ვიდეო: გიორგი ხარაიშვილის გოლი და გია ჭიაბრიშვილის შეძახილი
"საბურთალო" თურქულ შეკრებაზეა. პირველი ლიგის B ზონის ლიდერმა პირველი სპარინგი ბულგარულ (სტარა ზაგორა) "ბეროესთან" გამართა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.
"ბეროე" იქაური პრემიერლიგის მეხუთეადგილოსანია. გუნდს 8 ლეგიონერი ჰყავს. მატჩის ბედიც სწორედ მათ გადაწყვიტეს. გამოცდილ და ძლიერ მეტოქესთან ახალგაზრდა საბურთალოელებმა ბოლომდე იბრძოლეს, თუმცა კლასმა მაინც თავისი გაიტანა.
ძალიან კარგად ითამაშა მეკარე ბექა ქურდაძემ, რომელმაც რამდენიმე ეპიზოდში სასწაულებრივი რეაქცია გამოავლინა. თავის მხრივ, ერთ-ერთ ეპიზოდში კარის აღების კარგი შესაძლებლობა გურამ გოშთელიანსაც ჰქონდა, მაგრამ ფორვარდმა ხელსაყრელი ეპიზოდი ვერ გამოიყენა.
უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ბულგარელებმა გახსნეს: 63-ე წუთზე ფლანგიდან ჩაწოდებული ბურთი კარში ფრანგმა, "გლაზგო რეინჯერსისა" და "ბოლტონის" ყოფილმა ნახევარმცველმა სალიმ კერკარმა გაგზავნა - 0:1.
69-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ჩინებულად შეასრულა საჯარიმო და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ორიოდ წუთში "ბეროემ" გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა - მცველების შეცდომით კონგოელმა თავდამსხმელმა ჟუნიორ მაპუკუმ ისარგებლა.
ბულგარული კლუბის ვებგვერდზე დაიდო მატჩის ვიდეოკადრები, სადაც ისმის "საბურთალოს" მთავარი მწვრთნელის, გია ჭიაბრიშვილის შეძახილი პირველი გაშვებული გოლის შემდეგ:
"საქართველო კი არ არის, ეს არის გუნდი!.. ფეხბურთი ითამაშეთ, სხვა რამ არ მაინტერესებს! კიდევ გაგვიტანონ, მაგრამ მაინც შეუტიეთ! ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ".
საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, ნადარაია, იაშვილი, ჩაბრაძე, მამუჩაშვილი, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, ჯიქია, გოშთელიანი; შეცვლაზე: ტაბიძე, ბეროშვილი, ნიკოლაშვილი, ხორხელი, სოფრომაძე, წივილაშვილი.
გუნდს დაუბრუნდა მცველი ჯიმი ტაბიძე, რომელიც დიუსელდორფის "ფორტუნაში" ისინჯებოდა. მისი ტრანსფერის საკითხი ზაფხულამდე უნდა გადაწყდეს.
ამ შემთხვევაში, "საბურთალოს" პოზიცია ასეთია - გერმანელებს ტაბიძე მოეწონათ და მისი გამოსყიდვა კი სურთ, მაგრამ აქ რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი - ჯერ ის, რომ გუნდს უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურს და ახალგაზრდა ფეხბურთელი ჯერჯერობით არ ეთმობა. უმაღლესში აღზევების შემთხვევაში კი ტაბიძეზე მოთხოვნა უფრო გაიზრდება და ეს ისევ მის კარიერას წაადგება. გარდა ამისა, შეიძლება, მისით სხვა გუნდებიც დაინტერესდნენ.
"საბურთალო" მორიგ ამხანაგურ შეხვედრას 6 თებერვალს გამართავს. თბილისელები კვლავ ბულგარულ კლუბს დაუპირისპირდებიან, ოღონდ, ამჯერად, ეს იქნება "ჰასკოვო", რომელიც უმაღლესი ლიგის აუტსაიდერია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
14:20 05-02-2015
კიდევ გაგვიტანონ, მაგრამ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ! - გია ჭიაბრიშვილის მოწოდება "საბურთალოს" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული