ვიტ ჯორჯია-მერანი 2:2 - სამი თავი და გაყოფილი ქულები

AutoSharing Option
უცნაური, ძალიან უცნაური თამაში გამოვიდა მცხეთაში. გავიდა სამი ტყუპისცალივით გოლი, სამივე - თავით. ეს იყო მთავარი უცნაურობა, თუმცა ფრე, ალბათ, სამართლიანი შედეგი იყო.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო. სახიფათო მომენტები იშვიათად იქმნებოდა. "მერანის" გამოკვეთილი ფორვარდი საბა ლომია კი აქტიურობდა, მაგრამ ის ხშირად ხვდებოდა ოფსაიდში.

შედარებით ფრთხილი დასაწყისი ორივე გუნდის მხრიდან, ალბათ, უფრო იმით იყო გამოწვეული, რომ მოწინააღმდეგეებმა საკვანძო ფეხბურთელები მოისაკლისეს. "მერანს" არ ჰყავდა ბესიკ ჩიმაკაძე, გოგა ფიფია და კიჭი მელიავა. "ვიტ ჯორჯიამ" კი სამი ლიდერი ვერ გამოიყვანა სათამაშოდ - ნიკოლოზ მაისურაძე,
გიორგი კალანდია
და ლევან საბაძე.

ტაიმის შუაწელში თამაში შედარებით გაიხსნა, თურქეთმოვლილმა "მერანმა" უკეთესად დაიჭირა ბურთი და მალე გოლიც "გამოცხვა". კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას გიგა წურწუმიამ დაასწრო და მძლავრი თავურით ყოფილ მარტვილელ ჯონი შეროზიას შანსი არ დაუტოვა.

ტაიმის ბოლომდე "მერანს" ანგარიშში უპირატესობის გაზრდის კიდევ ერთი შანსი ჰქონდა. მეკარესთან პირისპირ გასულმა პაპუნა ფონიავამ დაახანა, რითიც საშუალება მისცა ვიტელთა ცენტრალურ მცველ გიორგი გეთიაშვილს, საფრთხე განემუხტა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი მთლიანად შეიცვალა. მართალია, "მერანმა" სეზონთაშორის პერიოდში თურქულ შეკრებას მოაბა თავი, მაგრამ მომატებით მასპინძელმა მოუმატა. საერთოდ, ზურაბ ბერიძის გუნდს ეს ზნე სდევს თან - მეორე ტაიმს პირველზე უკეთესად ატარებს ხოლმე.

63-ე წუთზე ანგარიში გათანაბრდა. "ვიტ ჯორჯიას" შეტევის მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად გაისარჯა ლუკა თათხაშვილი, რომელმაც თავზე დაასვა ბურთი ვანო კურდღელაშვილს - 1:1.

ზუსტად ოთხ წუთში "ვიტ ჯორჯიამ" კიდევ შეაგდო. როგორც ზემოთ ვთქვით, მეორე გოლი პირველის ალი-კვალი იყო. ისევ თათხაშვილმა გაილაღა მარჯვენა ფლანგზე, ისევ კარგად შენიშნა მეტოქის საჯარიმო მოედანში კარგად გახსნილი კურდღელაშვილი და ამ უკანასკნელმა პარტნიორს ეს პასიც გოლით დაუფასა - 2:1.

"ვეტერინარები" თამაშზე კონტროლს ინარჩუნებდნენ. ბერიძის გუნდს მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, საქმეს გამარჯვებამდე მიიყვანდა.

მასპინძლებმა ორი მაგარი შანსი გაატანეს ქარს. გოლის გატანის საშუალება ორივეჯერ ირაკლი ღიბრაძეს ჰქონდა (ბურთი ჯერ ძელს მოხვდა, მერე მცველებმა იყოჩაღეს), ვინც ადრევე შეცვალა დაშავებული შოთა დავლაშელიძე.

და აქ ამოქმედდა უძველესი საფეხბურთო კანონი - "ვერ გაიტან? გაგიტანენ!" შეცვლაზე შესულმა დავით პეტავამ შესანიშნავი პასი გაუკეთა აკაკი წყაროზიას, რომელმაც ვარდნაში აიღო შეროზიას კარი. აღსანიშნავია, რომ წყაროზია ქართველმა ქომაგმა სწორედ "ვიტ ჯორჯიაში" თამაშით გაიცნო.

დარჩენილ ექვს წუთში ორივე გუნდმა მოსაგებად გაიწია, თუმცა აშკარა საგოლე მომენტი აღარ შექმნილა.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XVI ტური
22.02. მცხეთა. მცხეთა პარკი. 300 მაყურებელი
ვიტ ჯორჯია-მერანი 2:2
გოლები: 0:1 წურწუმია (36. კიკნაველიძის პასით), 1:1 კურდღელაშვილი (63. თათხაშვილის პასით), 2:1 კურდღელაშვილი (67. თათხაშვილის პასით), 2:2 წყაროზია (84. პეტავას პასით)
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - თათხაშვილი, ჩიტიშვილი, გეთიაშვილი, დანელია - კახაბრიშვილი (60. ხვისტანი), დავლაშელიძე (18. ღიბრაძე), გახარია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი (75. გიორგაძე) - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, გიორგაძე, წენგუაშვილი, კალაჯიშვილი, კუხალეიშვილი
მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე
მერანი (4-5-1): მამალაძე - ი. ციცხვაია, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე - ქიქავა, წყაროზია, ფონიავა, წურწუმია (67. პეტავა), შულაია - ლომია.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, კუშნირი, დ. ციცხვაია, შანგუა, მარგველაშვილი, რუხაია
მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
გაფრთხილება: ღიბრაძე (40), თათხაშვილი (44)
არბიტრი: ი. კვირიკაშვილი

ბომბარდირები:
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ი. მოდებაძე (დილა) 8
ო. კვერნაძე (ტორპედო) 7
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 7
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 6
შ. ლომია (ზუგდიდი) 5
თ. მუმლაძე (ჩიხურა) 5
ნ. საბანაძე (დინ. თბ/ტორპ) 5
კ. შალამბერიძე (გურია) 5
დ. ცნობილაძე (მეტალ./სიონი) 5
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

მომდევნო მატჩები
XVII ტური
28 თებერვალი, შაბათი
კოლხეთი-დინამო (ბთ)
შუქურა-გურია

1-ლი მარტი, კვირა
მეტალურგი-ზუგდიდი
სიონი-დინამო (თბ)
ვიტ ჯორჯია-სამტრედია
ზესტაფონი-ჩიხურა
დილა-ტორპედო
მერანი-ცხინვალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ შეაგდო მართლა მაგარია\.
saba
17:30 25-02-2015
0
ტურის საუკეთესო გოლია წყალი არ გაუა.
baba
16:09 27-02-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული