მარტვილელებმა ანტალიაში 12 დღე დაჰყვეს და ოთხი ამხანაგური შეხვედრა გამართეს - ყაზახური "აქტობეს" დუბლებთან ფრედ (1:1) ითამაშეს, უკრაინულ "ჩერნომორეცთან" (0:1) და უნგრულ "პეჩთან" (1:2) წააგეს, ხოლო უკანასკნელი მატჩი რუმინულ "ვოლუნტართან" მე-80 წუთზე მეტოქე ფეხბურთელთა ზღვარგადასული უხეშობის გამო (რასაც მოთამაშეთა შორის შეხლა-შემოხლაც მოჰყვა), არბიტრის გადაწყვეტილებით შეწყდა.
"მერანის" უკრაინელმა მწვრთნელმა ვლადიმირ ლობასმა "ლელოსთან" საუბარში თურქული შეკრება შეაფასა:
"თავდაპირველად, მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ოდესის "ჩერნომორეცთან" გამართულ შეხვედრაზე. სასიამოვნო იყო თანამემამულეთა ნახვა, ოღონდ,
ქართველების მხრიდან "ჩერნომორეცისადმი" გამოცხადებულმა მორალურმა მხარდაჭერამ ოდესელები აღტაცებაში მოიყვანა.
თამაში საკმაოდ მეგობრულ გარემოში წარიმართა. გოლის გატანის არაერთი შანსი ჩემს გუნდსაც ჰქონდა...
რაც შეეხება ზოგადად შეკრებას, მას პოზიტიურად შევაფასებდი - მშვენიერი პირობები, შესანიშნავი მინდვრები, კარგი სპარინგ-პარტნიორები...
შედეგების მიუხედავად, ბიჭების მომზადების დონით კმაყოფილი ვარ. შეკრების მიზანი ფეხბურთელთა შეთამაშება იყო, რაც, ვფიქრობ, გამოგვივიდა".
"მერანი" სეზონს 22 თებერვალს, "ვიტ ჯორჯიასთან" საგარეო მატჩით განაახლებს. ლობასის თქმით, ამ შეხვედრის წინ გუნდს პრობლემები აქვს. "მცხეთა პარკზე" არ იქნებიან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები - კიჭი მელიავა და ლაშა ჯღამაია დისკვალიფიცირებულები არიან, ხოლო გოგი ფიფიასა და გიორგი გეგიას ტრავმები აწუხებთ; სათუოა ცენტრალური მცველის, ვაჟა ლომაშვილის თამაშიც.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"