გურია-ზესტაფონი 1:0 - შინ მაინც არ აგებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რობერტას ფრიდრიკასი, რიმას მაჟეიკასი, ედუარდ ვერონიანი, გენრიხ ბერბერიანი, არნო ჩუენსუ, ვიტალი შუმეიკო, ნიკიტა კონოვალოვი... "გურიის" თავკაცმა 90-ე წუთზე მოედანზე კლუბის ისტორიაში მეშვიდე ლეგიონერი შეუშვა.

ამ დროს მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო. თემურ ლორიას შეგირდებმა "ზესტაფონის" დამარცხებით საშინაო შეხვედრების წარმატებული სერია გააგრძელეს - ამ სეზონში "ევგრაფი შევარდნაძეზე" გურულებს ერთხელაც არ წაუგიათ.

"მოგეხსენებათ, ჩვენთვის "ზესტაფონი" უხერხული მეტოქეა და კარგია, რომ უსიამოვნო ტრადიცია დავარღვიეთ. მეორე წრის პირველი თამაში დაძაბული რომ იქნებოდა, ამას ველოდით. უკვე მოგვარებულია იური შეველის ტრანსფერის საკითხიც. ასევე, ველოდებით მცველს უკრაინიდან.
გამოჩნდა, რომ ფიზიკურად გაგვიჭირდა, რაც გვიანი შეკრების ბრალია და ამას თანდათან გამოვასწორებთ", - განაცხადა ნამატჩევს თემურ ლორიამ.

მართლაც, გურულებს ბოლოსკენ დაღლა დაეტყოთ, თუმცა ახალმა "ზესტაფონმა" ამით ვერ ისარგებლა. თავიდან, მასპინძლები უმეტესად მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ, რაც ადგილობრივი ახალგაზრდების - გიგა ჭეიშვილისა და ლევან ინგოროყვას აქტიურობის შედეგი იყო. სწორედ ამ უკანასკნელმა უპასა კობა შალამბერიძეს, რომლის დარტყმულიც კარს ცოტათი ასცდა.

იქვე, ინგოროყვამ ბურთი საჯარიმოსკენ ჩაჰკიდა, მცველების მოგერიებული კვლავ საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო შალამბერიძემ და ამჯერად მის უძლიერეს დარტყმას დავით კუპატაძე გადაეღობა - მეკარემ თავისიანები გოლისგან იხსნა.

ამის მერე სახიფათო მომენტები გიორგი ილურიძემ და ალეკო კოშკაძემ გაცვალეს, თუმცა უკეთესი შანსი "გურიას" მაშინ ჰქონდა, როცა ეს უკანასკნელი ვილი ისიანმა კარგად გაიყვანა გარღვევაზე, თავად კი შალამბერიძეს შეუქმნა მომენტი, მაგრამ ვერც საბოლოო დარტყმა მოხერხდა და ვერც ისიანისთვის ბურთის საგოლედ დატოვება.

მეორე ტაიმი გურულთა შტურმით დაიწყო და ყველაზე მონდომებულმა გაიტანა კიდეც. თორნიკე მოსიაშვილმა "გურიაში" დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - შალამბერიძის მიერ კუთხურიდან მოწოდებული ბურთი საჯარიმოს ხაზიდან ერთი შეხებით გაიტანა - 1:0.

ამით "გურიამ" ნავსი გატეხა - გაგიკვირდებათ და, აქამდე ლანჩხუთელებს "ზესტაფონისთვის" უმაღლესი ლიგის 5 მატჩში ერთი გოლიც არ ჰქონდათ გატანილი...

სტუმრებმა მატჩის გადარჩენა სცადეს, "გურიას" კი, როგორც ზემოთ ვთქვით, თანდათან დაღლა დაეტყო, თუმცა სტუმრებმა ამით ვერ ისარგებლეს - ირაკლი სიხარულიძემ და ილურიძემ კარს გადააცილეს.

ლანჩხუთელთა დამშვიდება ისიანს შეეძლო, როცა შალამბერიძის ჩინებული გადაცემის შემდეგ უმეთვალყურეოდ დარჩენილი თავისიანები ვერ შენიშნა, თავად კი უხეიროდ დაარტყა.

ბოლო შანსი "ზესტაფონმა" მაინც მიიღო - ზვიად სიხარულიამ, ვინც, სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ "გურიაში" ვარჯიშობდა, ბურთი ხარიხას გაარტყა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
21.02. ლანჩხუთი. ევგ. შევარდნაძე. 2000 მაყურებელი
გურია-ზესტაფონი 1:0
გოლი: 1:0 მოსიაშვილი (50. შალაბერიძის პასით)
გურია (4-5-1): თებიძე - ჭეიშვილი, კილაძე, ცინცაძე, გ. მჭედლიშვილი - ინგოროყვა, მოსიაშვილი, ღაღანიძე, კოშკაძე (83. ბენაშვილი), შალამბერიძე (90. კონოვალოვი) - ისიანი (76. მათიაშვილი).
სათადარიგოები: გოგუაძე, გოგიაშვილი, ა. რეხვიაშვილი, კუკულაძე
მწვრთნელი: თემურ ლორია
ზესტაფონი (4-4-1-1): კუპატაძე - რობაქიძე, ხიზანეიშვილი, გაგოშიძე, ლ. მჭედლიშვილი (59. ბერიძე) - მთივლიშვილი, ვასაძე, ნემსაძე (51. სიხარულია), სამუშია - ხაბელაშვილი (46. სიხარულიძე) - ილურიძე.
სათადარიგოები: მახათაძე, ლომაია, რაჟამაშვილი, ჯერემია
მწვრთნელი: გიორგი მიქაძე
გაფრთხილება: შალამბერიძე (51), მჭედლიშვილი (57), ჭეიშვილი (79), ხიზანეიშვილი (81)
არბიტრი: გ. ყრუაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ,) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი გოლი იყო მარა მერანმა ვიტელების კარსი ბევრად ულამაზესი გოლი გაიტანა აჩვენეტ თქვე მარტლა ვაი ჟურნალისტებო.
0

სიახლეები პოპულარული