგის ფეხბურთელები - "ზარიას" ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე და დონეცკის "მეტალურგის" გარემარბი ევგენი ტროიანოვსკი. სავარაუდოდ, ეს ფეხბურთელებიც გუნდში არენდის წესით დარჩებიან.

რაც შეეხება პირველ სპარინგს, "ჩიხურა" რუმინეთის მთავარ ლიგაში მე-10 ადგილზე მყოფ "ბრაშოვს" შეხვდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

თურქეთში საჩხერელთა პრესატაშეს, თორნიკე შალამბერიძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ "ჩიხურამ" თამაში თავიდანვე შეტევებით დაიწყო, რუმინელებმა კი ფრთხილი, კონტრიერიშებზე აგებული ტაქტიკა ამჯობინეს და საბოლოოდ, სწორედ ამის ხარჯზე მოიგეს.

მეტოქემ ანგარიში 21-ე წუთზე გახსნა, როცა კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი შეტევაში ჩართულმა "ბრაშოვის" ტანმაღალმა მცველმა "ჩიხურას" კარში გაგზავნა.

პირველი ნახევრის მიწურულს კი რუმინელებმა "ჩიხურა" კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, მეკარე მაქსიმე ქვილითაიამ მასთან პირისპირ დარჩენილი თავდამსხმელი წააქცია. მსაჯმა პენალტი დანიშნა, ქვილითაია კი გააძევა. რუმინელებმა საჯარიმო უნაკლოდ გამოიყენეს - 0:2.

მატჩის მიწურულს, ბრაშოველთა ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს, მეკარე ზურაბ მწყერაშვილთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ფორვარდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - 0:3.

"ჩიხურამ" პრესტიჟის გოლი ორიოდე წუთში გაიტანა: ფლანგიდან ლაშა ჩიკვაიძის ჩაწოდებული ბურთი მცველმა უხეიროდ მოიგერია, დამატებაზე კი გიორგი კორიფაძემ იყოჩაღა - 1:3.

ჩიხურა: ქვილითაია - ოდიკაძე, ჭელიძე, კაშია, ქიმაძე - განუგრავა, დობროვოლსკი - დეკანოიძე, მანჯგალაძე, ტროიანოვსკი - მუმლაძე. შეცვლაზე: მწყერაშვილი, ჩიკვაიძე, ბაჯელიძე, კორიფაძე, კაკაშვილი, სიხარულია.

საჩხერელთა შეკრება 7 თებერვლამდე გაგრძელდება. ფრუიძის გუნდი თურქეთში კიდევ ოთხ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს - 31 იანვარს ბულგარულ "ბეროესთან", 3 თებერვალს - ყაზახეთის "აქტობესთან", ხოლო 4 და 6 თებერვალს დაგეგმილი სპარინგებისთვის მეტოქეთა ვინაობა გარკვევის პროცესშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული