დინამო-ვორსკლა 0:1 - მარცხი უკრაინელებთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქეთში შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა: საქართველოს მოქმედი ჩემპიონი და მიმდინარე გათამაშების ლიდერი უკრაინულ "ვორსკლას" (პოლტავა) წაესპარინგა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

ეს ერთადერთი გოლი უკრაინული გუნდის ფორვარდმა ოლეგ მიშჩენკომ მე-7 წუთზე გაიტანა. "ვორსკლამ" სწრაფი კონტრშეტევა დაიწყო მარჯვენა ფლანგიდან და ჩვენი საჯარიმოს მისადგომებთან მყოფმა მიშჩენკომ "დინამოს" სლოვაკ მეკარეს, ლიბორ ჰრდლიჩკას ბურთი ახლო კუთხეში გაუტანა.

ამის მერე ანგარიშის შეცვლის შანსი ორივე გუნდს ჰქონდა: ერთ ეპიზოდში დინამოელთა ესპანელი ახალწვეული მანუელი თავით ურტყამდა ახლო მანძილიდან, მაგრამ "ვორსკლას" მეკარე დმიტრო ნეპოგოდოვმა
სწორი პოზიცია შეარჩია.

მანუელისა და ნეპოგოდოვის დუელი სხვა ეპიზოდშიც ვიხილეთ, როცა "ოსასუნადან" გადმოსული ფორვარდი, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე დარჩა "ვორსკლას" მეკარესთან, მაგრამ... ვერც ამჯერად იყოჩაღა.

პირველ ტაიმშიც და შესვენების შემდეგაც ბურთის ფლობაში უპირატესობა დინამოელთა მხარეს იყო, თუმცა უკრაინულმა გუნდმა კარის მშრალად შენახვა მაინც მოახერხა.

ანგარიშის გათანაბრების ყველაზე რეალური შანსი "დინამოს" მატჩის მიწურულს ჰქონდა, როცა კუთხურის შემდეგ ბურთი მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან მყოფ ჯაბა ჯიღაურს მიუვიდა, რომელიც ახლოს იყო მიზანთან (თან შეეძლო, ზედიზედ მეორე საკონტროლო მატჩში გამოეჩინა თავი), მაგრამ "ვორსკლას" სათადარიგო მეკარე ალექსანდრ ტკაჩენკომ ჩინებული რეაქციით გუნდი აშკარად გოლს გადაარჩინა.

"ვორსკლასთან" მატჩში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა გოგიჩაიშვილმა ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ჰრდლიჩკა (46. დაუშვილი) - კაკაბაძე, ბუკორაცი, გველესიანი, ტაბატაძე - პარუნაშვილი (62. ცინცაძე) - ჯანელიძე (62. ჯიღაური), კიტეიშვილი (67. უგულავა), ჭატურიშვილი (75. ჯაფიაშვილი), გუგა (46. ლობჟანიძე) - მანუელი (62. მიქელთაძე).

როგორც ხედავთ, გოგიჩაიშვილმა დასვენების საშუალება მისცა გუნდის ორ წამყვან მცველს - ნიკა ჭანტურიასა და ლაშა თოთაძეს. წინა საკონტროლო მატჩისგან (ავსტრიულ "შტურმთან" ჩვენმა ჩემპიონმა 1:1 ითამაშა) განსხვავებით, "დინამოს" პოტენციურმა ახალწვეულმა, სერბმა სტეფან ბუკორაცმა თამაში ამჯერად ცენტრალური მცველის პოზიციაზე დაიწყო, ვაჟა ტაბატაძე კი ახლა დაცვის მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული.

ტრავმების გამო უკვე მეორე საკონტროლო მატჩი გამოტოვეს გიორგი პაპუნაშვილმა, ლაშა შერგელაშვილმა და გიორგი ჩირგაძემ.

რაც შეეხება "დინამოს" კიდევ ერთ ახალწვეულს, ექსზესტაფონელ რენე ფერეირას, ბრაზილიელი ცენტრალური მცველი თბილისელებს ანტალიაში შეუერთდა და ჯერჯერობით ინდივიდუალური პროგრამით ემზადება.

მომდევნო საკონტროლო მატჩს "დინამო" 3 თებერვალს გამართავს და ჩეხეთის ყველაზე პოპულარულ და ტიტულოვან გუნდს, პრაღის "სპარტას" შეხვდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული