სადებიუტო სუპერგოლი - ინტერვიუ თორნიკე მოსიაშვილთან [VIDEO]

AutoSharing Option
განახლებული სეზონის პირველი გოლის ავტორი აღმოჩნდა თორნიკე მოსიაშვილი, რომელმაც "გურია"-"ზესტაფონის" მატჩში სტუმარს 50-ე წუთზე გაუტანა (პარალელურ შეხვედრაში ზუგდიდელმა ირაკლი ქობალიამ "შუქურას" კარი 66-ე წუთზე აიღო).


ამით 23 წლის მოსიაშვილმა "გურიაში" დებიუტი აღნიშნა.
ის 17 წლის იყო, როცა "გაგრაში" თორნიკე ოქრიაშვილთან ერთად გამოჩნდა და ძირითად შემადგენლობას გაუშინაურდა, მაგრამ მერე გუნდში უკრაინელი მწვრთნელი ანატოლი პისკოვეცი მივიდა, რომელმაც მის პოზიციაზე გამოცდილი მიკოლა ნაკონეჩნი ჩამოიყვანა.

ამის მერე მოსიაშვილმა რამდენიმე გუნდი შეიცვალა - "ზოოვეტი", ფოთის "კოლხეთი",
მარნეულის "ალგეთი"... "სამტრედია" უმაღლეს ლიგაში რომ გადავიდა, ამაშიც დაიდო წილი, მიმდინარე სეზონი კი პირველი ლიგის "ჭიათურაში" (რომელიც ახლა ლიდერებშია) დაიწყო, სადაც გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ.

"ზესტაფონთან" მოსიაშვილმა "გურიას" 3 ქულა ლამაზი და ეფექტური გოლით მოუტანა: კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მიწაზე დაშვება არ აცალა, საჯარიმოს ხაზიდან ამოსცხო ფეხი და "ცხრიანში" გაახვია.

"პირველი მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდი და ასეთმა წარმატებულმა დებიუტმა ძალიან გამახარა. "გურიაში" კარგი შემადგენლობა შეიკრიბა და იმედია, მოვუმატებთ. ცხრილში სიმჭიდროვეა, პოზიციებს შორის სხვაობა თითო ქულაა და ამიტომ თითოეულ ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

კარგია, რომ "კოლხეთს", "მეტალურგს", "ზუგდიდსა" და "ვიტ ჯორჯიას" შინ ვეთამაშებით. ეს უკეთესი ადგილის დაკავების შანსს გვიზრდის", - ამბობს გურულთა ახალწვეული.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა "ჭიათურიდან" წამოსვლის მიზეზებზეც ილაპარაკა:

"პირველი ლიგის ერთ-ერთ ლიდერ კლუბში ვიყავი. ხვიჩა ქასრაშვილმა კარგი გუნდი ჩამოაყალიბა და "საბურთალოსთან" ჩამორჩენის მიუხედავად, მაინც პირველი ადგილისთვის ვიბრძოდით. მაგრამ ზამთარში კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა. ბიუჯეტის გაზრდას ვინ ჩივის, გამგეობამ მისი შემცირება გადაწყვიტა.

მერე კლუბის დირექტორი ბადრი ბრეგვაძე მოხსნეს, 3-4 ლიდერიც და ქასრაშვილი წავიდნენ და გუნდმა ამბიცია დაკარგა. ამ დროს "გურიის" წარმომადგენელი დამიკავშირდა.

გამიხარდა, რადგან უმაღლეს ლიგაში თამაში მსურდა. თანაც, "გურიაში" ადრეც მითამაშია და ჩემთვის უცხო გუნდი არ არის".

მოსიაშვილი ჰყვება იმაზეც, თუ რა გადაიტანა "გაგრიდან" წამოსვლის შემდეგ:

"იქ ვთამაშობდი და ვგრძნობდი, რომ ვუმატებდი. თასის ფინალში რომ გავედით, მაშინ თითქმის ყველა შეხვედრა ჩავატარე, მაგრამ "ტორპედოსთან" საფინალო განაცხადშიც არ მოვხვდი იმიტომ, რომ პისკოვეცმა გამოცდილი უკრაინელი მამჯობინა.

ბარგი ჩავალაგე და წამოვედი. რთული იყო ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ უთამაშებლობას პირველ ლიგაში თამაში მერჩივნა.

არც მინანია, საკმაოდ დიდი გამოცდილება დამიგროვდა და ახლა უმაღლესი ლიგის გუნდში თავის დამკვიდრების მეტი იმედი მაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული