უჩა სოსიაშვილი: ერთი ფორვარდის დამატებაზეც არ ვიტყოდი უარს...

AutoSharing Option
17 თებერვალს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე "დილას" ხელმძღვანელობამ ახალწვეულები წარადგინა და მათ ნომრიანი მაისურები გადასცა.

მეორე წრიდან "დილაში" ითამაშებენ: მეკარე ომარ მიგინეიშვილი, რომელიც ბოლოს თბილისის "დინამოში" ასპარეზობდა; მცველები - გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი), გიგა სამხარაძე (დინამო თბ), ალან ბაგაევი (ალანია, რუსეთი), სლავკო მარიჩი (ლამია, საბერძნეთი); ნახევარმცველები - ლაშა გვალია (ზესტაფონი), გიორგი თექთურმანიძე (ცხინვალი), ირაკლი ძარია (დინამო თბ), მიხაილ გორელიშვილი (ტოსნო, რუსეთი).

გაცხად
და, რომ კლუბი ოფიციალურად დატოვეს ბექა შეყრილაძემ, გურამ ადამაძემ, თორნიკე ზარქუამ, ვასილ ბაჩიაშვილმა, ნიკოლოზ სადაღაშვილმა, გიორგი ბერიძემ და ბაჩანა არაბულმა.

Sportall.Ge

ყველა ახალწვეულთან გაფორმებულია ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის დასრულებამდე.

"დილამ" მეორე წრისთვის სამზადისი 8 იანვარს დაიწყო. 20 დღის განმავლობაში გორელები საქართველოში ემზადებოდნენ, 28 იანვრიდან 10 თებერვლამდე კი ანტალიაში გაიარეს შეკრება. თურქეთში "დილამ" ოთხი ამხანაგური მატჩი გამართა, საიდანაც 2 მოიგო ("იანგ ბოიზი"; შვეიცარია, "რაპიდი", რუმინეთი) და ორჯერაც ფრეს დასჯერდა ("იაგელონია", პოლონეთი; "აუერბახი", გერმანია).

გუნდის მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს ჯერ ანტალიური შეკრების შეფასება ვთხოვეთ.

- მეორე წრისთვის მზადების დროს, საქართველოშიც და თურქეთშიც, ყველა პირობა გვქონდა შექმნილი. სპარინგ-პარტნიორების შერჩევისას მიზნად ის არ გვქონია, რომ მაინცდამაინც უმაღლესი კლასის გუნდებს გავჯიბრებოდით. შევარჩიეთ ისეთი მოწინააღმდეგეები, რომლებიც ჩვენი ან ცოტა მაღალი დონისა იქნებოდნენ, რათა უკეთ დაგვენახა, რა შეგვიძლია.

ამხანაგური მატჩებით კმაყოფილი დავრჩი. გამოვცადეთ ახალი ფეხბურთელებიც, ვიმუშავეთ სხვადასხვა ტაქტიკურ სქემაზე.

- იმათგან, ვინც გუნდი დატოვა, ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი (გურამ ადამაძე) იყო. ახალწვეულებიდან უმრავლესობა კი ისეთი მოთამაშეები არიან, რომელთაც ძირითადში თამაშის პრეტენზია ექნებათ. შესაბამისად, მეორე წრიდან "დილას" სასტარტო შემადგენლობა, ალბათ, სხვანაირი იქნება...
- ცხადია, შემადგენლობაში ცვლილებები მოხდება, მაგრამ გუნდის წარმატებისთვის ყველა მათგანი მჭირდება - ძირითადებიც და სათადარიგოებიც.

- რომელი ამპლუის ფეხბურთელის დამატების სურვილი გქონდათ, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ მოახერხეთ?
- ერთი თავდამსხმელის აყვანაზე არ ვიტყოდი უარს, თუმცა, სამწუხაროდ, ვერავინ დავიმატეთ.

- ჯანმრთელობის პრობლემის გამო ხომ არ გამოგაკლდებათ ფეხბურთელები თბილისის "დინამოსთან" სათასო მატჩში?
- ტრავმას მკურნალობს ირაკლი ძარია, გიორგი ხიდეშელმაც ერთ-ერთ ბოლო ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და სარეაბილიტაციო კურსს გადის;

გარდა ამისა, სლავკო მარიჩის ოფიციალური საბუთები ბერძნული კლუბიდან ჯერ არ მოსულა და მისი განაცხადში შეყვანაც ყოვნდება, ლუკა რაზმაძეს კი დისკვალიფიკაციის შემდეგ ოთხი მატჩი დარჩა მოსახდელი და ამ დროის განმავლობაში ვერც ის დაგვეხმარება.

- თბილისის "დინამოსთან" მატჩზე რას გვეტყვით?
- ჯობია, ამაზე მატჩის შემდეგ ვილაპარაკოთ...
* * *
პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ "დილას" სპონსორობას გაუწევს ტოტალიზატორი "ლიდერბეთი". კონტრაქტი ერთწლიანია. ხელშეკრულების ფარგლებში, "ლიდერბეთი" "დილას" ბავშვთა საფეხბურთო სკოლასაც გაუწევს თანადგომას.

"მოვუწოდებთ ყველა ქართულ კომპანიას, ფეხბურთსა და საზოგადოდ, სპორტში სპონსორობა პრიორიტეტად აქციოს. "ლიდერბეთისთვის" უცხო არაა ამ მიმართულებით საქმიანობა. ჩვენ არა მხოლოდ მოქმედ სპორტსმენებს, ვეტერანებსაც ვეხმარებით. "დილამ" კი იმით მოგვხიბლა, რომ ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია და მაღალი მიზნებისთვის იბრძვის", - განაცხადა პრესკონფერენციაზე "ლიდერბეთის" წარმომადგენელმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული